ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

162
VIEWS

2022 წლის 14 ივნისს ალტინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხვია დასავლურ კურსს, როდესაც არ გახსნა მეორე ფრონტი და არ ჩაატარებინა პარადი, სხვა მხრივ კი ყველგან მეტნაკლებად პროგრესი შეინიშნება იქნება ეს კორუფცია, მედიის თავისუფლება თუ კრიმინალის დონე. ფალავანდიშვილის მტკიცებით, მედიის და სასამართლოს თავისუფლების მხრივ რეგრესი არ შეიმჩნევა.

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: “ქართულმა ოცნებამ რა არ გააკეთა, თქვან? თქვან, რა არ გააკეთა დასავლეთის ნათქვამი? რაში არ დაეთანხმა დასავლეთს ხო? სოდომით დაწყებული, ნებისმიერი კანონით დამთავრებული ვაჭრობაზე და ეკონომიკის საკითხებში პირდაპირ იმ ასოცირების ხელშეკრულების მართლა ლიდერები ვართ ჩვენდა სამარცხვინოდ, ხო?… ერთადერთი, რაც არ შევუსრულეთ, ეს არის რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით და პარადი ჯერჯერობით… არ ჩატარებულა. ესე იგი პარადი რომ არ ჩატარებულა და ომში რომ არ ვართ, ამიტომ გადავუხვიეთ პროდასავლურ კურსს… დაასახელონ სხვა რაში არ, სასამართლო გაუარესდა მიშას მერე? კორუფციამ მოიმატა? კრიმინალმა მოიმატა თუ რაღაცა მედია თავისუფლება შემცირდა? ყველაფერში პროგრესია, ხო მეტნაკლებად? ყოველ შემთხვევაში რეგრესი არ არის, ხო?”

ალექსანდრე ფალავანდიშვილის მტკიცება მანიპულაციურია და მცდარ დებულებებს შეიცავს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ხელისუფლებას მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს თავისუფლების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობაზე დესტრუქციული კონტროლის გამო აკრიტიკებს. ფალავანდიშვილის მტკიცება, რომ საქართველო მედიის თავისუფლების და კორუფციის მხრივ რეგრესს არ განიცდის, მცდარია, რასაც საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს. 

რეზოლუციაში არც ღიად და არც შეფარვით არ არის საუბარი საქართველოს კონფლიქტში შესაძლო ჩართულებაზე. უკრაინის კონტექსტში რეზოლუცია მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსული დეზინფორმაციის მატებასთან დაკავშირებით და ასევე გაკრიტიკებულია ხელისუფლების პოზიცია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე. 

ალექსანდრე ფალავანდიშვილის მტკიცების მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას დიდწილად სწორედ მედიის თავისუფლების საკითხებში აკრიტიკებს. აღსანიშნავია, რომ თავად რეზოლუციას „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ ეწოდება. მედიის გარდა, კრიტიკა ასევე ეხება კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთისადმი მიღებულ სანქციებზე, რუსულ დეზინფორმაციას და ბიძინა ივანიშვილის როლს. 

  • ევროპარლამენტის რეზოლუცია – კრიტიკა მედიის თავისუფლების ნაწილში

მედიის მიმართულებით რეზოლუციაში სხვადასხვა ფაქტობრივი ინფორმაციაა წარმოდგენილი და ხელისუფლება განსხვავებული მიზეზების გამო არის გაკრიტიკებული. 

ევროპარლამენტი რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მდგომარეობა პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში გაუარესდა და მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. შემდეგ კი საუბარი უკვე ცალკეულ ფაქტებზეა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაზე და მათი საქმეების არასაფუძვლიან გამოძიებაზე, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალზე, ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების ფონზე პატიმრობის შეფარდებაზე და სხვა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “პარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების არსებითი გაუარესების გამო. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით ქვეყანა 60-დან 89-მდე მხოლოდ ერთ წელიწადში დაქვეითდა.”

საგულისხმოა, რომ პრესის თავისუფლების ინდექსში 2012 წლის შემდგომ მართლაც შეინიშნებოდა განვითარება და საქართველომ 2013 წელს (69.91 ქულა) 2011-2012 წლებთან (38 ქულა) შედარებით 31.91 ქულით მეტი აიღო, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და თუ მაგალითად 2021 წელს საქართველოს 71.36 ქულა ჰქონდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 59.30-ია. 

Screenshot 12 8 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
2012 წლის შემდგომ გაუმჯობესება პრესის თავისუფლების ინდექსში
Screenshot 13 6 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
მკვეთრი ვარდნა პრესის თავისუფლების ინდექსში 2021 წლიდან 2022 წლამდე
Screenshot 14 6 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
საქართველოს პროფილი პრესის თავისუფლების ინდექსში. 1 წელში გაუარესება 29 ქულით.

ასევე რეზოლუციაში საუბარია მედიაზე ზეწოლის სხვა ფორმებზეც, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამების საჩივრების რაოდენობა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირების მიერ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ.”

ამასთანავე ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველის როლს მედიის თავისუფლებაში და რეზოლუციაში აღნიშნულია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებისგან ნინო ლომჯარია თავდასხმის ობიექტია. 

  • ევროპარლამენტის რეზოლუცია – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა

მედიის ნაწილის გარდა რეზოლუცია ეხება კანონის უზენაესობისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებს, რაშიც ასევე გამოკვეთილია მნიშვნელოვანი დარღვევები და პრობლემები. ფალავანდიშვილის განცხადების მიუხედავად, ამ ნაწილში 5 ივლისის მოვლენების გარდა სხვა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტებია განხილული.

რეზოლუცია ნიკა გვარამიას კონტექსტში სასამართლოს დამოუკიდებლობაზეც საუბრობს. მასში აღნიშნულია, რომ არსებობს მუდმივი უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა, გახადოს ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “ვგმობთ 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას, რომელიც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ… კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ განახორციელოს სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად.”

რეზოლუცია ასევე შეეხება მოსმენებსა და თვალთვალს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება ამ მიმართულებით და დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები, რათა მონაცემთა შეგროვება სამომავლოდ უფრო დემოკრატიული ზედამხედველობის ქვეში იყოს.

ასევე ევროპარლამენტი რეზოლუციაში საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე, რათა მიხეილ სააკაშვილმა სათანადო მკურნალობა შეძლოს.

აღნიშნულ საკითხებს რეზოლუციის ბოლოს შეჯამებაშიც ვხვდებით. ევროპარლამენტი ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტი.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების აქტუალიზაციის მიმართულებით”.

ამ საკითხებში მდგომარეობის გაუარესება ასევე ჩანს “ფრიდომ ჰაუსის” თავისუფლების ინდექსში. თუ საქართველოს 2017 წელს აღნიშნულ ინდექსში 64 ქულა ჰქონდა (100 – ყველაზე თავისუფალი მდგომარეობა), 2022 წელს მას 58 ქულა აქვს. ფრიდომ ჰაუსის კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პლურალიზმი და ჩართულობა, მთავრობის ფუნქციონირება, სამოქალაქო თავისუფლებები – რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სასამართლოს თავისუფლება, პერსონალური ავტონომიისა და ინდივიდუალური უფლებების დაცვა და სხვა.

სასამართლოს ნაწილში ფრიდომ ჰაუსის კვლევა საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას ხელს უშლის. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა, თუმცა ამის მიუხედავად მდგომარეობა კვლავ პრობლემურია.

ფრიდომ ჰაუსი: “სასამართლოში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ჩარევა სასამართლოში, ისევე როგორც სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა არსებით პრობლემად რჩება.”

Screenshot 15 6 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
ფრიდომ ჰაუსის კვლევის შედეგები, საქართველოს პროფილი, 2022 წ.
Screenshot 16 5 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
ფრიდომ ჰაუსის კვლევის შედეგები, საქართველოს პროფილი, 2017 წ.
  • ევროპარლამენტის რეზოლუცია – რუსული დეზინფორმაცია უკრაინის ომის კონტექსტში

უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში რეზოლუციაში საუბარია არა მეორე ფრონტის გახსნაზე, არამედ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. რეზოლუცია ხელისუფლებას სათანადო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა საქართველოში რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გაძლიერება თავიდან იქნას აცილებული. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტი ასევე საუბრობს იმის აუცილებლობაზე, რომ პოლიტიკოსები ოპონენტებზე თავდასხმაში შეეშვან რუსული დეზინფორმაციის გამოყენებას. 

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, თავი შეიკავოს რუსული დეზინფორმაციის გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობასა და დემოკრატიას.”

ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მცდელობა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

კელი დეგნანი: “ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა. ეს აბსოლუტური ტყუილია. შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ ომი დასრულდეს და ბრძოლები შეჩერდეს. ომის დაწყებამდეც, ამერიკა აკეთებდა ყველაფერს ომის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ გვინდა, რომ ვნახოთ ომში ჩართული საქართველო”.

კელი დეგნანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების წევრებმა და მასთან აფილირებულმა პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს. 

  • ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ

ასევე, აღსანიშნავია რეზოლუციის დამატება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უარყოფით როლზე საუბრობს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის მიერ მთავრობაზე ხორციელდება კონტროლი, რაც ასევე გამოიხატება პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დევნაში. რეზოლუცია ივანიშვილს როლს დესტრუქციულს უწოდებს და ასევე შეშფოთებას გამოთქვამს მის კრემლთან კავშირებზე.

ევროპარლამენტის რეზოლუცია: “ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო”.

  • კორუფციის მდგომარეობა საქართველოში

ალექსანდრე ფალავანდიშვილი მართალია, რომ 2012 წლის შემდეგ კორუფციის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო წლების მონაცემებით ამ მხრივ საქართველო კვლავ რეგრესს განიცდის.

კორუფციის თემაზე არსებობს ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ყოველწლიური კვლევა და შეფასება, “კორუფციის აღქმის ინდექსი”. ამ კვლევის მონაცემებით, მართალია 2012 წლის შემდგომ საქართველოს მდგომარეობა 2013 წელს გაუარესდა (52-დან 49 ქულამდე ჩამოსვლა), თუმცა ქვეყანა 2018 წლამდე ამ მიმართულებით პროგრესს განიცდიდა. 

აღსანიშნვაია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსმა ვარდნა 2018 წლიდან დაიწყო. თუ 2018 წელს ინდექსი 58-ს შეადგენდა, 2021 წელს კი საქართველომ 3 ქულით უკან დაიხია და ინდექსი 55 იყო.

Screenshot 17 5 ფალავანდიშვილი ხელისუფლებას ევროკავშირისგან იცავს
კორუფციის აღქმის ინდექსი – საქართველოს პროფილი (0 – ყველაზე ცუდი მდგომარეობა, 100 – ყველაზე კარგი მდგომარეობა).

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist