5 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა Georgia First News გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის ოჯახი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს უცხადებს მხარდაჭერას. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ადამიანებს აცვიათ მაისურები წარწერით “ნებრასკელი უოლცები ტრამპისთვის”.
მსგავსი ინფორმაცია რუსულენოვნმა ფეისბუქ-მომხმარებელმაც გაავრცელა.
ტიმ უოლცის შესახებ Georgia First NEWS-ის პოსტი შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უოლცის უახლოესი ნათესავები მის ნაცვლად მხარს ტრამპს უჭერენ. სინამდვილეში, სურათზე გამოსახული ადამიანები უოლცის შორეული ნათესავები არიან, რომლებთანაც უოლცს ურთიერთობა არ აქვს.
გავრცელებული ფოტო ნებრასკაში გუბერნატორობის ყოფილმა კანდიდატმა და ტრამპის მხარდამჭერმა ჩარლს ჰერბსტერმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ფოტო თავად დონალდ ტრამპმაც გამოაქვეყნა თავი სოციალურ პლატფორმაზე Truth Social.
სურათზე ასახული ადამიანები ფრენსის უოლცის შთამომავლები არიან, ფრენსის უოლცი ტიმ უოლცის ბაბუის ძმა იყო. ტიმ უოლცის დედის, დარლინ უოლცის თანახმად, სურათზე ძირითადად მათი ოჯახის გარე ბიძაშვილები ჩანან. უოლცის დამ, სენდი დიტრიხმა კი აღნიშნა, რომ შორეულ ნათესავებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მათ არ იცნობდნენ. დიტრიხის შორეული ნათესავების პოზიციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ ის და მისი ოჯახი ტიმ ვოლცს უჭერენ მხარს.
Тhe Associated Press-თან კომენტარში, ფოტოზე ასახულმა ოჯახმაც დაადასტურა, რომ ტიმ უოლცის ბაბუის ძმის შთამომავლები არიან.
ფოტოს გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე ტიმ უოლცის ძმამ, ჯეფ უოლცმა ფეისბუქზე აღნიშნა, რომ ძმის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა და მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა.
“ჩემი მეგობრებისგან, ძველი ნაცნობებისგან ბევრ კომენტარს ვიღებდი, მათ ეგონათ, რომ სხვადასხვა საკითზე ჩემი ძმის პოზიციას ვიზიარებდი და მინდოდა, მხოლოდ მეგობრებისთვის გამეკეთებინა განმარტება. ფეისბუქი გამოვიყენე, რომელიც შესაფერისი პლატფორმა არ იყო, ამის გასაკეთებლად, მაგრამ ვიტყვი, რომ მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ” – თქვა ჯეფ უოლცმა Newsnation-თან კომენტარში.
ჯეფ უოლცის თქმით, მას ტიმ უოლცთან 2016 წელს, მათი უმცროსი ძმის, კრეიგ ვოლცის დაკრძლავის შემდეგ არ უსაუბრია. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ძმამ ასევე აღნიშნა, რომ საჯაროდ რომელიმე კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოხატვა და ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენა არ სურდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალში კომენტარის გაკეთებას აღარ გეგმავს.
მას შემდეგ რაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი გახდა, ჰარისზე და მის საპრეზიდენტო კამპანიაზე სხვადასხვა დეზინფორმაცია ვრცელდება.
- კამალა ჰარისის შესახებ მორიგი ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება
- რუსულ მედიაში კამალა ჰარისის ყალბი დაბადების მოწმობა ვრცელდება
- დეტროიტში კამალა ჰარისის მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
არქივის ბმულები: Georgia First NEWS
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.