22 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა ლეგო გამოაქვეყნა ონლაინ გამოცემა On.ge-ს სქრინი, რომელზეც პაატა იმნაძის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, პაატა იმნაძემ განაცხადა, თითქოს პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება იმ ახალმა კვლევამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც “პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის” და ინფიცირების შანსს ზრდის”.
გავრცელებული სქრინი ყალბია. On.ge-ს საიტზე პაატა იმნაძის მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. ხოლო არსებული კვლევებით, პირბადეების სწორად ტარება ვირუსის გადადების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ონლაინ გამოცემა On.ge-ის ვებ-საიტზე პაატა იმნაძის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადება არ იძებნება. On.ge-ის მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ On.ge-ს აღნიშნული სტატია არ გაუვრცელებია და მსგავსი განცხადება არც პაატა იმნაძეს გაუკეთებია.
პაატა იმნაძის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არ არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. საკოორდინაციო საბჭოს 22 ივნისის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირდაბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
“მითების დეტექტორმა” On.ge-ის ლოგოთი გავრცელებული სხვა გაყალბებული ციტატები და ინფორმაციები არა ერთხელ გადაამოწმა:
- ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- ინფორმაცია, თითქოს აუცრელი მოქალაქეებისთვის კომენდანტის საათი ძალაში რჩება, ყალბია
რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პირბადეების ტარების მნიშვნელობის შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი
- გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.