14-15 ივლისს ფეისბუქზე გავრცელდა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგი ციტატა: “თუ სხვა ფეხბურთელებივით ვიტყვი, რომ ისრაელი მიყვარს, ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ამირჩევენ. მე მხარს ვუჭერ პალესტინას და ვგლოვობ უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც იქ იღუპებიან”.
ფეისბუქზე კრიშტიანუ რონალდუს სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ფეხბურთელს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
წლების განმავლობაში რონალდუს სახელით პალესტინის მხარდამჭერი სხვადასხვა ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. აღნიშნული ციტატა უკვე წლებია, რაც ვრცელდება. ყველაზე ადრე ფეისბუქზე ციტატა 2014 წლიდან იძებნება და კვლავ 2023 წლის შემოდგომაზე ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო გავრცელება. 2023 წლის ოქტომბერში ეს ციტატა ფაქტების გადამოწმების ყაზახურმა სამსახურმა Factcheck.kz, ხოლო 2024 წლის იანვარში ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა სამსახურმა Vox Ukraine გადაამოწმეს. ორივე გამოცემა აღნიშნავს, რომ ღია და სანდო წყაროებში ფეხბურთელის მსგავსი ციტატა არ იძებნება და პოსტის ერთ-ერთი პირველი წყარო ფეისბუქ-გვერდი Supporters of Palestine-Asian Chapter იყო.
-
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რონალდუზე სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაცია წლებია ვრცელდება
წლების მანძილზე ამ ციტატასთან ერთად ფეისბუქ-პოსტებში კიდევ რამდენიმე ყალბ მტკიცებას ვხვდებით: რონალდუმ ისრაელის ფეხბურთელებთან მაისურის გაცვლაზე უარი თქვა, რონალდუს “ოქროს ბუცის” აუქციონზე გაყიდვით შემოსული თანხა ფეხბურთელმა პალესტინელ ბავშვებს შესწირა, რონალდუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე უარი უთხრა.
2019 წელს ფეხბურთელის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ რონალდუმ “ოქროს ბურთის” გაყიდვით შემოსული თანხა პალესტინელებს შესწირა. ასევე აღსანიშნავია, რომ რონალდუ სხვადასხვა დროს ისრაელის რამდენიმე მინისტრს შეხვდა და ისრაელის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კატზს თავისი მაისურიც აჩუქა.
ასევე აქტიურად ვრცელდებოდა გაყალბებული ფოტო, რომელზეც ჩანს რომ თითქოს რონალდუს პალესტინის მხარდამჭერი პლაკატი უჭირავს.
გაყალბებული ფოტო |
რეალური ფოტო |
რეალური ფოტო 2018 წელს არის გადაღებული და რონალდუს ქალაქ ლორკას მხარდამჭერი პოსტერი უჭირავს წარწერით “ყველა ლორკასთვის”. ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა და მის მხარდასაჭერად საფეხბურთო კლუბმა მადრიდის რეალმა საქველმოქმედო მატჩი ჩაატარა.
2021 წელს ვრცელდებოდა ორი ვიდეო, თითქოს რონალდუმ ისრაელის პრეზიდენტის და ისრაელელი კაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. ვიდეოები АFP-მ გადაამოწმა, ერთ ვიდეოში რონალდუმ ხელი არ ჩამოართვა UEFA-ს მაშინდელ პრეზიდენტს მიშელ პლატინის, მეორეში ის მედალს იხსნის, ხოლო კაცი, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევაზე მან თითქოს უარი თქვა, საუდის არაბეთში იტალიის ელჩია.
2023 წლის შემოდგომაზე ასევე გავრცელდა კადრები, რომელშიც თითქოს რონალდუ ვიდეომიმართვაში პალესტინელების მხარდაჭერას გამოხატავდა, თუმცა რეალურად ვიდეო სირიის კონფლიქტში დაზარალებულ ბავშვებს ეხებოდა. კიდევ ერთი ვიდეოს მიხედვით, კი სოციალური ქსელების მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ რონალდუმ მოედანზე პალესტინის დროშა გაშალა, რეალურად კადრებში მაროკოელი ფეხბურთელი ჯავად ელ იამიქი ჩანს. კადრები Reuters-მა გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.