პოლიტიკანოს ვებ-გვერდზე 14 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: „ევროკავშირის ჩამოყალიბების გეგმა ნაცისტურ გერმანიაში შეიქმნა“. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ნაცისტური პროექტია და ის დემოკრატიის ნაკლებობას განიცდის.
პოლიტიკანო: „ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის შექმნაში გერმანელმა ნაცისტებმა შეიტანეს… მაგალითისთვის ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი, ვოლტერ ჰალშტეინი სხვადასხვა ნაცისტური ორგანიზაციების აქტიური წევრი და ჰიტლერის არმიის მსახური იყო. 1942 წელს, მაშინ როდესაც გერმანელებს ჯერ კიდევ ეგონათ რომ გაიმარჯვებდნენ II მსოფლიო ომში, მათ მოამზადეს სპეციალური დოკუმენტი სახელწოდებით Europaische Wirtschafts Gemeinschaft, რაც ითარგმნება როგორც ევროპული ეკონომიკური კავშირი…1942 წელს ნაცისტურ გერმანიაში შემუშავებული «ევროპული ეკონომიკური კავშირის» ძირითადი გეგმა ძალიან წააგავდა რომის ხელშეკრულებას, სადაც 1957 წელს ხელი მოეწერა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებას. .. ის, რაც 1957 წელს შეიქმნა «ევროპის ეკონომიკური გაერთიანების» სახელწოდებით იმ ხალხის მიერ იყო პროექტირებული, რომლებიც ევროპის მართვის სადვეებთან იქნებოდნენ II მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში…ნაცისტების ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული ინტეგრაციის ლიბერალურ ვერსიას“
“პოლიტიკანოს” მტკიცება, თითქოს ევროკავშირის შექმნის გეგმა ნაცისტებს ეკუთვნით უსაფუძვლოა და ყალბ რუსულ წყაროს (Katehon) ეყრდნობა. Katehon-ის პრეზიდენტი კონსტანტინ მალოფეევი რუსი ბიზნესმენი, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და დონბასსა და ყირიმში სეპარატისტულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
ფაქტი 1. ევროპული გაერთიანების დამფუძნებლებს კავშირი არ აქვთ ნაცისტებთან.
1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა – გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო – ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. სწორედ ამ გაერთიანებამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ევროკავშირის შექმნას. ევროკავშირის დამფუძნებლებად მიჩნეულია გერმანული წარმოშობის კორნარდ ადენაუერი, უოლტერ ჰოლშტეინი, ლუქსემბურგელი პოლიტიკოსი ჯოზეფ ბეხი, ბელგიელი პოლ-ჰენრი სპააკი, იტალიელი ალტიერო სპინელი ფრანგი ჟან მონე, რობერტ შუმანი და სხვა, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა კავშირი გერმანულ ნაციზმთან.
სტატიის ავტორის მტკიცება, რომ უოლტერ ჰალშტეინი ნაცისტი იყო და ევროკავშირის პროექტი ნაცისტებს ეკუთვნით, უსაფუძვლოა. უოლტერ ჰალშტეინი წარმატებული გერმანელი მეცნიერი და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელიც გამოირჩეოდა ნაციზმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით და არასდეს ყოფილა ნაცისტური პარტიის წევრი. 1942 წელს ის ნაცისტურმა რეჟიმმა ჯარში გაიწვია, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ამერიკელ სამხედროებს და ტყვეთა ბანაკში უნივერსიტეტი დააფუძნა. EU vs Disifno-ის თანახმად, ჰალშტაინის ნაციზმთან კავშირზე მითი ჩეხურ მედიაშიც ვრცელდებოდა.
ფაქტი 2. ნაცისტური პროექტი და თანამედროვე ევროკავშირი ურთიერთგამომრიცხავ ღირებულებებსა და პრინციპებს გულისხმობს.
ევროპის ერთიანობის იდეა პირველად კანტის ნაშრომში „მარადიული მშვიდობა“ (1795 წ.) გახმოვანდა. ვიქტორ ჰიუგო კი ბევრად შორს წავიდა და 1849 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ტერმინი „ევროპის გაერთიანებული შტატები“ წამოაყენა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი გაჩნდა მცდელობები საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მსოფლიოში მშვიდობა დაემყარებინათ, რაც საბოლოოდ თანამედროვე ევროკავშირის იდეის საფუძველი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობის იდეაზე ისაუბრა.
ნაცისტური კონცეფცია ერთიანი ევროპის შესახებ გერმანიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ეფექტიანად მართვას ისახავდა მიზნად. ჰიტლერის მიზანი ევროპის კონტინენტის, შემდეგ კი სრულიად მსოფლიოს დაპყრობა იყო. მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთის ნაწილი, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია და ნიდერლანდები სწრაფად დაიპყრო, ნაცისტური ხელისუფლების დღის წესრიგში ევროპაზე კონტროლის განხორციელებისა და მისი ეფექტურად მართვის საკითხი დადგა. ამ პერიოდში გერმანიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სამართავად სხვადასხვა პროექტები იქმნებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი 1942 წელს მომზადებული დოკუმენტი, სახელწოდებით Europaische Wirtschafts Gemeinschaft (ევროპული ეკონომიკური კავშირი) იყო.. თუმცა, არ არსებობს ისტორიული მტკიცებულება, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პროექტი განხორციელდებოდა. ასევე, სტატიაში ნახსენებია მეორე დოკუმენტი – 1972 წელს გერჰარდ ჰაასის და ვოლფგან შუმანის მიერ აღმოსავლეთ გერმანიაში გამოქვეყნებული კრებული, სახელად “აგრესიის ანატომია: ახალი დოკუმენტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული იმპერიალიზმის სამხედრო გეგმებს ეხება [The Anatomy of Aggression: New documents concerning the military goals of German imperialism during the Second World War]. აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია ულტრამემარჯვენე, ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდისათვის გამიზნული ვებ-გვერდების გარდა, არსად იძებნება.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში, ნაცისტური გერმანიის მიერ გაერთიანებული ევროპა სრულიად განსხვავებული იქნებოდა დღევანდელი ევროკავშირისაგან:
წყაროს შესახებ
პოლიტიკანოს წყაროდ კრემლისტური არასამთავრობო ორგანიზაციის (think tank)- Katehon-ის სტატია აქვს მითითებული. Katehon-ის პრეზიდენტი კონსტანტინ მალოფეევი რუსი ოლიგარქი, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია და დონბასში სეპარატისტულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, აფინანსებდა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა მალოფეევი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა. ინდივიდების სიაში შეიყვანეს. Katehon-ის მმართველ ბორდში, ასევე, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი სერგეი გლაზიევი და ქართული წარმოშობის ზურაბ ჭავჭავაძეა, რომელიც, ამავდროულად მალოფეევის მიერ დაფინანსებულ “წმინდა ბასილი დიდის“ სახელობის სკოლის დირექტორია, სადაც ახალგაზრდებს მომავალი “რუსული მონარქიისთვის” ამზადებენ.
იდენტური წყაროები
ევროკავშირის ნაცისტური პროექტის შესახებ მითი განსაკუთრებით აქტუალური ბრექსიტის შემდეგ გახდა და კრემლისტური და ულტრამემარჯვენე მედია საშუალებებით ვრცელდებოდა:
Geopolitica.ru – ვებ -გვერდის დამფუძნებელი არის ლეონიდ სავინი, რომელიც ამავდროულად რუსული ექსპანსიონისტური იდეოლოგიის გამავრცელებელი, ალექსადრე დუგინის მიერ დაფუძნებული ევრიაზიული ახალგაზრდული გაერთიანების ხელმძღვანელია და მაკედონიაში რუსული პროპაგანდის რუპორია. ვებ-გვერდი საკუთარ მისიად არსებული იდეოლოგიების წინააღმდეგეობას და “მეოთხე იდეოლოგიის” ჩამოყალიბებას ასახელებს .
Sputnik.az – რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანულად გამოიცემა.
Reject-the-eu.co.uk – ვებ-გვერდი მიზნად ისახავს ევროკავშირის ნაციზმთან დაკავშირების წარმოჩენას და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკაშირის დატოვების მხარდაჭერას.
Eu-facts.org – ვებ-გვერდი მიზნად ისახავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციის გავრცელებას და ევროკავშირის ნაციზმთან კავშირის გამოვლენას.
Infowars.com – ცნობილი ამერიკული ულტრა-მემარჯვენე მიმართულების ვებ-გვერდია, რომელიც შეთქმულების თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.