24 აპრილს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, რამოდენიმე საათში 63 წლის კაცს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.“AstraZeneca-ს ვაქცინის მორიგი უკუჩვენება” – ასე იწყებს ჩართვას ჟურნალისტი არჩილ არევაძე.
ამავე დღეს “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში წამყვანმა ნინო რატიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართო მისი მეუღლე. გადაცემაში რატიშვილი ამბობს, რომ 63 წლის კაცმა აცრა გაიკეთა და ღამე კომაში ჩავარდა. სატელეფონო ჩართვაში მისი მეუღლე საუბრობს იმაზე, რომ აცრის წინ კაცს “არანაირი კონტროლი არ გაატარეს”, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
“იცოდნენ, რომ ვმკურნალობდით, იცოდნენ, რომ 250-ზე ადიოდა წნევა. ეს იცოდნენ ჩვენი მიწოდებული ინფორმაციით და არანაირი კონტროლი არ გაატარეს, არა სისხლის აღება, სიტყვაზე, არა წნევის გაზომვა, არაფერი, სრული უყურადღებობით. მივედით, უბრალოდ გასაუბრება გაგვატარეს და აცრა გაუკეთეს”. – ამბობს ის, ასევე აღნიშნავს, რომ აცრის შემდეგ პაციენტს 45 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა სახლში მისვლის შემდეგ, ღამის 3 საათზე დამძიმდა. “6-7 საათი რომ გავიდა და წამალმა რეაქცია დაიწყო, დამძიმდა”. – ამბობს ის.
ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 63 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა და მდგომარეობის დამძიმებას ჟურნალისტი და წამყვანი AstraZeneca-ს ვაქცინას მტკიცებულების გარეშე უკავშირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შემთხვევა არ განისაზღვრა, როგორც ვაქცინასთან დაკავშირებული. გადაცემებში მოყვანილია 63 წლის კაცის მეუღლის განცხადება, რომ მას არ ჩაუტარდა გამოკვლევები, თუმცა არ არის განმარტებული, რომ ვაქცინაციის პროტოკოლი წინასწარი კვლევების ჩატარებას არ ითვალისწინებს.
63 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება მათთან არ შესულა, ვინაიდან ეს შემთვხვევა ვაქცინასთან ასოცირებულად არ განისაზღვრა. “პაციენტი მძიმე ქრონიკული დაავადების გამო ხშირად ხვდებოდა კლინიკაში და ბოლო ეპიზოდიც მის მძიმე დიაგნოზს უკავშირდება.”- განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
რაც შეეხება 63 წლის კაცის მეუღლის განცხადებას იმის შესახებ, რომ აცრის წინ ის მხოლოდ გამოკითხეს და გამოკვლევები არ ჩაუტარებიათ, ამ შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი კვლევების ჩატარებას ან მედიკამენტოზური მომზადებას არცერთი მწარმოებლის ინსტრუქცია არ ითვალისწინებს. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციამდე თითოეული პირი ექიმის კონსულტაციას გადის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებელი სპეციალური კითხვარი ივსება, ხოლო აცრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას კონსულტაციის შემდეგ ექიმი იღებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “ობიექტივი” კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს. იხილეთ ამ თემაზე “მითების დეტექტორის” მიერ წასრულში მომზადებული მასალები:
- ანტივაქსერის დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები “ობიექტივის” ეთერში
- რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვა?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.