8 ივლისს ფეისბუკ ანგარიშმა “ჯანსაღი ძალა” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის პოსტის სქრინშოთი გამოაქვეყნა. გავრცელებულ პოსტში ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ მან თავი ამოწურა და ასპარეზი ნამდვილ ქართველებს უნდა დაუთმოს, როგორიც კოკა მორგოშიაა და რომელსაც პრემიერის კანდიდატურაზე წარადგენენ. ამავე ანგარიშს გამოქვეყნებული აქვს კიდევ ერთი სქრინშოთი, რომელზედაც კოკა მორგოშიას ფოტო და ციტატა გვხვდება, რომელშიც მორგოშია დავით თარხან-მოურავს მადლობას უხდის პრემიერის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სქრონშოთს დართული აქვს ალტ-ინფოს ლოგო.
სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და კოკა მორგოშიას სახელით ყალბი ციტატები ვრცელდება. მსგავსი განცხადება არც ირმა ინაშვილის და კოკა მორგოშიას ფეისბუკის გვერდებზე გამოქვეყნებულა და არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. ინაშვილი პოსტს საკუთარ ფეისბუკის გვერდზეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სახელით გავრცელებული განცხადება ყალბია.
2024 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც “კონსერვატიულ მოძრაობას” საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გაუუქმა, პარტია “პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა. 11 ივნისს ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ “კონსერვატიული მოძრაობა” არჩევნებში მონაწილეობას “პატრიოტთა ალიანსის” მეშვეობით მიიღებდა, 24 ივნისს კი “პატრიოტთა ალიანსმა”, მასში შემავალმა ცალკეული ორგანიზაციებმა და “კონსერვატიულმა მოძრაობამ ერთობლივი დეკლარაცია წარადგინეს და ხელი მოაწერეს. ირმა ინაშვილის თანახმად, გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ არა თუ ბარიერს გადალახავენ, არამედ “შთამბეჭდავი შემადგენლობითაც” შევლენ პარლამენტში, თუმცა ამ პარტიების წარმომადგენლებს პრემიერის კანდიდატურაზე არ უსაუბრიათ.
გავრცელებულ ციტატას ირმა ინაშვილი პირად ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ციტატა ყალბია და როცა განცხადების გავრცელება სურს, საკუთარ გვერდზე წერს.
რაც შეეხება კონსტანტინე მორგოშიას სახელით გავრცელებულ ციტატას, ის არც ალტ-ინფოს და არც მორგოშიას ფეისბუკ გვერდზე არ გვხვდება.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიში “ჯანსაღი ძალა”, სავარაუდოდ, ირაკლი ჯანყარაშვილთან არის დაკავშირებული, რამდენადაც მასზე ჯანყარაშვილის ციტატები და მასთან აფილირებული პლატფორმის publicist.ge მასალები (1,2,3) ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ წარსულში ჯანყარაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო თვეებში კი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გახდა (1, 2,3).
ჯანყრაშვილი ამ ეტაპზე მართავს შემდეგ ანგარიშებს “პრემიერი”, “ანტილიბერალური დოქტრინა”, ფეისბუკ გვერდს publicist.ge, სადაც პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური პოსტების გარდა, თავისი საინფორმაციო პლატფორმიდან Publicist.ge ავრცელებს პოსტებს. ჯანყარაშვილი წარსულში Tvalsazrisi.ge-ის და News Front Georgia-ს ავტორიც იყო. ჯანყარაშვილს თავისი სხვადასხვა ანგარიშის, ფეისბუკ გვერდისა და პლატფორმის საშუალებით არაერთხელ გაუვრცელებია როგორც დეზინფორმაციის, ასევე მანიპულაციის შემცველი ინფორმაციები, გარდა ამისა, არაერთხელ მონაწილეობდა დისკრედიტაციის კამპანიებშიც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.