27 აგვისტოს ფეისბუქზე შეიქმნა ახალი გვერდი – “ფაქტები და არჩევანი”. გვერდის პირველი პოსტის თანახმად, ის “მოხალისეობრივ საწყისებზეა” შექმნილი და დეზინფორმაციის გამოვლენას და “ფაქტებით მსჯელობას” ისახავს მიზანთ, რათა წინასაარჩევნო პერიოდში “ვერავინ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”.
გვერდი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ორგანიზაციად პოზიციონირებს, თუმცა რეალურად წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არჩევნებზე სადამკვირვებლო მოძრაობების მიმართ ნდობის შემცირებას ემსახურება. სხვადასხვა დროს გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების სამიზნე გახდნენ:
- ოპოზიციური პარტიები
- არასამთავრობო ორგანიზაციები
- ცესკო-ს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტორები
- არჩევნებზე სადამკვირვებლო მოძრაობები “ჩემი ხმა” და “დააკვირდი”
-
რა სახის პოსტებს აქვეყნებს “ფაქტები და არჩევანი”?
ჩვენს შესახებ განყოფილების კატეგორიებში გვერდს აღნიშნული აქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდია, თუმცა სხვა დეტალები რაიმე ორგანიზაციის შესახებ არსად არის მითითებული.
გვერდი საკმაოდ აქტიურია, 27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე გვერდზე უკვე 400-მდე პოსტია გამოქვეყნებული. “ფაქტები და არჩევანი” პოზიციონირებს, როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის ორგანიზაცია, თუმცა მისი ფეისბუქ აქტივობა სამთავრობო ექსპერტების მიერ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასების და მათი მოსაზრებების გავრცელებას უკავშირდება. გვერდზე ძირითადად ქვეყნდება გია აბაშიძის, დავით ჩიხელიძის, თამთა მეგრელიშვილის, ზაალ ანჯაფარიძის, მირიან ყარაულაშვილის, გიორგი იაკობაშვილის, ზურა ხაჩიძის კომენტარები. მათ მოსაზრებებს “ფაქტები და არჩევანი” აქვეყნებს როგორც პოსტების, ასევე საინფორმაციო ბარათების სახით.
აღნიშნული სახელისუფლებო ექსპერტების შეფასებები მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში ოპოზიციური ფლანგის კრიტიკასა და დისკრედიტაციას ეხება.
გვერდი აქტიურად ავრცელებს სახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებას, რომ ოპოზიციური ფლანგი ცესკო-ს დისკრედიტაციას ცდილობს და სურს არჩევნების შედეგებში წინასწარვე კითხვის ნიშნის ქვეშ უსაფუძვლოდ დააყენოს (1,2,3), ამ ბრალდების პარალელურად კი აქვეყნებს ცესკო-ს მხარდამჭერ პოსტებს (1,2,3).
მადისკრედიტირებელი პოსტების სამიზნე გახდა ცესკო-ს წევრი “სტრატეგია აღმაშენებლიდან” ანა კობახიძე, მას შემდეგ რაც ცესკოში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა (1,2,3). პოსტებში მას მიკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.
მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გააკრიტიკა ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება, ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური “ფაქტები და არჩევანის” მიერ გამოქვეყნებული პოსტების სამიზნე გახდა (1,2,3,4). “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ეკა გიგაური “ფაქტები და არჩევანის” მიერ ციტირებული სახელისუფლებო ექსპერტების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა(1,2,3) მას მერე, რაც 12 სექტემბერს აშშ-ის სენატში მოსმენაზე საქართველოზე იმსჯელეს და გიგაურმა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ ისაუბრა.
გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან მოხსენიებული “რადიკალურ” ძალად (1,2,3) რომელსაც “რევოლუციური სცენარის” განხორციელება სურს (1,2,3).
გვერდზე გამოქვეყნებული მადისკრედიტირებელი პოსტების სამიზნე გახდა ნინო ლომჯარია და 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმაც” (1,2,3). პოსტები მოძრაობას სიყალბეში, მიკერძოებულობასა და რევოლუციისთვის მზადებაში ადანაშაულებს.
პოსტებში (1,2,3) არჩევნებზე სადამკვირვებლო კიდევ ერთი მოძრაობა “დააკვირდი” “დესტრუქციულ” ოპოზიციასთან აფილირებულად, “ნაცმოძრაობის დანამატად” და “ნაცენჯეოდ” მოიხსენიება.
-
“ფაქტები და არჩევანი” არღვევს მეტას სარეკლამო სტანდარტებს
აღსანიშნავია ისიც, რომ გვერდი არღვევს მეტას სტანდარტებს პოლიტიკასთან, არჩევნებთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ რეკლამებზე. ამ ტიპის პოსტების დასპონსორებისას, რეკლამის დამკვეთი ვალდებულია, გამჭვირვალობისთვის მიუთითოს, რომ პოსტი პოლიტიკასთან, არჩევნებთან ან სოციალურ საკითხებთან არის დაკავშირებული, ასევე მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. ასეთ დროს დამატებით ხელმისაწვდომი ხდება, ინფორმაცია თუ რა თანხით არის დასპონსორებული პოსტი და რა აუდიტორიას მიაღწია. იმის გამო, რომ “ფაქტები და არჩევანი” პოსტებს ამ წინაპირობების დარღვევით ასპონსორებს, ისინი რეკლამების ბიბლიოთეკის არქივში არ ინახება და რეკლამის ვადის გასვლის შემდეგ აღარ არის ხელმისაწვდომი.
სქრინშოტების გადაღების თარიღები: 10 სექტემბერი, 12 სექტემბერი, 13 სექტემბერი
სქრინშოტების გადაღების თარიღი:13 სექტემბერი