“პატრიოტთა ალიანსის” მანიპულაცია NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

86
VIEWS

21 სექტემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში, გადაცემაში “სტუდია N8” პარტია პატრიოტთა ალიანსის წევრმა ნანა დევდარიანმა NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ კრიზისული ვითარება აქვთ, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დროს გამოჩნდა. მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობი იყო, რომ ალიანსის ახალ წევრებს ჯერ კიდევ საბჭოთა შეიარაღება ჰქონდათ:

ნანა დევდარიანი, “პატრიოტთა ალიანსი”: “თუ თვალს მიადევნებთ, უკვე ნატოს ხელმძღვანელობიდანაც გაისმა ხმა, რომ ნატოს შეიარაღების მხრივ საკმაოდ კრიზისული ვითარება აქვს და არ გამორიცხოთ თქვენ, რომ რუსეთის ერთ-ერთი ამოცანა, უკრაინაში ინტერესების გარდა, იყო ნატოს დასუსტებაც და ძალიან ბევრი სუსტი წერტილი გამოამჟღავნა ამ კონფლიქტმა, ხომ? მათ შორის ის, რომ ჩვენ გავიგეთ ჩვენთვის გაუგონარი და არნახული ინფორმაცია, რომ თურმე ნატოს ყველა ახალ წევრს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის შეიარაღება და ტანკები ჰქონია, ხომ?! ანუ გამჟღავნდა ის, რაზეც ლაპარაკი არ იყო მიღებული”.

patriottha aliansis manipulatsia NATO s tsevri qveqhnebis sheiaraghebis shesakheb “პატრიოტთა ალიანსის” მანიპულაცია NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღების შესახებ

მტკიცება, რომ NATO-ს ახალ წევრებს შეიარაღების კუთხით კრიზისი აქვთ და მხოლოდ საბჭოთა პერიოდის შეიარაღება და ტანკები ჰყავთ, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამომჟღავნდა, მანიპულაციურია. მართალია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებაში კვლავ რჩება საბჭოთა წარმოების ტექნიკა, თუმცა ეს ფაქტი საიდუმლო არ ყოფილა და უკვე წლებია ამ ქვეყნებმა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დაიწყეს, ხოლო 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ეს პროცესი მნიშვნელოვნად გაააქტიურეს, რასაც მათ არსენალში საბჭოთა წარმოების იარაღის ნაწილის NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი შეიარაღებით ჩანაცვლება მოჰყვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალ და ვარშავის პაქტის წევრ ქვეყნებს, რომლებიც მოგვიანებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდნენ, საკუთარი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საბჭოთა პერიოდის სამხედრო ტექნიკა დარჩათ. განსხვავებით 1949 და 1951 წლის აქტებისა, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა NATO-ს მაშინდელ წევრ ქვეყნებს სამხედრო ძალების განვითარებისათვის 50 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია, მსგავსი პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის უკანასკნელ პერიოდამდე არ ამოქმედებულა, რის გამოც მათ შეიარაღებაში მოძველებული საბჭოთა ტექნიკა რჩებოდა. 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ გააქტიურდა საუბარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების და მოდერნიზების შესახებ, რაც ასევე გულისხმობდა საბჭოთა ტექნიკის ახალი, NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ტექნიკით ჩანაცვლებას.

2018 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა წამოიწყო ევროპული რეკაპიტალიზაციის ინიციატივის პროგრამა (ERIP), რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეთა სამხედრო ძალების მოდერნიზაციას და რუსული და საბჭოთა შეიარაღების ჩანაცვლებას მოიცავდა. ამისათვის გამოიყო თანხები ამერიკული შეიარაღების შესაძენად. 2021 წლისთვის ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყნების მიხედვით აშშ-ს მიერ გამოყოფილი დაფინანსება ასე გამოიყურება:

ალბანეთი – $30 მილიონი

ბოსნია-ჰერცოგოვინა – $30.7 მილიონი

სლოვაკეთი – $50 მილიონი

ხორვატია – $25 მილიონი

საბერძნეთი – $25 მილიონი

ჩრდილოეთ მაკედონია – $30 მილიონი

ბულგარეთი – $78.2 მილიონი

ლიეტუვა – $30 მილიონი

ამ თანხით აღნიშნულმა ქვეყნებმა ვერტმფრენები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საჰაერო ხომალდები და რადარები შეიძინეს.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით არაერთი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შეიძინეს, მათ შორის 2018 წელს პოლონეთმა იყიდა ამერიკული “პატრიოტის” სარაკეტო სისტემა. მანამდე პოლონეთმა აშშ-ის დახმარებით 48 F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიც შეიძინა. “პატრიოტის” სარაკეტო სისტემა და F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო რუმინეთმაც. ბულგარეთმა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით საბჭოთა MiG-29-ები ჩაანაცვლა. ანტი-სატანკო რაკეტები, ჯაველინები იყიდა ესტონეთმა.

2015 წელს ჩამოყალიბდა ბუქარესტის ფორმატი (B9), რომელშიც პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მონაწილეობენ. ჯგუფი ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს, სადაც NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილება, მათ შორის საბჭოთა პერიოდის ტექნიკის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით ჩანაცვლება. მაგალითისათვის, 2020 წელს უნგრეთმა საბჭოთა T-72 ტიპის ტანკების გერმანული Leopard 2A7+ ტანკებით ჩანაცვლება დაიწყო და ამავე წელს 218 Lynx KF41 ტიპის საბრძოლო მანქანა შეიძინა. პარალელურად, რუმინეთმა გერმანულ Rheinmetall-თან თანამშრომლობით საბჭოთა BRT-70 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების ჩანაცვლება დაიწყო. რუმინეთის მსგავსად, პოლონეთი საკუთარ არსენალში არსებულ საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (BWP-1) საკუთარი წარმოების საბრძოლო მანქანა Borsuk-ით ანაცვლებს. 2021 წელს კი ჩეხეთმა საბჭოთა პერიოდის სარაკეტო სისტემები ისრაელში წარმოებული Spyder-ით ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები საბჭოთა ტექნიკის მოდერნიზაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც აგრძელებენ, კერძოდ კი უკრაინას საბჭოთა წარმოების ტექნიკას აწვდიან, ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალის დიდ ნაწილს სწორედ საბჭოთა ტექნიკა წარმოადგენს და უკრაინელ სამხედროებს მისი გამოყენება სპეციალური გადამზადების გარეშე შეუძლიათ, ხოლო თავიანთ არსენალს NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ტექნიკით ავსებენ. მაგალითისათვის, პოლონეთმა უკრაინას საკუთარ არსენალში არსებული საბჭოთა ტექნიკის დიდი ნაწილი, მათ შორის 200-ზე მეტი ტანკი მიაწოდა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ჩასანაცვლებლად პოლონეთი სამხრეთ კორეისგან ტანკების, არტილერიის და საბრძოლო თვითმფრინავების ყიდვას გეგმავს. 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომლის ნაწილი უკრაინისათვის შეიარაღების და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ხოლო ნაწილი, 1 მილიარდი აშშ დოლარი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო დაფინანსებას მოხმარდება.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, ნატო, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist