18-20 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1, 2) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი შემდეგ კითხვას სვამს: ,,ქართველი ჯარისკაცები ლაჩრები არიან?” ვიდეოზე დატანილია ტელეკომპანია ,,ფორმულას” ლოგო და წარწერა, რომ ვიდეოში ფორმულას ჟურნალისტია. ერთ-ერთი ანგარიში წერს, რომ მსგავსი კითხვა მხოლოდ ამ ტელევიზიის ჟურნალისტმა შეიძლება დასვას.
ტელეკომპანია ,,ფორმულას” ქუჩის გამოკითხვის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. სრულ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა, ჟურნალისტი კი დაინტერესდა, რას ფიქრობდა ხალხი რიჟვაძის განცხადებაზე.
2023 წლის 15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში რუსი ტურისტების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან, რომლებსაც ,,2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა.”
თორნიკე რიჟვაძის განცხადების შემდგომ, ტელეკომპანია ,,ფორმულამ” ბათუმში ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და რესპონდენტებს, თორნიკე რიჟვაძის განცხადების საფუძველზე, ეკითხებოდნენ, ლაჩრები არიან თუ არა ქართველი ჯარისკაცები. ვიდეოს შემდგომ მონაკვეთებში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოებში აღარ ჩანს, ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს ,,ლაჩრულად წაგებული” უწოდა და მისი კითხვაც მისი განცხადების შეფასებას ეხება.
,,ფორმულა” ვიდეოს სათაურად წერს: ,,რას ამბობენ ბათუმში თორნიკე რიჟვაძის გუშინდელ განცხადებაზე 2008 წლის ომზე.”
ხელოსუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან დაკავშირებით მცდარი ცნობები აქამდეც გავრცელდა, ძირითადად, მედიის დისკრედიტაციის მიზნით. მსგავსი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა:
- ტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება
- კრემლისტური და სახელისუფლებო პლატფორმები ნინო ლომჯარიასა და ტვ ფორმულას წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ
- სამთავრობო მედიები ,,ოჯახის სიწმინდის დღიდან” ჩართვას მანიპულაციურად ავრცელებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.