ნიკოლოზ მჟავანაძის მანიპულაცია საქართველოში მეჩეთების მშენებლობაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

446
VIEWS

14 აგვისტოს ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი ტექსტით „დასავლეთ საქართველოში 300 მეჩეთი რამდენიმე წელიწადში აშენდა, მალე ქვეყანას სახელიც გადაერქმევა“. პოსტს თან ერთვის რუკის ფოტოსქრინი, სადაც მეჩეთებია მონიშნული. 

Screenshot 20 4 ნიკოლოზ მჟავანაძის მანიპულაცია საქართველოში მეჩეთების მშენებლობაზე

ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, თითქოს საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი რამდენიმე წელიწადში აშენდა, მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკანასკნელ პერიოდში დასავლეთ საქართველოში მეჩეთების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რეალურად მთელი საქართველოს მასშტაბით 430-მდე ფუნქციური მეჩეთია, თუმცა 1991 წლიდან დღემდე აჭარა-გურიასა და სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 80-მდე მეჩეთი აშენდა.

ნიკოლოზ მჟავანაძეს პოსტში რუკის ფოტოსქრინი მანიპულაციურად აქვს გამოყენებული და გარდა იმისა, რომ რუკაზე 300 მეჩეთი არ არის დატანილი, აღნიშნულ ფოტოსქრინზე მონიშნულია არა მხოლოდ ახალი, არამედ ძველი ისტორიული მეჩეთებიც. მაგალითისთვის, ფურტიოსა და ზვარეს მეჩეთები საუკუნეზე მეტი ხნისაა.

რაც შეეხება რაოდენობას, გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილეს ბატონ მინდია ირემაძეს დაუკავშირდა, რომელმაც  სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სინამდვილეში 1991 წლიდან ანუ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე დასავლეთ საქართველოში (აჭარა-გურია) და სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 80-მდე მეჩეთი აშენდა, აქედან 17 მეჩეთი ძირითადად სოფლებში, დანგრეული ძველი სამლოცველოს ნანგრევებზე იქნა აშენებული, ხოლო დანარჩენი ან ახალი მეჩეთია, ან სახლში გახსნილი სალოცავი, იმერეთსა და სამეგრელოში კი თითო-თითო სამლოცველო აშენდა. 

მინდია ირემაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სამუფთო მუშაობს და წლის ბოლოს გამოსცემს ოფიციალურ ჟურნალს, რომელშიც მათი აშენების წელთან ერთად დასავლეთ საქართველოს ყველა მეჩეთი იქნება დატანილი.

“მითების დეტექტორი” ასევე დაუკავშირდა ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირს”. მათი ინფორმაციით, მთელ საქართველოში 430-მდე ისტორიული და ფუნქციური მეჩეთია. 

აღსანიშნავია, რომ საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით ქართველი მუსლიმები სხვადასხვა გამოწვევას აწყდებიან. საბჭოთა რეჟიმმა ქართველ მუსლიმ თემს მრავალი საკულტო ნაგებობა ჩამოართვა, რომელთა ნაწილი დაანგრიეს, ნაწილს კი დანიშნულება შეუცვალეს. “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მუსლიმ თემს ფაქტობრივ მფლობელობაში არ დაბრუნებია ჩამორთმეული ძეგლები. 2014 წელს სახელმწიფომ მას მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადასცა მეჩეთების ნაწილი, რომლებიც არ მოიცავს იმ ე.წ სადაო ნაგებობებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში იქნა ჩამორთმეული. ამასთან ერთად,  მუსლიმ თემს გადაცემულ ძეგლებზე განკარგვის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს და არ მიუწვდება ხელი მათ რეალიზაციასა თუ რესტავრაციაზე. 

მუსლიმი თემი ვერ სარგებლობს ახალი საკულტო ნაგებობის აშენების უფლებითაც, რისი თვალსაჩინო მაგალითია ბათუმის ახალი მეჩეთი, რომლის საქმეშიც ბათუმის მერია მშენებლობის მთავარი მოწინააღმდეგე მხარეა სასამართლოში. ახალი სამლოცველოს გახსნას წინააღმდეგობა შეხვდა სამთაწყაროს, ბუკნარის, წინწყაროსა და ნიგვზიანის დასახლებებშიც.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist