9 ივნისს სოციალურ ქსელში 30 წამიანი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მუსლიმთა დიდმასშტაბიანი სახალხო ლოცვაა აღბეჭდილი. პოსტის ავტორი წარწერით “პარიზი დღესს” – ამტკიცებს, რომ კადრები პარიზში, იმავე დღეს, 9 ივნისს არის გადაღებული.
გავრცელებული კადრები მცდარი აღწერით ვრცელდება. ვიდეოში ნაჩვენები მუსლიმთა სალოცავი რეალურად მოსკოვის საკათედრო მეჩეთია და შესაბამისად, არა პარიზში, არამედ რუსეთში მდებარეობს. ვიდეო ინტერნეტში 2022 წლიდან იძებნება.
ვიდეო ინტერნეტში 2022 წლიდან იძებნება და ყველაზე ადრე 3 მაისს X ანგარიშზე, حمود الطوقي არის გამოქვეყნებული. კადრები, ამავე დღეს, ოდნავ მოგვიანებით თურქულმა ყოველდღიურმა გაზეთმა – Yeni Akit-მაც გაავრცელა.
კადრების ადგილმდებარეობა Google Maps -ის მეშვეობითაც გადავამოწმეთ და დადასტურდა რომ აღნიშნული სალოცავი არა პარიზში, არამედ მოსკოვში მდებარეობს.

კადრებში შეკრებილი მუსლიმები რელიგიურ დღესასწაულს – ყურბან-ბაირამს, იგივე იდ ალ ადჰას, აღნიშნავენ. საყოველთაო მუსლიმური დღესასწაული რუსეთშიც მრავალრიცხოვანი შეკრებისა და ლოცვის სახით, ყოველწლიურად აღინიშნება, რაზეც გავრცელებული კადრები მიუთითებს. The Moscow Times-ის მიხედვით, 2022 წლის 2 მაისს მოსკოველმა მუსლიმებმა რამადანის წმინდა თვის დასასრული მოსკოვის საკათედრო ტაძართან იზეიმეს.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მუსლიმური სახალხო ლოცვა მოსკოვში ჯერ კიდევ 2013 წელს ფიქსირდება. კერძოდ, პლატფორმა X-ზე მომხმარებელმა ოლღა ივშინამ 2013 წლის ოქტომბერში გაავრცელა ფოტო, რომელიც ასახავდა მუსლიმების მიერ ყურბან-ბაირამის აღნიშვნას.
The Moscow Times-ის მიხედვით, იდ ალ ადჰა მოსკოვში 2023 წელსაც აღინიშნა.
აღნიშნული ვიდეო არასწორი აღწერით სხვადასხვა ქვეყანაში 2022 წლიდან ვრცელდება და არაერთმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ ( Newschecker, Alt News, AFP Fact Check, You Turn ) გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში ფანტინა ფანტინა მის სხვა ანგარიშებთან ერთად ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ირინა სამაკაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.