PLANDEMIC – კონსპირაციული ვიდეო, რომელიც ფეისბუქმა და იუთუბმა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის წაშალეს

PLANDEMIC – კონსპირაციული ვიდეო, რომელიც ფეისბუქმა და იუთუბმა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის წაშალეს

29 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის შესაბამისი მტკიცებულება არსებობს. ამ მოსაზრების დასადასტურებლად, ავტორს სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავს, ერთ-ერთ არგუმენტად ის “დოკუმენტურ ფილმს”, სახელწოდებით PLANDEMIC-ს ასახელებს. პოსტში ვკითხულობთ, რომ PLANDEMIC-მა COVID-19-ის „დანაშაულებრივი ოპერაცია“ ამხილა.

;

ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ახლავს ფოტოკოლაჟი, რომლებზეც ქუჩაში შეკრებილი ხალხი ჩანს. პოსტში კი ნახსენებია მასობრივი საპროტესტო აქციები ევროპაში, რომლებსაც ორგანიზებას გერმანელ ექიმთა გაერთიანება “ექიმები ინფორმაციისთვის” უწევს, პოსტის ავტორის თქმით, აღნიშნული გაერთიანება მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია თაღლითობაა. მათ მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ აქციად კი 2020 წლის 29 აგვისტოს რამდენიმე მილიონი ადამიანის საპროტესტო შეკრებაა დასახელებული.

1 დეკემბერს იდენტური პოსტი ფეისბუქ-პროფილმა Georgian Page ჯგუფ ✅🇬🇪პროქართული🇬🇪✅– ში გამოაქვეყნა. პოსტების ბოლოს წყაროდ ინგლისურენოვანი ბლოგის ბმულია მითითებული. ბლოგზე,  სახელწოდებით Madison Area Lyme Support Group ქართულენოვანი პოსტის იდენტური ტექსტი ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული.

9 დეკემბრის მდგომარეობით, „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ პოსტს 316 გაზიარება აქვს, ჯგუფ ✅🇬🇪პროქართული🇬🇪✅- ში გამოქვეყნებულ პოსტს კი – 126.

ვიდეო PLANDEMIC, რომელსაც პოსტის ავტორი დოკუმენტურ ფილმად მოიხსენიებს, ამჟამად წაშლილია, თუმცა ღია წყაროებით იძებნება, რომ მასში ყოფილი სამედიცინო მკვლევარი ჯუდი მიკოვიცი კორონავირუსის შესახებ შემდეგ მტკიცებებს ავითარებდა:

  • გრიპის ვაქცინით ორგანიზმში კორონავირუსი შეჰყავთ
  • ჰიდროქსიქოლოროქვინი „ვირუსების ამ ოჯახის წინააღმდეგ ეფექტურია“
  •  პირბადის ტარებით ადამიანი თავს იინფიცირებს
  • კორონავირუსი ზედაპირებზე 1 საათზე მეტხანს არ ცოცხლობს
  • ახალი კორონავირუსი ბუნებრივი არაა, ის ლაბორატორიაში შეიქმნა.

გარდა ამისა, უშუალოდ პოსტში კორონავირუსის შესახებ შემდეგი მტკიცებებია მოყვანილი:

  • რიჩარდ როტშილდმა “სისტემა და მეთოდი COVID-19- ის ტესტირებისთვის” 2015 წელს დააპატენტა.
  • 2017 და 2018 წლებში World Integrated Trade Solution (WITS) -ზე COVID-19-ის მილიონობით ტესტი გაიყიდა.
  • მსოფლიო ბანკმა “COVID-19-ის პროექტი” 2025 წლამდე განსაზღვრა
  • 2019 წელს ჩატარებული “ღონისძიება 201” კორონავირუსისთვის მოსამზადებელი ვარჯიში იყო

PLANDEMIC-ში გაჟღერებული მტკიცებებიდან 2 კონსპირაციაა, 2 მტკიცებულების გარეშეა, 1 კი მცდარია. 1. კონსპირაციაა, თითქოს გრიპის ვაქცინით ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი შეჰყავთ და ის, რომ კორონავირუსი ლაბორატორიულადაა შექმნილი; 2. მტკიცებულების გარეშეა განცხადება, რომ ჰიდროქსიქლოროქვინი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანია და პირბადის ტარებით ადამიანი საკუთარ თავს იინფიცირებს. 3. მცდარია განცხადება, რომ კორონავირუსი ზედაპირზე 1 საათზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს, ჯანმოს ინფორმაციით, ზოგიერთ ზედაპირზე კორონავირუსი 72 საათამდე ცოცხლობს. 

იმის დასამტკიცებლად, რომ კორონავირუსის პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, უშუალოდ პოსტში კიდევ 4 კონსპირაციაა მოყვანილი. პოსტს თან ახლავს ვიზუალური მანიპულაცია, რადგან პროტესტის საილუსტრაციო ერთ-ერთი ფოტო კორონას პანდემიამდე, 2016 წელსაა გადაღებული. ბერლინის 2020 წლის აქციაში კი, არა 1 მილიონი, არამედ დაახლოებით 30, 000 ადამიანი მონაწილეობდა.

PLANDEMIC დოკუმენტური ფილმის სტილში აწყობილი 26-წუთიანი ვიდეოა, რომელმაც ფეისბუქსა და იუთუბზე მილიონობით ნახვა მოაგროვა. დღესდღეობით ვიდეო სოციალური ქსელებიდან მისინფორმაციული პოლიტიკის დარღვევის გამო წაშლილია.

ვიდეოში რეჟისორი მიკი უილისი წარმოადგენს ინტერვიუს ყოფილ სამედიცინო მკვლევარ ჯუდი მიკოვიცთან, რომელსაც ის „მისი თაობის ერთ-ერთ წარმატებულ მეცნიერს“ უწოდებს.

;
ფოტო: PolitFact

ვიდეოს წყარო არის პირი, რომელიც სამსახურიდან სამეცნიერო კვლევის შედეგების გაყალბების გამო გაუშვეს

ვიდეო ეყრდნობა ერთადერთ წყაროს, რომლის აკადემიური რეპუტაცია საეჭვოა. 2009 წელს ჯუდი მიკოვიცი იყო კვლევის თანაავტორი, რომელმაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (chronic fatigue syndrome) რეტროვირუსთან, თაგვებიდან მომდინარე დაავადებასთან დააკავშირა.

2 წლის შემდეგ ჟურნალმა „Science-მა“ კვლევითი სტატია არაზუსტი დასკვნების გამო უარყო, რაც ლაბორატორიული ნიმუშების დაბინძურებას დაუკავშირა. სამეცნიერო კვლევის შედეგების გაყალბების გამო, 2011 წელს ჯუდი მიკოვიცმა სამსახური დაკარგა.

მიკოვიცს ვიტმორ პიტერსონ ინსტიტუტის ლაბორატორიიდან კომპიუტერული მონაცემებისა და აღჭურვილობის მოპარვასაც ედავებოდნენ, თუმცა მას ბრალდება 2012 წელს იმის შემდეგ მოეხსნა, რაც ვიტმორის ოჯახს თვითონ შეექმნა იურიდიული პრობლემები, რის გამოც პროკურორმა საქმის წარმოება შეწყვეტა.

  • გრიპის ვაქცინის შემადგენლობა მოწმობს, რომ მისი მეშვეობით ორგანიზმში კორონავირუსი არ შეჰყავთ

მიკოვიცი ვიდეოში ამტკიცებს, რომ თუ ოდესმე გრიპის ვაქცინა გაიკეთე, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში სავარაუდოდ კორონავირუსი შეიყვანეს. აღნიშნული განცხადება კონსპირაციაა და მეცნიერული მტკიცებულება არ გააჩნია.

SARS-CoV-2 კორონავირუსს, რომელიც COVID-19-ს იწვევს გრიპის ვირუსთან კავშირი არ აქვს. გრიპი და კორონავირუსი, ორივე გადამდები რესპირატორული დაავადებაა, თუმცა ისინი ვირუსის განსხვავებულ ოჯახებს მიეკუთვნებიან.

გარდა ამისა, გრიპის ვაქცინა კორონავირუსის გავრცელებამდე ათეულობით წლით ადრეა შექმნილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპის ვაქცინა პირველად სამხედრო გამოყენებისთვის ჯერ კიდევ 1945 წელს დამტკიცდა, სამოქალაქო მოხმარებისთვის კი 1946 წელს. COVID-19-ის პირველი შემთხვევა კი 2019 წლის ნოემბერში გამოვლინდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, გრიპის ვაქცინები, რომლებიც აცრის სახით უკეთდებათ პაციენტებს, ორი გზით მზადდება. პირველია „ინაქტივირებული“ (მოკლული) გრიპის ვირუსების გამოყენება, მეორე კი გრიპის ვირუსის ერთი გენის გამოყენება (მთლიანი ვირუსის ნაცვლად), რისი მიზანიც იმუნური პასუხის მომზადებაა.

  •  პირბადის ტარებით დაინფიცირების შესახებ მტკიცებულება არ არსებობს

მიკოვიცის თქმით, პირბადის ტარებით ადამიანი ფაქტობრივად საკუთარ ვირუსს ააქტიურებს და თავს იინფიცირებს.

ეს განცხადება მტკიცებულების გარეშეა. როგორც მასაჩუსეტს-ამჰერსტის უნივერსიტეტის ეკოლოგიური ჯანმრთელობის მეცნიერების ასისტენტი რიჩარდ პელტიერი Politfact-თან საუბრისას ამბობს, პირბადის ტარება ბიოლოგიურად მნიშვნელოვან გავლენას ვირუსულ აქტივობაზე არ ახდენს. ის ასევე აღნიშნავს, რომ პირბადე რესპირატორულ წვეთებს იქამდე აკავებს, სანამ ის ცხვირსა და პირს მისწვდება.

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ რეკომენდაციად კვლავ რჩება პირბადის ტარება.

  • ჰიდროქსიქლოროქვინი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი არ აღმოჩნდა

მიკოვიცი აღნიშნავს, რომ ანტიმალარიული პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქვინი კორონავირუსის ოჯახის ვირუსების, მათ შორის COVID-19-ის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. აღნიშნული განცხადება მტკიცებულების გარეშეა.

2020 წლის 17 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაჩერა კვლევა, რომელსაც   კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ჰიდროქსიქლოროქვინის ეფექტიანობა უნდა გამოეცადა. ჯანმოს ვებ-გვერდზე ამის მიზეზად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჰიდროქსიქლოროქვინის გამოცდის შემდეგ მიღებული შედეგებია დასახელებული. ორივე ქვეყნის კვლევამ აჩვენა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინი ჰოსპიტალიზებული covid-19 ინფიცირებულების სიკვდილიანობის მაჩვენებელს არ ამცირებს.

  • კორონავირუსი ზოგიერთ ზედაპირზე 72 საათამდე ცოცხლობს

მიკოვიცი ამბობს, რომ კორონავირუსი ზედაპირებზე 1 საათზე დიდხანს არ ცოცხლობს. ეს განცხადება მცდარია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსმა პლასტმასისა და უჟანგავ ზედაპირებზე 72 საათამდე შეიძლება იარსებოს, სპილენძის ზედაპირებზე ვირუსი 4 საათზე ნაკლები დრო ცოცხლობს, მუყაოს ზედაპირებზე კი 24 საათზე ნაკლებს.

  • კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნაზე მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს

ვიდეოში მიკოვიცი ავითარებს კონსპირაციას, რომ კორონავირუსი (SARS-CoV-2) ბუნებრივად არ გავრცელებულა და ის ლაბორატორიაში ცდებისა და ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ შეიქმნა.

კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ მეცნიერების უმეტესობა, რომლებმაც ის შეისწავლეს, თანხმდება, რომ ვირუსი ბუნებრივი გზით წარმოიშვა და დიდი ალბათობით ღამურისგან გადავიდა ადამიანზე.

გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის გენეტიკური შემადგენლობა მეცნიერებმა უკვე გამოიკვლიეს და თუ ვირუსი გენეტიკურად ლაბორატორიაშია შექმნილი, აუცილებლად იქნებოდა გენური მანიპულაციების კვალი გენომში, თუმცა ასეთი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ამ თემაზე იხილეთ „მითების დეტექტორის“ მასალა:

Plandemic-ის შესახებ ფაქტ-ჩექინგ სტატიები მოამზადეს Factcheck.org-მა და PolitFact-მა.

პოსტის მანიპულაციური ვიზუალი და დეზინფორმაცია აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ

პოსტს დართული აქვს 3 ფოტოსგან შემდგარი ფოტოკოლაჟი, რომელიც ავტორის თქმით, 2020 წლის 29 აგვიტოს ბერლინში შეკრებილ რამდენიმე მილიონ დემონსტრანტს ასახავს.

2020 წლის 29 აგვისტოს ბერლინში ნამდვილად გაიმართა საპროტესტო აქცია, აქციის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. ფოტოკოლაჟის 2 ფოტო ამ აქციას ასახავს, მესამე ფოტო კი ფოტოების საძიებო ინტრუმენტ Tineye-ში ძიებისას ყველაზე ადრე 2016 წელს იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტო 2020 წელს არაა გადაღებული.

;

იდენტური ფოტოკოლაჟი რუსულენოვან წყაროებშიც გვხვდება.

გარდა ამისა, პოსტში გაზვიადებულია აქციის მონაწილეთა რაოდენობაც. პოსტში წერია, რომ აქციას რამდენიმე მილიონი ადამიანი დაესწრო, Deutsche Welle-ს სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ ბერლინის ხელისუფლების თქმით, აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი დაესწრო.

ვიდეო Plandemic-ში მოყვანილი მცდარი ინფორმაციის გარდა “ ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი დამატებით შეიცავს კონსპირაციებს, რომლებიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:

კონსპირაცია 1: 2015 წელს რიჩარდ როტშილდმა “სისტემა და მეთოდი COVID-19- ის ტესტირებისთვის” დააპატენტა.
კოსნპირაცია 2: 2017 და 2018 წლებში World Integrated Trade Solution (WITS) -ზე COVID-19-ის მილიონობით ტესტი გაიყიდა.
ამ 2 კონსპირაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: 3 ტყუილი და 2 მანიპულაცია covid-19-ზე, რომელიც ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” ვრცელდება

კონსპირაცია 3: მსოფლიო ბანკმა “COVID-19-ის პროექტი” 2025 წლამდე განსაზღვრა
იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: ვინ ავრცელებს რუსულ კონსპირაციას მსოფლიო ბანკის 2025 წლის სტრატეგიის შესახებ?

კონსპირაცია 4: 2019 წელს ჩატარებული “ღონისძიება 201” კორონავირუსისთვის მოსამზადებელი ვარჯიში იყო
იხილეთ “მითების დეტექტორის მასალა”: კონსპირაციას როკფელერების ფონდის 2010 წლის დოკუმენტზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ტროლი ავრცელებს


 

იხილეთ ფეისბუქ-პოსტების არქივის ბმულები:
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები –  https://archive.ph/0hujR
✅🇬🇪პროქართული🇬🇪✅ – https://archive.ph/lSEt4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
ასევე დაგაინტერესებს
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist