“ობიექტივის” წამყვანი ამტკიცებს, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლება აშშ-ზე მეტადაა დაცული

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

killed journalists
494
VIEWS

2017 წლის 18 ნოემბერს ტვ “ობეიქტივის” გადაცემა “ოქროს კვეთოს” წამყვანმა და პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ აშშ-სთან შედარებით რუსეთში სიტყვის თავისუფლება უფრო მეტად არის დაცული. ამ მტკიცების დასტურად  გადაცემის ავტორმა მაყურებელს Россия 1-ის წამყვანისა და Russia Today-ს ხელმძღვანელის დმიტრი კისილიოვის განცხადება შესთავაზა, სადაც კისილიოვი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ აშშ-ში RT America-ს “უცხოურ აგენტად” რეგისტრირებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთში 19 ტელეკომპანია დაუბრკოლებლად მაუწყებლობს.

ვალერი კვარაცხელია: „ახლა რუსეთს უკვე შეუძლია პირდაპირ თავში ურტყას ამერიკას და ამერიკელებს სწორედ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ დღეს რუსეთში გაცილებით უფრო მეტად არის დაცული სიტყვის თავისუფლება. 19 მედიასაშუალება მუშაობს რუსეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ აიტანეს ის, რასაც „რაშა თუდეი“ აკეთებდა. უბრალოდ ლაპარაკობდა იმას, რაც ამერიკელებს არ მოსწონთ, მაგრამ ეს აუტანელი გახდა ამერიკელებისთვის.“

“ობიექტივის” წამყვანის მტკიცება აბსურდულია, რადგან Freedom House-ის მონაცემებით, პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების რიგებშია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (RWB) პრესის თავისუფლების ინდექსში კი 180 ქვეყნიდან იგი 148-ე ადგილს იკავებს. 1993 წლიდან მოყოლებული კორუფციის, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საგამოძიებო მასალების გამო რუსეთში 38 ჟურნალისტია მოკლული. ქვეყანაში თითქმის ყველა წამყვან მედია საშუალებას ხელისუფლება, ან კრემლთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ.

რუსეთში მოკლული ჟურნალისტები

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (Committee to Protect Journalists – CPJ) მონაცემების თანახმად, 1993 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რუსეთში 38 ჟურნალისტი მოკლეს. ამ რიცხვში არ შედის საშიში დავალების შესრულებისას ან ომში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა. 38-დან 33 საქმე რუსეთში გამოუძიებელია და ჟურნალისტთა მკვლელობის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა. CPJ-ის ინფორმაციით, რუსეთში მოკლული ჟურნალისტები მეტწილად კორუფციის და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდნენ, მათ მიმართ სროლის სავარაუდო წყარო კი უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები და კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიან.

რუსო
წყარო: Committee to Protect Journalists

რუსო 2

წყარო: Committee to Protect Journalists

2017 წელს რუსეთში ორი ჟურნალისტი მოკლეს

ნიკოლაი ანდრუშჩენკო, რომელიც გაზეთ “ნოვი პეტერბურგისთვის” რუსეთში კორუფციისა და პოლიციელების მხრიდან სისასტიკის თემატიკაზე მუშაობდა, 2017 წლის 19 აპრილს სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში ცემისგან მიყენებული დაზიანებებისა და ჭრილობებისგან გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 6 კვირით ადრე, 9 მარტს, მას თავს დაესხნენ. ანდრუშჩენკო ვლადიმირ პუტინს ღიად აკრიტიკებდა და მისი საგამოძიებო ნაშრომები კორუფციასა და პოლიციელების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს შეეხებოდა. CPJ-ის თქმით, ანდრუსჩენკოს მკვლელობა რუსეთში ჟურნალისტის მკვლელობის პირველი შემთხვევა იყო 2013 წლის შემდეგ. ანდრუშჩენკოს მკვლელობისთვის ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ჯურნ

დმიტრი პოპკოვი ციმბირში დამოუკიდებელი ადილობრივი გაზეთის Ton-M-ის მთავარი რედაქტორი იყი. ჟურნალისტის ცხედარი 2017 წლის 24 მაისს ქალაქ მინუსინკში, პოპკოვის სახლის უკანა ეზოში 5 ტყვიით იპოვნეს. პოპკოვი და მისი გაზეთი საგამოძიებო მასალებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კორუფციის საკითხებზე აქვეყნებდა. პოპკოვი ცნობილი იყო რუსეთის მმართველი პარტიის კრიტიკისთვის. გაზეთი Ton-M იბეჭდებოდა სლოგანით “ჩვენ ვწერთ იმას, რის შესახებაც სხვები დუმან. გაზეთი და რედაქცია არაერთხელ გამხდარა დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის იყო საპოლიციო რეიდები. ანდრუშჩენკოს საქმის მსგავსად, პოპკოვის მკვლელობის გამოც პასუხისგებაში არავინ მიცემულა.
ჯ

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა

რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც “ნოვაია გაზეტა”-სთვის მუშაობდა, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საცხოვრებელ კორპუსში მოკლული იპოვნეს. პოლიტკოვსკაია ცნობილი იყო ჩეჩნეთში რუსი სახმედროების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხებზე საგამოძიებო მასალებით.

CPJ-ის ცნობით, ბესლანის კრიზისის გასაშუქებლად გზაზე პოლიტკოვსკაია მოწამლეს და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ტოქსინის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, რადგანაც სამედიცინო პერსონალს სისხლის ანალიზის პასუხების განადგურება აიძულეს.

2001 წელს პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის ვედენოს რეგიონში ჩეჩნეთში აკრედიტაციის გარეშე შესვლის მოტივით დააკავეს. CPJ-ის კვლევის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს პოლიტკოვსკაია სამი დღის განმავლობაში უწყლოდ და უსაკვებოდ ჰყავდათ დაკავებული, ხოლო სამხედრო ოფიციერი მას მოკვლით ემუქრებოდა. შვიდი თვის შემდეგ ოფიცრისგან, რომელსაც პოლიტკოვსკაია მშვიდობიანი მოსახლეების წინააღმდეგ დანაშაულებებში სდებდა ბრალს, მკვლელობის მუქარა მიიღო. 2001 წლის სექტემბერში პოლიტკოვსკაიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “გაუჩინარებული ადამიანები”, რომელშიც ის ОМОН-ს (Отряд мобильный особого назначения) და კონკრეტულად ლეიტენანტ სერგეი ლაპინს ჩეჩენი ზელიმხან მურდალოვის წამებაში სდებდა ბრალს. იმავე წელს ნოვაია გაზეტას რედაქციამ ლაპინის მხრიდან მუქარის წერილი მიიღო, რის გამოც პოლიტკოვსკაია იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა და ვენაში გადასულიყო.

2014 წელს მოსკოვის სასამართლომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 პირს პატიმრობა მიუსაჯა. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის თქმით, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობამ რუსეთში სიტყვის თავისუფლება დაასამარა.

დამოუკიდებელი მედია საშუალებების საკუთრებისა და სარედაქციო ხელმძღვანელობის შეცვლა

BBC-ის ცნობით, მთავარი ნაციონალური ტელევიზიების უმეტესობას რუსეთში პირდაპირ ხელისუფლება, ან კრემლთან დაახლოებული პირები ფლობენ. ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებების კონტროლი ერთი მხრივ ამ მედიების მფლობელების კრემლთან დაახლოებული პირების ჩანაცვლებით, მეორე მხრივ კი სარედაქციო კოლეგიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლით მოხდა.

ტელეკომპანია НТВ

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის ჩახშობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ტელეკომპანია НТВ-ს უკავშირდება, რომელსაც 2001 წლის მედია ჰოლდინგი “გაზპრომ მედია” ფლობს. НТВ 1993 წელს ჩამოყალიბდა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ ღიად კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა. 2000 წელს საგადასახადო პოლიციამ, რომელსაც ზურგს ФСВ და რუსეთის პროკურატურა უმაგრებდა, ტელეკომპანია დაარბია, ხოლო მფლობელი ვლადიმირ გუსინსკი დააკავა.

РБК

2016 წლის მაისში მედიაჯგუფ РБК-ს სამი მთავარმა რედაქტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც Guardian-ი იუწყება, რედაქტორების გადადგომა კრემლის მხრიდან მათ დაშინებას უკავშირდება, რადგანაც მედია ჯგუფმა რამდენიმე საგამოძიებო მასალა, მათ შორის Panama Papers-ის საგამოძიებო სტატიები გააშუქა.

Forbes

2016 წლის იანვარში, რუსული კანონის თანახmად, რომელიც რუსეთში მედია კომპანიების უცხოელების მიერ ფლობას ზღუდავს, გერმანულ ჯგუფს ალქეს სპრინგერს რუსულ ფორბსში არსებული წილების დათმობისკენ მოუწია. 2014 წლის სექტმბერში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ნებისმიერი ტიპის მედიაში უცხოური კაპიტალის 20 %-ით შეიზღუდა. რუსეთში აღნიშნულ კანონს “ვედომოსწის და ფორბსის კანონს” უწოდებდნენ, რადგანაც კრიტიკოსების შეფასებით, ეს კანონი სწორედ ბიზნეს ნიუ მედიას (რომელიც მოიცავს “ვედომოსწისაც) და ფორბსის წინააღმდეგ იყო მიმართული. ორივე გამოცემა უცხოურ კომპანიებს ეკუთვნოდა. ფორბსის მფლობელობის შესახებ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცემის 100 %-იანი წილი რუსმა ბიზნესმენმა ალექსანდრ ფედოტოვმა შეიძინა.

Grani.ru

2014 წლის მარტში რუსეთის გენერალურმა პროკურორმა“არალეგალური საქმიანობის წაქეზების” მოტივით  ოპოზიციური ვებ-გვერდის Grani.ru-ს დაბლოკვა მოითხოვა. Grani.ru იყო პირველი ონლაინ გამოცემა, რომელიც რუსეთში დაბლოკეს, რომელსაც მალევე მოჰყვა იმავე მოტივით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ვებ-გვერდების Kasparov.ru -სა და Ежедневный Журнал-ის (ყოველდღიური ჟურნალი) დაბლოკვა.

ტელეკომპანია “Дождь”

2014 წლის იანვარში “Дождь”-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა “უნდა დანებებოდა თუ არა ლენინგრადი ნაცისტებს ასიათასობის ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად?” გამოკითხვის შემდეგ რუსეთის საკაბელო ტელევიზიების პროვაიდერებმა მათი სერვისიდან ტელეკომპანია “Дождь”-ი მოხსნეს, რასაც ისინი გამოკითხვის გამო გაბრაზებული და შეურაცხყოფილი მომხარებლის პასუხად ხსნიდნენ. ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა ნატალია სინდეევამ კი საკაბელო პროვაიდერები ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების შესრულებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, პროვაიდერების მიერ ტელეკომპანიის მოხსნის რეალური მიზეზი არა ლენინგრადის შესახებ გამოკითხვა, არამედ მაღალი თანამდებობების პირების მდიდრული აგარაკებისა და ძვირადღირებული ფუფუნების ნივთების შესახებ რეპორტაჟები იყო.

რუსული გამოცემა Meduza-სა და ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბოლო 5 წელიწადში კრემლი 12 მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერია, რასაც მეტწილად სარედაქციო კოლეგიის შეცვლა და ჟურნალისტების მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

კანონმდებლობა მედიის შინაარსობრივი რეგულირების მიზნით

რუსეთში მედიას სამი ძირითადი კანონი არეგულირებს: 1991 წლის კანონი მასობრივი საშუალებების შესახებ, 2003 წლის კანონი კომუნიკაციების შესახებ და 2006 წლის კანონი ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცულობის შესახებ. აღნიშნული კანონები მეტწილად რუსეთში მედია საშუალებების შინაარსობრივი რეგულირებისთვის გამოიყენება, რომელსაც სათავეში “კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახურის” იგივე Роскомнадзор-ი უდგას.

მედიის შინაარსობრივი კონტროლის ერთ-ერთი მაგალითი “მასობრივი საშუალებების შესახებ კანონის” მე-4 მუხლია, რომელიც მედიების მიერ ექსტრემისტული საქმიანობის გაშუქებას ეხება. კერძოდ, მე-4 მუხლში აღნიშნულია, რომ:

  • “ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ ფედერაციული კანონის” ფარგლებში ლიკვიდირებული ან აკრძალული საზოგადოებრივი გაერთიანებების ან სხვა ორგანიზაციების გაშუქებისას, მიუთითონ, რომ აღნიშნული გაერთიანებები ან ორგანიზაციები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლიკვიდირებული/აკრძალულია.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ მედია საშუალება ექსტრემისულ მასალას ავრცელებს.  აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში მედია საშუალებების პასუხისმგებლობა ითვალისწინებს როგორც იურიდიული პირის მიმართ 40-50 ათას რუბლის ოდენობის ჯარიმასა და შესაბამისი ჟურნალისტური მასალის გავრცელების შეწყვეტას, ასევე მედია საშუალების საქმიანობის შეჩერებას.

გარდა იმისა, რომ ამ კანონის ფარგლებში ჟურნალისტები ვალდებულები არიან ტერორისტული დაჯგუფებების სახელების ხსენებისას გამოიყენოთ ფორმულირება “რუსეთში აკრძალული”, Human Rights Watch-ის შეფასებით“ექსტრემიზმის” შესახებ რეგულაციებს რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

კანონმდებლობის მედიის შინაარსობრივი რეგულაციის მიზნით გამოყენებას ტელეკომპანია Дождь-ის შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი, როდესაც 2016 წლის 5 ივლისს მოძრაობა “ანდიმაიდანმა” ტელეკომპანიის წინააღმდეგ რუსეთის გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართა. “ანტიმაიდანის” განმარტებით, Дождь-ი “ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ” ფედერაციულ კანონს არღვევდა, რადგან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ 32-მდე მასალაში ფრაზა “რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია” მითითებული არ იყო. რუსული კანონი საქართველოში დაფუძნებულ რუსულ-ენოვან გამოცემა Sova.news-საც გადაწვდა. Роскомнадзор-ი Sova.news-ს ედავებოდა, რომ მან თარხან ბათირაშვილის შესახებ მომზადებულ მასალაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინ  სიტყვები “რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია” არ მიუთითა. ამის საფუძველზე ქართული გამოცემა რუსეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი იყო.

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, 2014-2016 წლებში “ექსტრემისტული გამოხატვის” გამო ბრალდებების 85 % ონლაინ გამოხატვას ეხებოდა, პასუხისმგებლობა კი როგორც ჯარიმებსა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ასევე პატიმრობას გულისხმობდა. HRW-ის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის პერიოდში “ექსტრემისტული გამოხატვის” გამო პატიმრობის მისჯის რაოდენობა 54-დან 94-მდე გაიზარდა. მაგალითად, 2015 წლის დეკემბერში ბლოგერს ქალაქ ტომსკიდან 5 წლიანი პატიმრობა სწორედ “ექსტრემიზმის” გამო შეეფარდა. მან Youtube-ზე და სოციალურ მედიაში ღიად გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. მომდევნო წელს კიდევ ერთ ბლოგერს “ტერორიზმის საჯაროდ გამართლების” მოტივით 2,5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მას შემდეგ, რაც მან სირიაში რუსეთის სამხედრო ჩართულობა გააკრიტიკა.

2016 წლის ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა “იაროვას კანონებით” ცნობილ ანტიტერორისტულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტ სერვისების პროვაიდერებს ავალდებულებს, შეინახოს ყველა საკომუნიკაციო ჩანაწერი 6 თვის, ხოლო ყველა მეტამონაცემი 3 წლის განმავლობაში. Freedom House-ის შეფასებით, აღნიშნული კანონით სახელმწიფო უსაფრხოების სისტემას მათთვის საჭირო ნებიმიერ ინფორმაციაზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ექსტრემიზმის ბრალდების სასჯელი ოთხიდან რვა წლამდე გაიზარდა. Freedom House-ის თქმით, რუსეთის სასამართლო “ტერორიზმს” მკაფიოდ არ განმარტავს, რის გამოც ინტერნეტ მომხარებელს, რომელსაც “ტერორიზმში დაადანაშაულებენ” ახლა უკვე 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სოციალური მედიის კონტროლი
ექსტრემიზმისა და მასობრივი არეულობების შესახებ საკანონმდებლო ნორმებს რუსეთის ხელისუფლება სოციალური მედიის რეგულირებისთვისაც იყენებს, რისი მიზანი სოციალურ ქსელებში კრემლის მიმართ ღიად კრიტიკული ხმების ჩახშობაა. მაგალითად, “რადიო თავისუფლების” ცნობით, 2017 წლის 13 დეკემბერს Роскомнадзор-მა სოციალურ ქსელ Twitter-ს უახლოეს საათებში ნავთობკომპანია YUKOS-ის ყოფილი მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ღია რუსეთი” ტვიტერის ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში Роскомнадзор-ი რუსეთის ტერიტორიაზე Twitter-ის დაბლოკვით იმუქრება.

მოძრაობა “ღია რუსეთი” Роскомнадзор-მა უკვე შეიყვანა იმ რესურსების რეესტრში, რომელიც “მოუწოდებს მასობრივი არეულობისკენ, ახორციელებს ექსტრემისტულ საქმიანობას ან იყენებს ისეთი უცხოური თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო მასალებს, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად მიიჩნევა.”

რუსეთი პრესის თავისუფლების საერთაშორისო ინდექსებში

Freedom House-ის მონაცემებით, რუსეთში პრესის თავისუფლება წლიდან წლამდე უარესდება. 2003 წლიდან რუსეთმა ნაწილობრივ თავისუფალიდან “არათავისუფალი” ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, რაც კერძო ტელეკომპანია TVS-ის (რუს. ТВС) დახურვით იყო განპირობებული. 2003 წლიდან მოყოლებული რუსეთი პრესის თავისუფლების ინდექსში “არათავისუფალ” ქვეყნად არის მოხსენიებული. 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთს 100-დან 83 ქულა აქვს მინიჭებული, სადაც 100 პრესისთვის ყველაზე არათავისუფალ გარემოს აღნიშნავს.

Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ხელისუფლებას მედიის შინაარსობრივი რეგულირების ძალაუფლებას ანიჭებს. ანგარიშში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე ზეწოლა, რაც ძირითადად აგრესიულ საგადასახადო შემოწმებასა და სისხლის სამართლის დანაშაულებების გამოძიებაში გამოიხატება.

Freedom House: “ტელევიზია, რომელიც ჯერ კიდევ არის სიახლეებისა და ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო, ხშირად ხელისუფლების ხელში პროპაგანდის ინსტრუმენტად ფუნქციონირებს. მეინსტრიმული მედია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მმართველი “ერთიანი რუსეთის” მიმართ  აშკარად მიკერძოებული იყო. მედია ასევე თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ნარატივებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და სირიაში სამხედრო ინტერვენცია. ამ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების გავრცელებამ შესაძლოა ვებ-გვერდების დაბლოკვა ან პატიმრობა გამოიწვიოს.”

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ რუსეთში მძიმე სიტუაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (RWB) პრესის თავისუფლების ინდექსიც მიუთითებს. მათი მონაცემებით, 2016 წლის მდგომარეობით რუსეთში პრესის თავისუფლების ინდექსი 49.03-ია და ნუსხაში 180 ქვეყნიდან 148-ე ადგილს იკავებს. RWB-ს შეფასებით, 2012 წელს ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ვებ-გვერდების დაბლოკვა და დრაკონული კანონები მკვეთრად გაძლიერდა. წამყვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემები ან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა, ან საერთოდ დაიხურა.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist