29 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ სტეპან ბანდერას გამოსახულების ხატის ფოტო გამოაქვეყნა. ზაქარეიშვილი წერს, რომ ბანდერას ხატს “კიევ-პეჩორის ლავრაში უპირებენ წაბრძანებას”. ხატის ცენტრში უკრაინის გერბია გამოსახული, ზედა ორ კუთხეში კი აზოვის ბატალიონის გერბები.
ზაქარეიშვილის პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. რეალურად ფოტოზე არა სტეპან ბანდერას ხატი, არამედ ალბაზინის ღვთისმშობლის ხატია გამოსახული, რომელშიც ბანდერას სახე, უკრაინის გერბი და აზოვის ბატალიონის ემბლემაა ჩასმული.
დეზინფორმაციაა, თითქოს უკრაინაში ბანდერას ხატი დაწერეს და მას კიევ-პეჩორის ლავრაში განათავსებენ. რეალურად ფოტოზე არა ბანდერას, არამედ ვიზუალურად დამუშავებული ალბაზინის ღვთისმშობლის ხატია გამოსახული და მასში ბანდერას სახე, ასევე უკრაინის გერბი და აზოვის ბატალიონის ემბლემა ხელოვნურადაა დამატებული. ჩარჩო, რომელშიც უკრაინის გერბია ჩასმული, რეალურად ყრმა იესოს გამოსახულებას შემოსაზღვრავს.
ალბაზინის ღვთისმშობლის ხატი, ასევე ცნობილი, როგორც „სიტყვა ხორციელ იქმნა“, სახელწოდებას რუსეთში, ამურის ოლქში მდებარე ციხესიმაგრე ალბაზინიდან (დღევანდელი სოფელი ალბაზინო) იღებს, რომელიც 1650 წელს დაარსდა.
სტეპან ბანდერას ხატის დამუშავებული ვიზუალი ინტერნეტსივრცეში 2016 წლიდან გამოჩნდა. ფოტო სტატიაში კრემლისტურმა გამოცემა ნიუს-ფრონტმაც გამოიყენა.
2022 წლის ივნისში რუსულენოვანი წყაროები ასევე ავრცელებდნენ გაყალბებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ სტეპან ბანდერა წმინდანად შერაცხა. როგორც უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake წერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ბანდერას წმინდანად შერაცხვას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია არც განიხილავს, რადგან ბანდერა რელიგიით ბერძენი კათოლიკე იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსულენოვან წყაროებში უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაში გადაღებული ფოტომასალა იძებნება, რომლებშიც სტეპან ბანდერას გამოსახულებები ეკლესიის სარკმლებზე და რელიგიური შინაარსის ნახატებზე ჩანს.
სტეპან ბანდერა უკრაინელი ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი და საკამათო ისტორიული ფიგურაა. კრემლის პროპაგანდა ბანდერას სახელსა და მის მხარდამჭერებს უკრაინაში ნაციზმის არსებობის ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს. ბანდერასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- რა ვიცით სტეპან ბანდერას შესახებ და როგორ იყენებს მის სახელს კრემლის პროპაგანდა?
- რატომ აიღეს პოლონეთში ძეგლი, რომელსაც სტეპან ბანდერას უკავშირებდნენ?
- CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის SOTSTIALISTICHASKIY VESTNIK-ის სტატია სტეპან ბანდერაზე
- როდის და ვის მიერ დამკვიდრდა გამოთქმა “დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”?
წყაროს შესახებ
ირაკლი ზაქარეიშვილი პროფესიით ადვოკატია. ის საკუთარ პრორუსულ შეხედულებებსა და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიებს სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს. ზაქარეიშვილის დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებზე, რომლებიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? – სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები
- იყო თუ არა საბჭოთა საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელი 42 000$?
- მანიპულაცია, თითქოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით NATO-ში გაწევრიანება უკანონოა
- რა ვიცით დრონ SEAFOX-ზე და ვინ აკავშირებს მას ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენების აფეთქებასთან?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.