30 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანო” გაეროს ნაციზმთან ბრძოლისა და მისი ჰეროიზაციის საწინაღმდეგო რეზოლუციის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას 49 სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მ და უკრაინამ, მხარი არ დაუჭირა. ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს “პოლიტიკურ ისთებლიშმენტს და მულტინაციონალურ კორპორაციებს” ნაცისტურ გერმანიასთან “საკმაოდ თბილი ურთიერთობები ჰქონდათ,” რისი გამოძახილიც, როგორც ჩანს, დღესაც შემორჩა. ტექსტთან ერთად გამოქვეყნებულია მიმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და აშშ ნაციზმის განდიდების შეწყვეტაზე უარს ამბობენ.
მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ და უკრაინა ნაციზმის განდიდებას უჭერენ მხარს, მანიპულაციურია, ხოლო ინფორმაცია გაეროს რეზოლუციის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი აშშ-მა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის არსებობით ახსნა, ხოლო უკრაინულმა მხარემ უარი იმის გამო განაცხადა, რომ რეზოლუცია კომუნისტური რეჟიმის დანაშაულებებს არ გმობს, თუმცა აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღებაზე უარი ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერას არ ნიშნავს.
ნაციზმის განდიდების საწინააღდეგო რეზოლუციას გაეროს გენერალური ანსამბლეა 2012 წლიდან ყოველწლიურად განიხილავს. 2016 წლის 17 ნოემბერის კენჭისყრით რეზოლუციას 131-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო სამი ქვეყანა: აშშ, უკრაინა და პალაუ შეეწინააღმდეგა. 2018 წელს მოწინააღმდეგეთა შორის მხოლოდ აშშ და უკრაინა იყვნენ. აშშ-მ და უკრაინამ რეზოლუციის მიღებაზე კიდევ ერთი უარი 2021 წლის ნოემბერშიც განაცხადეს. ქვეყნების წარმომადგენლები რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარს შემდეგნაირად განმარტავენ:
აშშ: გაეროში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ რეზოლუცია პოლიტიზებულია და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას ხელს უშლის. განმარტებაში ასევე აღინიშნულია, რომ აშშ არ იცავს ნაცისტურ იდეოლოგიას და რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის ყოველნაირ გამოვლინებას გმობს.
უკრაინა: 2017 წელს უკრაინის წარმომადგენლმა განმარტა, რომ უარი იმით იყო განპირობებული, რომ რეზოლუცია სტალინის რეჟიმის დანაშაულებებს არ გმობს. 2018 წელს კი გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელმა შეიტანა წვლილი ნაციზმზე გამარჯვებაში. მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტი არ არის ბერკეტი ნაციზმის წინააღმდეგ და სხებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. წარმომადგენელმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაციზმის წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერა მაშინ, როცა ის სხვა ერების წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადის, ცინიკურია. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ რეზოლუციას პროპაგანდისტული მოტივები აქვს.
პოლიტიკანოს აღნიშნული პოსტი 4-5 იანვარს დასპონსორებით ვრცელდებოდა.
მტკიცებები უკრაინისა და აშშ-ს მიერ ნაციზმის მხარდაჭერის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:
- განმეორებითი ტყუილი, თითქოს აშშ და უკრაინა ნაციზმს მხარს უჭერენ
- “საქინფორმის” ფოტომანიპულაცია აშშ-სა და უკრაინას ნაციზმის მხარდამჭერებად წარმოაჩენს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.