ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებში ტოქსიკური ინგრედიენტები არ გვხვდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

23 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა Gvanca Bagrationi გამოაქვეყნა პოსტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების – ფაიზერისა და მოდერნას შემადგენლობის შესახებ. პოსტში აღნიშნულია, რომ ვაქცინები ნივთიერება ALC-0315-ს ([(4-hydroxybutyl)azanediyl]di(hexane-6,1-diyl) bis(2-hexyldecanoate)) შეიცავს, რომელიც შედგება ჰიდროქსიბუტილისა და ჰექსან-6-სგან, რომლებიც ტოქსიკური ნივთიერებებია. პოსტის მიხედვით, ჰიდროქსიბუტილი კარცეროგენია, ხოლო ჰექსან-6 ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს.

1

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის საიდუმლო ინგრედიენტია გრაფენის ოქსიდი, რომელიც ორგანიზმში ვაქცინის მეორე დოზით შეჰყავთ.

იდენტური პოსტები სხვა არაერთ ფეისბუქ-პროფილსაც აქვს გამოქვეყნებული, მათ შორისაა მარჯი საქართველო, Gaia Tiamat, ელენე ჯვარელი, გარსევან მეორე, Goria Shiva და მესიის მახვილი.

გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციულია, რადგან, ფაიზერის შემადგენლობაში შემავალი ლიპიდი ALC-0315 ჰექსანსა და ჰიდროქსიბუტილს არა საწყისი ფორმით, არამედ ნაერთის სახით შეიცავს, ამასთან ძალიან მცირე დოზით, რომელიც ადამიანისთვის სახიფათო არ არის. ALC-0315 შეიცავს 1,6-ჰექსანდიოლს, რომელიც ადამიანებზე ჩატარებული კვლევებით ციტოტოქსიკური არ აღმოჩნდა. რაც შეეხება 4-ჰიდროქსიბუტილს, მას ცხოველებში სიმსივნესთან დაკავშირებული კვლევების დროს ნამდვილად იყენებენ, თუმცა ამ დროს დოზირება ვაქცინაში შემავალ რაოდენობასთან შედარებით უფრო მაღალი და ინტენსიურია.

  • რა არის ALC-0315 და რას ემსახურება მისი ვაქცინაში არსებობა?

ფაიზერი და მოდერნა რნმ ტიპის ვაქცინებია, მ-რნმ-ს დამოუკიდებლად უჯრედის მემბრანის გადალახვა არ შეუძლია, ამ პრობლემას კი ლიპიდები აგვარებენ. ისინი ინფორმაციულ რნმ-ს ცხიმოვან გარსში ათავსებენ მას უჯრედში შეღწევაში ეხმარებიან.

ფაიზერის ვაქცინა 4 ლიპიდს შეიცავს, მათ შორისაა ლიპიდი, სახელწოდებით ([(4-hydroxybutyl)azanediyl]di(hexane-6,1-diyl) bis(2-hexyldecanoate)) იგივე ALC-0315, აღნიშნულ ლიპიდს მოდერნას ვაქცინა არ შეიცავს.

2

როგორც მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ALC-0315 სხვა რნმ-ვაქცინების კვლევებშიც ფიგურირებს.

  • რა არის ჰიდროქსიბუტილი?

აღსანიშნავია, რომ ფაიზერის ვაქცინა უშუალოდ ჰექსანსა და ჰიდროქსიბუტილს, მათი საწყისი ფორმით არ შეიცავს, ლიპიდი ALC-0315 მათი და კიდევ რამდენიმე ნივთიერების ნაერთია.

ALC-0315-ის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთიერებაა 4-ჰიდროქსიბუტილი, რომელიც ნამდვილად გამოიყენება სიმსივნის კვლევის პროცესში, მათ შორის ლაბორატორიული ცდებისას, ცხოველებში შარდის ბუშტის სიმსივნის გამოსაწვევად. ამ ყველაფრის მიზანი სიმსივნის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ახალი წამლებისა და პროცედურების დატესტვაა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თაგვებისთვის მიცემული ჰიდროქსიბუტილის (N-butyl-N-4-hydroxybutyl Nitrosamine) რაოდენობა დღიურად 200, 500, 1250 მგ/კგ დოზებით განისაზღვრა. მაგალითად 500 მგ/კგ დოზა ნიშნავს, რომ თაგვის წონის მიხედვით, მას ყოველ კილოგრამზე 500 მილიგრამ (1 მილიგრამი = 0.001 გრამი) 4-ჰიდროქსიბუტილს აძლევდნენ. მას შემდეგ, რაც თაგვების საკონტროლო ჯგუფს შარდის ბუშტის სიმსივნე განუვითარდა, მათი 40% დაიხოცა.

აღსანიშნავია, რომ სიმსივნესთან დაკავშირებული ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს 4-ჰიდროქსიბუტილის დოზები მაღალია და ამასთან, ის ცხოველებს ინტენსიურად, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად მიეწოდებათ, ფაიზერის ვაქცინაში შემავალი ლიპიდის ALC-0315-ის, რომელშიც ჰიდროქსიბუტილიც შედის, დოზირება ვაქცინაში ძალიან მცირეა და 0.43 მილიგრამს შეადგენს, რაც კვლევებში გამოყენებულ 4-ჰიდროქსიბუტილის დოზებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ზემოთ აღნიშნულ კვლევაში თაგვებს ვაქცინაში შემავალ ALC-0315-სთან შედარებით მინიმუმ 465-ჯერ მეტ 4-ჰიდროქსიბუტილს აძლევდნენ.

  • რა არის ჰექსანი?

მართალია, საკუთრივ ჰექსანი ტოქსიკური ნივთიერებაა და მასთან უშუალო შეხება (შესუნთქვა, კანთან შეხება) ადამიანისთვის საზიანოა, მათ შორის მან შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს, თუმცა ALC-0315-ში შედის არა საკუთრივ ჰექსანი, არამედ hexane-6,1-diyl. მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, 1,6-ჰექსანდიოლმა ციტოტოქსიკურობა (უჯრედის დაზიანება ან უჯრედული სიკვდილი) არ აჩვენა. რაც შეეხება ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს, ვირთხებში 1,6-ჰექსანდიოლის მიღების შემდეგ ნეიროტოქსიკურობის ან ნერვული ქსოვილის ცვლილების ნიშნები არ დაფიქსირებულა.

3

მდედრობითი და მამრობითი სქესის ვირთხებზე ჩატარებული კვლევის დროს, მათ 0, 100, 400 და 1000 მგ/კგ ჰექსანდიოლს აძლევდნენ, რათა მისი რეპროდუქციასა და განვითარებაზე შესაძლო ტოქსიკურობა შეემოწმებინათ, ერთადერთი ეფექტი, რომელიც იმ მამრ ვირთხებში გამოვლინდა, რომლებმაც 1000 მგ/კგ ჰექსანდიოლი მიიღეს, წონის მომატების შეფერხება იყო. 1000 მგ/კგ დოზა ნიშნავს, რომ ვირთხის წონის მიხედვით, მას ყოველ კილოგრამზე 1000 მილიგრამ (1 მილიგრამი = 0.001 გრამი) ჰექსანდიოლს აძლევდნენ. ასევე სასიკვდილო არ აღმოჩნდა 3 კურდღლისთვის მიცემული 1,6-ჰექსანდიოლი 3000 მგ/კგ დოზირებით.

ამ შემთხვევაშიც ლიპიდ ALC-0315-ის დოზირება ვაქცინაში, კვლევებში გამოყენებულ 1,6-ჰექსანდიოლის დოზებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

  • შედის თუ არა კოროვირუსის ავტორიზებულ ვაქცინებში გრაფენის ოქსიდი?

პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინების საიდუმლო ინგრედიენტია გრაფენის ოქსიდი, რომელიც ლეტალურ შედეგს იწვევს. რეალურად, დღეისათვის  ავტორიზებულ კორონავირუსის ვაქცინებში გრაფენის ოქსიდი არ შედის. პოსტში წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ ეს ინგრედიენტი გასაიდუმლოებულია. გრაფენის ოქსიდის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებულ აქამდე გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სხვა მასალები:

23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ფაიზერის ვაქცინა სრულად დაამტკიცა. მანამდე მას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული, რომელიც ასევე ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმების შემდეგ მიენიჭა. ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist