გაფრთხილება: სტატია შეიცავს სენსიტიურ მასალას
20 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებელმა Рина Райская-მ ჯგუფში Russian Canada-Русская Канада, Pravda.ru -ს სტატია გადააზიარა. Სტატიის მიხედვით, უკრაინაში ბუჩაში აღმოჩენილი გვამები მომგებიანი ბიზნესი გახდა და მას ტურისტულ ობიექტად იყენებენ, რის გამოც ისინი დროულად არ დაკრძალეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა გარდაცვლილების იდენტიფიცირებას არ ახდენს და ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.
pravda.ru-ს სტატიაში უკრიანელი ფოტოჟურნალისტის-ანასტასია ვლასოვას გადაღებული ფოტოა ჩასმული, აღწერაში კი მითითებულია, რომ დაკრძალვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედრები ბუჩას მორგში 18 აპრილს მიიტანეს, რაც გამოცემის მიხედვით, ნიშნავს რომ ცხედრები ჯერ კიდევ არ დაუმარხავთ.
პიოტრ ერმილინი, Pravda.ru: “როგორ აიხსნება, რომ სამი კვირის შემდეგ, ცხედრები ჯერ კიდევ არ დაუმარხავთ, მხოლოდ მორგში წაიღეს… მსოფლიო პრაქტიკაში ჩვეულებრივად ქვეყნდება გარდაცვლილთა სახელები, გვარები, მათი საცხოვრებელი ადგილები, რათა ხალხმა პატივი მიაგოს მათ ხსოვნას. რატომ არ გააკეთა ეს ზელენსკიმ ბუჩას შემთხვევაში?”
pravda.ru -ს მტკიცება, თითქოს ბუჩაში აღმოჩენილ გვამებს ტურისტულ ობიექტებად იყენებენ და სპეციალურად არ მარხავენ დეზინფორმაციაა. რეალურად, სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედრები ექსპერტიზაზე 8 აპრილიდან გადააქვთ. ცხედრების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რადგან ახალი გვამების აღმოჩენა ხდება. ასევე, ტყუილია მტკიცებაც, თითქოს გვამების იდენტიფიცირება არ ხდება და სწორედ ამიტომ არ ასაჯაროვებენ მათ მონაცემებს. მედიაში არაერთი იდენტიფიცირებული მოკლული სამოქალაქო პირის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა გვამების მეოთხედი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული.
31 მარტს, მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები ბუჩადან გავიდნენ, კიევის შემოგარენში ასობით სამოქალაქო პირის გვამი იპოვეს. ბუჩას მერის განცხადებით, ბუჩაში 403 ცხედარია ნაპოვნი. ცხედრები კიევის რეგიონში სასამართლო ექსპერტებს გადასცეს. ეს პროცესი 8 აპრილს დაიწყო.
„ცხედრები გამოძიებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გადაეცემა ”, – განაცხადა კიევის რეგიონალური პოლიციის უფროსმა ანდრეი ნიებიტოვმა, France 24 -თან კომენტარში, 8 აპრილს.
აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა ამოცნობისა და დოკუმენტირების პროცედურა დაწყებულია, თუმცა, გვამების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და მათი იდენტიფიცირებაც დროთა განმავლობაში ხდება.

ბუჩაში მოკლული სამოქალაქო პირები
ბუჩას გათავისუფლების დღიდან ოჯახის წევრები თავიანთ დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ცხედრების ამოცნობა ეტაპობრივად ხდება და მათ შესახებ ინფორმაცია მედიაშიც ვრცელდება.
ბუჩაში მოკლულებს შორისაა 30 წლის ყოფილი შეფ-მზარეული – ვიტალი ბრეჟნევი, რომელიც მისმა ძმამ ამოიცნო. სერგეი ბრეჟნევი ერთი თვის განმავლობაში ეძებდა ძმას. ვიტალი ბრეჟნევი 11 აპრილს დაკრძალეს.

მოკლული უკრაინელების ფოტოებს შორის, ერთ-ერთ ფოტოზე მსხვერპლი ქალი ვიზაჟისტმა ანასტასია სუბაჩევამ ფრჩხილების გელლაქით ამოიცნო. ფოტოზე გამოსახული ქალი 52 წლის ირინა ფილკინაა.

კიდევ ერთი გარდაცვლილი 79 წლის ლუდმილა ბოჩოკია, რომელიც გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, 5 მარტს თავში და ზურგში მიყენებული ტყვიით დაიღუპა.
გარდა ქუჩებში ნაპოვნი ცხედრებისა, ბუჩაში მასობრივი საფლავებიც აღმოაჩინეს, სადაც ასევე მოკლული სამოქალაქო პირები იყვნენ დაკრძალული. ერთ-ერთი ასეთი საფლავი 13 აპრილს გათხარეს და 17 ცხედარი აღმოაჩინეს.

დოიჩე ველეს 12 აპრილის სტატიაში ასევე ვხვდებით სიუჟეტს, რომელშიც ბუჩაში ნაპოვნი ცხედრების დაკრძალვაზე მოგვითხრობენ.

ფოტოჟურნალისტმა ანასტასია ვლასოვამ 18 აპრილს დაკრძალვის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოების წარწერებიდან ვიგებთ, რომ მღვდელი აღავლენს პანაშვიდს 61 წლის მიკოლა სამოილენკოს, 75 წლის ლუდმილა ბოჩოკის და 70 წლის ნინა ბოჩოკისთვის, რომლებიც ბუჩაში მოკლული იპოვეს.

დაკრძალვის ამსახველ ვიდეომასალას 19 აპრილს ევრონიუსიც ავრცელებს. Შესაბამისად, დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს მოკლულთა იდენტიფიცირება და დაკრძალვა არ ხდება.
გამოძიება ბუჩას ტრაგედიაზე
ცხედრების შეგროვება 3 აპრილს დაიწყო, ექსპერტიზები კი 8 აპრილიდან მიმდინარეობს. უკრაინის გენერალური პროკურატურა ახლა სათითაოდ აგროვებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს, მოწმეებსა და თვითმხილველებს.
გენერალური პროკურორის – ირინა ვენედიქტოვას შეფასებით, ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ქვეყანა დაახლოებით 50 000 გამომძიებელს ხუთი სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებიდან იყენებს. ისინი ინტერვიუებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ და აგროვებენ მტკიცებულებებს რუსეთის წინააღმდეგ. პეროვსკი ერთ-ერთია იმ 50 000-ზე მეტ ადამიანს შორის, რომელიც რუსეთის პოტენციურ სამხედრო დანაშაულებს იძიებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. Მას დღეში დაახლოებით 10 გვამის გაჭრა უწევს.
„ეს მორგები ამ რაოდენობის ცხედრებისთვის არ იყო შექმნილი “, – ამბობს პეროვსკი, ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში.
გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტებიც არიან ჩართული. 13 აპრილს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა დანაშაულის ადგილია.
“ჩვენ უნდა გავარღვიოთ ომის ნისლი, რათა მივიდეთ სიმართლემდე. ეს მოითხოვს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას”, – თქვა კარიმ ხანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწემ განაცხადა, რომ აშშ-მა, იაპონიამ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას გამოძიების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადეს. ასევე, 11 აპრილს საფრანგეთიდან სპეციალისტები უკრაინაში ჩავიდნენ, რათა ხელისუფლებას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარონ.
გაეროს ადამიანთა უფლებების კომისრის ოფისის 19 აპრილის მონაცემებით უკრაინაში 2104 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 71 ბავშვი დაიღუპა, გვამების აღმოჩენა კი დღემდე ხდება.
ვლადიმირ პუტინმა ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში უკრაინის მიერ დამნაშავედ დასახელებული ბრიგადა სიმამაცისთვის დააჯილდოვა
თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის ჯარები ომის დამნაშავებად დააასახელა. Რუსეთი ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობას უარყოფს. Მეტიც, ცხედრებს ყალბს და დადგმულს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ ბრიგადას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა. ორშაბათს, ხელმოწერილ წერილში პუტინმა ქვედანაყოფს „რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ გამოჩენილი გმირობა შეუქო და „გვარდიის“ წოდება მიანიჭა.
კრემლისტური აქტორები ბუჩაში მომხდარ მოვლენებში რუსეთი ბრალეულობას პერიოდულად უარყოფენ. იხილეთ ამ თემაზე გადამოწმებული მასალები:
- კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ
- დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთმა ბუჩასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა დაბლოკა
- პრორუსული FB ანგარიშები უკრაინის ეროვნული პოლიციის ვიდეოს ბუჩას ტრაგედიის უარყოფისთვის იყენებენ
- ვინ ამტკიცებს, რომ ბუჩადან გავრცელებულ კადრებზე გვამები მოგვიანებით “დაამატეს”?
- ბუჩის ტრაგედიის უარყოფა – ვინ აყენებს ეჭვქვეშ გამოძიების მტკიცებულებებს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.