“ობიექტივი” ნეიტრალიტეტის თემაზე ქუჩის გამოკითხვით მანიპულირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

148
VIEWS

2022 წლის 1 აპრილს მედია-კავშირ “ობიექტივზე” საინფორმაციო გამოშვებაში “ნამდვილი ამბები” ნეიტრალიტეტის თემაზე სიუჟეტი გავიდა. 

სიუჟეტში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ნატომ უკრაინა გაწირა და ისე არ დაეხმარა, როგორც ჰპირდებოდა. მისი თქმით, გამოსავალს უკრაინაც ნეიტრალიტეტში ხედავს, ეს კი ევროინტეგრაციის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც ეჭვებს უჩენს. “ობიექტივის” ეთერში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი უალტერნატივოა და ამასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაშიც მკაფიო პოზიციაა. ამ დასკვნას ჟურნალისტი საზოგადოებრივ გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს, რომელიც ამავე გადაცემაში გავიდა. გამოკითხვაში მხოლოდ ის კომენტარები გვხვდება, რომელშიც მოსახლეობა ნეიტრალიტეტს ემხრობა და ნატოს უსაფრთხოების გარანტად არ განიხილავს. 

Screenshot 4 6 “ობიექტივი” ნეიტრალიტეტის თემაზე ქუჩის გამოკითხვით მანიპულირებს

ნეიტრალიტეტის თემაზე “ობიექტივის” ეთერში გასული სიუჟეტი მანიპულაციურია და ფაქტების ინტერპრეტაციით ცდილობს მაყურებელი ნეიტრალიტეტის უალტერნატივობაში დაარწმუნოს. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მტკიცება, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს:  1) ამ საკითხზე NDI-ის უკანასკნელი, 2021 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობაში 77%-მდე გაიზარდა; 2) ნატო რუსეთ-უკრაინის ომში სამხედრო მოქმედებებში ფიზიკურად ჩართული არ არის, თუმცა ალიანსის წევრები უკრაინას შეიარაღებას უგზავნიან, ასევე მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ეხმარება თუ არა ნატო უკრაინას?

სიუჟეტის მთავარი ფოკუსი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაა, რომელიც, “ობიექტივის” მიხედვით, უკრაინას სათანადოდ არ ეხმარება. უკრაინა არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაზე ნატოს მე-5 მუხლი, რომელიც ალიანსის ნებისმიერ წევრზე იერიშის მიტანის შემთხვევაში, კოლექტიურ უსაფრთხოების პრინციპს გულისხმობს ვერ გავრცელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის პროცესში ნატოს  წევრი ქვეყნები მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ უკრაინას. უკრაინაში როგორც შეიარაღებას, ისე ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას აგზავნიან. ასევე მოწყობილობებს, რომელიც მათ კიბერთავდასხმებისგან თავის არიდებაში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოაქტიურ და ბირთვულ იარაღთან გამკლავებაში ეხმარება. 

ითხოვს თუ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნეიტრალიტეტს?

გადაცემაში, ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს. ჟურნალისტი დასკვნას საზოგადოებრივ გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს, რომელიც ამავე გადაცემაში გავიდა. გამოკითხვაში მოსახლეობის მხოლოდ ის კომენტარები გვხვდება, რომელშიც ისინი ნეიტრალიტეტს ემხრობიან და ნატოს უსაფრთხოების გარანტად არ განიხილავენ. ქუჩის გამოკითხვა (vox pop) მისი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე არ არის წარმომადგენლობითი და არ შეიძლება ასახავდეს მოსახლეობის პოზიციას, გარდა ამისა, რესპონდენტებიდან “ობიექტივს” შესაძლოა შერჩეული ჰქონდეს მხოლოდ ის პასუხები, რომლებიც ამ მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკასთანაა თანხვედრაში, რასაც ტელეკომპანიას კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” აფილაცია განაპირობებს. აღნიშნული პარტია კი წლებია სწორედ ნეიტრალიტეტის თემას ადვოკატირებს.

აღსანიშნავია, რომ ნატოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევები ყოველ წელს ტარდება. საზოგადოებრივი განწყობების თაობაზე NDI-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას 74% ემხრობა, ხოლო 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნატოში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობაში 77%-მდე გაიზარდა.

Screenshot 5 6 “ობიექტივი” ნეიტრალიტეტის თემაზე ქუჩის გამოკითხვით მანიპულირებს
საზოგადოების დამოკიდებულება NATO-ში გაწევრიანების თაობაზე NDI-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით. 

რას გულისხმობს ნეიტრალიტეტი და ხელსაყრელია თუ არა ის საქართველოსთვის?

 საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნეიტრალიტეტი გულისხმობს ყოველგვარ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმას და საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამოუკიდებლად დაცვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კოლოსალურ თანხებთან და მძლავრ სამხედრო-თავდაცვით სექტორთან არის დაკავშირებული, ნეიტრალიტეტს სჭირდება გარანტიები მეზობელი სახელმწიფოებისგან, რუსეთი კი ვერასოდეს იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორი, რადგან მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები. მაგალითისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ 1994 წელს ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, დნესტრისპირეთის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებლად რჩება, ხოლო მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული ჯარები დღემდეა განთავსებული.

ნეიტრალიტეტის თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

რა სახის ნეიტრალიტეტს განიხილავს უკრაინა?

საქართველოს ნეიტრალიტეტის მომგებიანობაზე ხაზგასასმელად “ობიექტივი” ფაქტების დამახინჯებითა და ინტერპრეტაციით უკრაინის შემთხვევას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს. თავად უკრაინა კი ნეიტრალიტეტზე მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ განიხილავს. უკრაინას ეყოლება გარანტორი ქვეყნები და თუ ქვეყანა აგრესიის ობიექტი გახდება, კონსულტაციების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გარანტორებმა უკრაინა უნდა მოამარაგონ შეიარაღებით, გაუწიონ სამხედრო დახმარება და დაკეტონ ცა. ამ გარანტიების მიღების შემდეგ, უკრაინა მიიღებს “უბლოკო ქვეყნის” სტატუსს”, დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. გარანტორ ქვეყნებად კი  აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია მოიაზრებიან. ზოგიერთი უსაფრთხოების ანალიტიკოსის აზრით, ეს შეთანხმება ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინას ჰგავს, უბრალოდ სხვა სახელწოდებით. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგად შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ ნეიტრალიტეტის თაობაზე რუსეთისა და უკრაინის ხედვები განსხვავდება. რუსეთის მოთხოვნებში სახელდებოდა უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, რაც სახელმწიფოს საკუთარი ნეიტრალიტეტის დაცვის შესაძლებლობას ართმევს, ეს კი უკრაინისთვის მიუღებელია. 

ნეიტრალიტეტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა, გარდა “ობიექტივისა” ამ თემაზე ასევე წერდა პრო-რუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ირაკლი ჯანყარაშვილის ფეისბუქ გვერდი ანტილიბერალური დოქტრინა და პორტალი infoanalytical.ge, ასევე კიდევ ერთი პრო-რუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდი კონსერვატორი ქალები, სადაც პარტიის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშიას განცხადებაა გამოქვეყნებული. აღნიშნული წყაროები “ობიექტივის” მსგავს რიტორიკასა და მიდგომას იყენებენ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფება იყო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად  “დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას” ასახელებს


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist