News Front-მა ცერცვაძის განცხადება გააყალბა და ინფიცირებულების საკუთარი სტატისტიკა გამოაქვეყნა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sg
622
VIEWS

27 მაისს კრემლთან დაკავშირებულმა გამოცემამ News Front Georgia გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სკანდალი – საქართველოში 370 000-მდე პირმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი. აცხადებს ცერცვაძე”. სათაური არ შეესაბამება სტატიის ტექსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტირებები ტარდება, რათა იმ ადამიანების რაოდენობა გამოვლინდეს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. “ნიუსფრონტი” წერს, რომ ცერცვაძის თქმით, კვლევა 1 000 ჯანმრთელ ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 6-10%-ს ანტისხეულები გამოუვლინდა. ამ განცხადებიდან გამომდინარე, “ნიუსფრონტის” რედაქცია მიიჩნევს, რომ ვირუსი საქართველოს მასშტაბით 370 ათასამდე ადამიანს ექნება გადატანილი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებით News Front Georgia ასევე მეორე სტატიაში სათაურით, “ცერცვაძის სენსაციური განცხადება ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადების ფონზე” წერს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევიტი თვითიზოლაციას უფრო დიდ პრობლემად თვლის, ვიდრე თავად კორონავირუსს. ის მიიჩნევს, რომ თვითიზოლაციამ მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე გადაარჩინა. “ნიუსფრონტი” თვლის, რომ ლევიტის ეს განცხადება შესაბამისობაში მოდის ცერცვაძის განცხადებასთან, თითქოს 370 ათას ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

News Front Georgia: “საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 6-დან 10 პროცენტამდე რიცხვი 222-370 ათას ადამიანს უდრის, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას 500-ჯერ აღემატება.”

News Front Georgia: “…თენგიზ ცერცვაძეს ახლა მოუწევს იმის ახსნა, თუ ამდენი ხანი რატომ მალავდა სენსაციას – 370 ათას ქართველს თუ აქვს გადატანილი კორონავირუსი?! ცერცვაძის ეს ახალი განცხადება, თავისი სულისკვეთებით, შესაბამისობაშია ლევიტის განცხადებასთან…”

News Front Georgia-ს ორივე სტატია მანიპულაციურია, ხოლო სათაური, თითქოს, ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში 370 000-მდე პირმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, დეზინფორმაციაა. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ იმ ადამიანების რაოდენობის დასადგენად, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, კვლევა მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის გამოკვლეული 1 000 ჯანმრთელი ადამიანიდან მხოლოდ 6-10 ადამიანს აღმოაჩნდა COVID-19 გადატანილი.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ტესტირება, რომელიც იკვლევს, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა COVID-19 ჯერ საწყის ეტაპზეა და მხოლოდ პირველადი მონაცემები აქვთ. თავდაპირველად ცერცვაძემ განაცხადა, რომ 1 000 გამოკვლეული ჯანმრთელი ადამიანიდან ანტისხეულები 6-10% აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით მან განმარტა, რომ პროცენტული რაოდენობა შეცდომით აღნიშნა და რეალურად არა 6-10 პროცენტს, არამედ 6-10 ადამიანს გულისხმობდა.

News Front Georgia-ს სტატია, სადაც 6-10%-ზეა საუბარი, მანამდე გამოქვეყნდა, სანამ ცერცვაძე განაცხადებდა, რომ რეალურად 6-10 ადამიანს გულისხმობდა. ამ დეტალის მიუხედავად, აღნიშნული სტატიის სათაური მაინც დეზინფორმაციაა, რადგან ინფორმაცია, თითქოს  საქართველოში 370 000-მდე პირმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, პრორუსული გამოცემის არითმეტიკაა და მსგავსი რამ თენგიზ ცერცვაძეს არ უთქვამს. მაშინ, როდესაც კვლევა დასრულებული არ არის, 1 000 გამოკვლეული ადამიანიდან დადებითი მაჩვენებლის პროცენტულობის მთელ მოსახლეობაზე განზოგადება და ამ მეთოდით დაინფიცირებული მოსახლეობის რაოდენობის გამოთვლა ცალსახად მანიპულაციური, ხოლო ამ სტატისტიკის მიწერა თენგიზ ცერცვაძის განცხადებისთვის კი დეზინფორმაციაა.

მეორე სტატიაში, რომელსაც ასევე მანიპულაციური სათაური აქვს (“ცერცვაძის სენსაციური განცხადება ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადების ფონზე”), სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ ლევიტის მოსაზრება და ცერცვაძის განცხადება 1 000 ადამიანის კვლევაზე, ერთმანეთთან ხელოვნურადაა დაკავშირებული. ლევიტის მოსაზრებით, კარანტინი დროის ფუჭად კარგვა იყო და და შესაძლოა უფრო მეტი იმსხვერპლოს, ვიდრე გადაარჩინოს, ხოლო “ნიუსფრონტის” რედაქცია თვლის, რომ საქართველოში 370 000 ინფიცირებულის არსებობაზე თენგიზ ცერცვაძის არარსებული განცხადება იმავე პათოსს იმეორებს. აღნიშნული ნარატივი ემსახურება იმ გზავნილების გავრცელებას, რომ კორონავირუსი შეთქმულებაა და ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დამალულია.

 

(https://ihacvet.com)

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist