30-31 ივლისს ფეისბუქის ქართულ (1;2;3;4;5,6;7) რუსულენოვანმა (1;2) ანგარიშებმა პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, მელ გიბსონის ციტატა გაავრცელეს. ციტატის მიხედვით, გიბსონმა დაგმო 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და თქვა: “საფრანგეთში ოლიმპიურმა ცერემონიამ დასცინა ჩემს რწმენას. თავი ვინ ჰგონიათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ? ქალთა ცურვაში ბიოლოგიური მამაკაცისთვის ოქროს მედლის მიცემამ უკვე მაიძულა ბოიკოტი გამოვუცხადო თამაშებს, მაგრამ ამ წყენამ ეს ფაქტიც კი გადაფარა. ვინ აღიქვა და შექმნა ეს ჩვენება?”
პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მელ გიბსონის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. მსახიობის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ამასთანავე, ინფორმაციის პირველწყარო იტალიელი მთავარეპისკოპოსია, რომელიც წერს, რომ ციტატა მელ გიბსონმა მისწერა და მიუთითებს გვერდზე, რომელსაც არა გიბსონი, არამედ მისი ფანები მართავენ.
მსახიობის მიერ პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე გავრცელებული ციტატა პირველად იტალიელმა კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა, კარლო მარია ვიგანომ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) 30 ივლისს გამოაქვეყნა. პოსტში ის წერს, რომ აღნიშნული განცხადება მესიჯის სახით თავად მსახიობისგან მიიღო და იქვე მითითებული აქვს მელ გიბსონის სახელით შექმნილი X-ის ანგარიში. აღსანიშნია, რომ ანგარიში რეჟისორს არ ეკუთვნის. მის აღწერასა და აპინულ პოსტში მითითებულია, რომ ეს არის გიბსონის ფან-გვერდი და რეალურად მსახიობი არცერთ სოციალურ ქსელზე არ არის დარეგისტრირებული.
აღსანიშნავია ისიც, ინფორმაცია, თითქოს გიბსონმა მსგავსი განცხადება გააკეთა, სანდო მედიით, მათ შორის, კინოსთან დაკავშირებული მედიაპლატფორმებითა და სპორტული მედიით არ დასტურდება.
მელ გიბსონის შესახებ დეზინფორმაცია და გაყალბებული ციტატები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა.
“მითების დეტექტორმა” პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გავრცელებული არაერთი ყალბი მტკიცება გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- ვიდეომანიპულაციები, თითქოს პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მასობრივად გააპროტესტეს
- საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია – რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
- რუსი მძლეოსნის დარედაქტირებულ ფოტოს პარიზის ოლიმპიადას უკავშირებენ
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელი დავით ჯებაშვილი ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები წარსულშიც არაერთხელ აქვს გადამოწმებული.
ფეისბუქ-მომხმარებელი “სიდო სიდონია” პრორუსული პარტია კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. მასთან ასევე დაკავშირებულია რამდენიმე ფეისბუქ ანაგრიშიც, რომელთა სახელები პერიოდულად იცვლება ქართველი კავკასიელი, სიდონია სათადარიგო გვერდი. ანგარიშებზე ხშირად ვრცელდება ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები. მათ მიერ გავრცელებული პოსტები, “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
არქივის ბმულები (1;2;3;4;5;6;7)
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.