“პოლიტიკანო” კოსოვოში ნატოს ინტერვენციის და რუსული ოკუპაციის გათანაბრებას მანიპულაციურად ცდილობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

221
VIEWS

2022 წლის 10 იანვარს Facebook გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ნატოსა და რუსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა. პოლიტიკანოს პოსტის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არსად არასდროს შეჭრილა. პოსტის შემდგომ ნაწილში პოლიტიკანომ კოსოვოს კრიზის შესახებ ისაუბრა, რითიც ნატოს მიერ სერბეთში ინტერვენცია და რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მსგავს მოვლენებად წარმოაჩინა.

"
პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული პოსტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მანიპულაციური ინტერპრეტაციას ახდენს და მის რეალურ განცხადებას არ შეესაბემა. მანიპულაციურია ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ნატოს მიერ კოსოვოში ინტერვენციის იდენტურად წარმოჩენა, განსხვავებული კონტექსტის გამო. 

  • ენტონი ბლინკენის რეალური განცხადება

2022 წლის 5 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებით ნატოს წინააღმდეგ რუსეთის იმ განცხადებებს უპასუხა, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ნატოს ღია კარის პოლიტიკას რუსეთისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს. ბლინკენის თქმით, არა ნატო, არამედ რუსეთია სწორედ ის, ვინც უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოლდოვაში ძალები შეიყვანა.

ენტონი ბლინკენი: „რუსები ნატოს მხრიდან საფრთხეზე ჩივიან, თუმცა ნატო არ შეჭრილა უკრაინაში – რუსეთი შეიჭრა; ნატო არ შეჭრილა საქართველოში – რუსეთი შეიჭრა; ნატოს არ დაუტოვებია თავისი ძალები მოლდოვაში – რუსეთმა დატოვა. ასე რომ, თუ ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოწვევა არსებობს, ეს არა ნატოსგან, არამედ რუსეთისგან მოდის“.

"
ენტონი ბლინკენის განცხადების ამონარიდი სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერის გვერდზე

პოლიტიკანოს პოსტში ბლინკენის განცხადება მანიპულაციურად არის წარმოჩენილი. ბლინკენის შეფასებიდან გამოტოვებულია ის ნაწილი, რომელიც რუსეთის პასუხისმგებლობას შეეხება და არც უკრაინა, არც საქართველო ან   მოლდოვაა ნახსენები. განცხადება ზოგადად ნატოს ისტორიაზეა განზოგადებული, რასაც პოსტის ავტორი შემდგომში კოსოვოს საკითხის წამოჭრისთვის იყენებს, რათა რუსეთისა და ნატოს ქმედებები ერთმანეთს გაუტოლოს.

  • რუსული ოკუპაცია და ნატოს მიერ კოსოვოში ინტერვენცია

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს და მაგალითად, აფხაზეთის კონფლიქტები ერთი მხრივ მსგავსია და ორივე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოიშვა, მათ შორის მაინც არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები, რაც რუსეთისა და ნატოს გათანაბრების შესაძლებლობას არ გვაძლევს.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, განვიხილოთ წინაპირობები, რომლებიც კონფლიქტებს წინ უძღვოდა და შევაფასოთ, რამდენად ლეგიტიმური იყო ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა გადადგეს.

თვითგამორკვევის წინაპირობები, ერთი მხრივ, კოსოვოში და მეორე მხრივ აფხაზეთსა და ყირიმში განსხვავებული იყო. აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა აფხაზთა წარმომადგენლობა ადგილობრივ ორგანოებში, რაც მათ თანასწორუფლებიანობას ამყარებდა. აფხაზეთში არსებული საკანონდმებლო ორგანო 65 დეპუტატისგან შედგებოდა. მათგან 28 ადგილი სწორედ აფხაზებს მიეცათ, 26 – ქართველებს და 11 – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. აფხაზების უპირატესობასთან ერთად დღის წესრიგში არ იდგა იმის საფრთხე, რომ აფხაზებს ან მათ კულტურას გარკვეული საფრთხე დაემუქრებოდა თბილისის მხდრიდან. ასეთივე მდგომარეობა არსებობდა ყირიმში. მართალია, რუსეთი არწმუნებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყირიმელებს ოფიციალური კიევისგან საფრთხე ემუქრებოდათ, თუმცა რეალურად ეს უსაფუძვლო ვარაუდი და ბრალდება იყო.

კოსოვოს შემთხვევაში კოსოვარი ალბანელები აფხაზებისგან და ყირიმელებისგან განსხვავებით მართლაც იდგნენ ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის მხრიდან, კერძოდ, პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი მათ შეიარაღებული სეცესიის გარდა სხვა გზას არ უტოვებდა თვითგამორკვევისთვის და მათ ეთნიკურ იდენტობას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იქამდე სანამ კონფლიქტში ნატო ჩაერეოდა, მილოშევიჩის მხრიდან კოსოვარი ალბანელების წინააღმდეგ სხვადასხვა ნაბიჯი იქნა გადადგმული:

  • 1998-1999 წლებში კოსოვოში სერბეთის მთავრობის პოლიტიკას 2000-ზე ადამიანი შეეწირა;
  • 1998 წლის ზაფხულში 250 000-მდე კოსოვარი ალბანელი გააახლეს საკუთარი სახლებიდან;
  • UNHCR-ის დასკვნით, 1999 წლის აპრილისთვის ეთნიკურმა წმენდამ ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვია. ალბანეთში 226 000, მაკედონიაში 125 000 ხოლო მონტენეგროში 33 000 ლტოლვილი შევიდა. 1999 წლის მაისისთვის უშუალოდ კოსოვში უსახლკაროდ დარჩა 580 000 ადამიანი;
  • 1999 წლის მაისისთვის 1.5 მილიონი ადამიანს, ანუ კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს საკუთარი სახლი დაატოვებინეს. 225 000 კოსოვარი ალბანელი ითვლება დაკარგულად. მინიმუმ 5000 კოსოვარი კი მოკლეს.

"
ალბანელების დეპორტაცია ბელგრადიდან

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩარევა კონფლიქტში სწორედ იმ მიზნით იყო განპირობებული, რომ კოსოვარი ალბანელების დაცვა მომხდარიყო, ხოლო კონფლიქტი და მათი დევნა კი სამუდამოდ შეჩერებულიყო. რუსეთის შემთხვევაში კი, მიზანი არა რომელიმე კონკრეტული ეთნოსის დაცვა, არამედ ტერიტორიების ოკუპაცია იყო.

ამასთანავე განსხვავებულია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გზები, განსაკუთრებით კი თუ შევადარებთ აფხაზეთსა და კოსოვოს. აფხაზეთის შემთხვევაში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სხვა ერის ეთნოწმენდით განხორციელდა, კერძოდ კი ეთნიკურად ქართველების, ხოლო კოსოვოს შემთხვევაში ასეთი წმენდის მსხვერპლი მხოლოდ კოსოვარი ალბანელები იყვნენ.

ამასთანავე არსებობს პროცესის განხორციელების რიგი განსხვავებები კოსოვოსა და ყირიმის მოვლენებს შორისაც. ყირიმის შემთხვევაში შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დაიკავეს პარლამენტის შენობა და პრემიერ-მინისტრი აიძულეს, რომ გადამდგარიყო. მიუხედავად შემდგომ არჩევნებში სეპარატისტების კრახისა, რუსეთმა აქტიურად დაიწყო საკუთარი არმიის შეყვანა ყირიმის ტერიტორიაზე.

ასევე განსხვავებული იყო ეთნიკური შემადგენლობა კოსოვოსა და ყირიმს შორის. ყირიმში მართალია 60%-ს ეთნიკურად რუსები წარმოადგენდნენ, თუმცა მოსახლეობის 40%-ს უკრაინელები და ყირიმელი თათრები შეადგენდნენ, კოსოვოს შემთხვევაში კი კოსოვარი ალბანელები მოსახლეობის 88% იყვნენ.

განსხვავებული იყო მიზანიც. თუ კოსოვარი ალბანელები რეალური დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ყირიმის შემთხვევაში მოვლენები ასე არ განვითარდა, რადგან ყირიმელი სეპარატისტები რუსეთთან შეერთებისკენ იღვწოდნენ. ყირიმის რეფერენდუმის ბიულეტენში ხალხს დამოუკიდებლობის არჩევანთან ერთად, რუსეთთან შეერთების არჩევანიც დახვდა. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში არ იყო მესამე გზა – სტატუს-კვოს შენარჩუნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, კოსოვო, ნატო, რუსეთი
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist