ვინ მანიპულირებს საქართველოსა და უკრაინის NATO-ს სამიტზე დასწრების თემით?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

32
VIEWS

19 მაისს ინტერნეტ-პორტალ “საქართველო და მსოფლიოზე” გამოქვეყნდა მასალა სათაურით “საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან”, რომელიც რუსულ iarex.ru-ს ეყრდნობა. მასალაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ თბილისსა და კიევს ნებისმიერ რანგში სამიტზე დასწრება გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ალიანსის წევრებს “ძალიან კამერული სამიტის” ჩატარება აქვთ განზრახული და ის საქართველოს და უკრაინის გარეშე ჩაივლის. მასალის მიხედვით, სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად ტრანსატლანტიკური ურთიეთობების მომავალზე იმსჯელებენ.

2 ივნისს ასევე “საქართველო და მსოფლიო” აქვეყნებს დავით მხეიძის სტატიას, რომელშიც ის წერს, რომ უკრაინას იმედი ჰქონდა, რომ 14 ივნისს “მაპს” მიიღებდა, მაგრამ უკრაინის დელეგაცია, ისევე როგორც საქართველოსი, საერთოდ არ მიიწვიეს სამიტზე, რამაც უკრაინაში შოკი და იმედგაცრუება გამოიწვია.

დავით მხეიძე: “ამ ცნობამ ჩვენს “მოძმე” ბანდერულ-ფაშისტურ უკრაინაში ნამდვილი შოკი, იმედგაცრუება და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაუბედავი, სუსტი, მაგრამ მაინც აღშფოთება გამოიწვია ოკეანისგაღმელი პატრონების მიმართ _ გეიაღლუმებით დაწყებული, აღვირახსნილი რუსოფობიით დამთავრებული, ყველა საშინაო დავალება შევასრულეთ და რაღა გინდათო?”.

ასევე 2 ივნისს გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე არ მიეწვია მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები “საშინაო დავალების შესასრულებლად“ გაგზავნეს.

მარია ზახაროვა: „კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს : “ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად”.

8 ივნისს კი გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში პირველად, მომავალ ორშაბათს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს.

;
“კარდჰუს” მტკიცება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე “წლების განმავლობაში პირველად არ მიიწვიეს” სიმართლეს არ შეესაბამება. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩატარებული სამიტებიდან საქართველო მხოლოდ 2016 და 2018 წლების სამიტებს ესწრებოდა. “საქართველო და მსოფლიოს” მასალები მანიპულაციურია და მიზნად ისახავს იმის წარმოჩენას, თითქოს საქართველო და უკრაინა ნატოს დღის წესრიგში აღარ დგანან. რეალურად, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინ განაცხადა, რუსული აგრესიის საკითხი 2021 წლის ნატოს სამიტის დღის წესრიგში დგას და ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. სამიტამდე წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თემაც.

NATO-ს სამიტი 14 ივნისს არის დაგეგმილი. ამჯერად მას მხოლოდ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გასულ წლებში ჩატარებულ სამიტებს არაწევრი ქვეყნებიც ესწრებოდნენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული 4 სამიტიდან საქართველო ორს ესწრებოდა, 2016 და 2018 წლებში. ამ წლებში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად სამიტზე მიწვეულები იყვნენ უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებიც. 2017 წელს ჩატარებულ სამიტს არაწევრი ქვეყნებიდან მხოლოდ მონტენეგრო ესწრებოდა, 2019 წელს კი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც მოგვიანებით ორგანიზაციის წევრიც გახდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში პირველად არ მიიწვიეს სამიტზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ასევე კრემლთან დაკავშირებული გამოცემების საუბარი იმაზე, რომ ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს ემსახურება იმის დემონსტრირების მცდელობას, რომ ამ ქვეყნების საკითხი ნატოს დღის წესრიგში არ დგას.

რეალურად, სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ის თემები, რომლებიც 14 ივნისის სამიტზე განიხილება. მათ შორის იყო როგორ უკრაინის საკითხი, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

სამიტზე მთავარი განსახილველი თემა იქნება NATO 2030-ის დღის წესრიგი, რაც მოიცავს NATO-ს როგორ პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმის და კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას, შესაძლებლობების მოდერნიზაციას, მეტ ინვესტიციას, პარტნიორობების გაღრმავებას და მათთან ერთად თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნას და წვრთნების ინტენსივობის გაზრდას.

31 მაისს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი ალიანსისათვის გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან ის მზადაა სამხედრო ძალა გამოიყენოს მეზობელ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის უკანონო ანექსიას.

მან ასევე თქვა, რომ ნატოს კარი ღია რჩება და ისინი გააგრძელებენ საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას.

იენს სტოლტენბერგი: “ჩვენი გზავნილია ფოკუსირდეთ რეფორმებზე და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, რადგან გვჯერა, რომ ესაა საუკეთესო გზა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ასევე მტკიცედ გვწამს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია თავისთავად მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, ჩვენ ამ რეფორმის პროგრამებს ხელს ვუწყობთ და ასე გაგრძელდება. ველი, რომ ქვეყნების ლიდრები და მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ნატოს ამ დაფასებული პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის სამიტი მოკლე იქნება და მხოლოდ წევრი ქვეყნებისათვის განკუთვნილი, თუმცა, შესაძლოა შემდეგი სამიტი უფრო ფართო იყოს და შეხვედრების რაოდენობაც გაიზარდოს.

სამიტამდე 2 კვირით ადრე, პირველ ივნისს გამართულ ტელეკონფერენციაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ კი იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროგრამა NATO 2030-ს ერთ-ერთი მიზანი იქნება გააძლიეროს ალიანსის როლი საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაში, რომელსაც საფრთხეს ავტორიტარული რეჟიმები უქმნიან, როგორებიც რუსეთი და ჩინეთია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. 17 მარტს მან ნატოს შტაბბინაში უმასპინძლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 22 იანვარს კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

წყაროს შესახებ

რუსული საინფორმაციო სააგენტო ИА REX, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” ეყრდნობა  ანტი-დასავლურ კონტენტს ავრცელებს და მასზე ხშირად ქვეყნდება კრემლისტური პორტალის, „საქინფორმის“ რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის სტატიები, რომელიც ვებ-გვერდზე ИА REX -ის ერთ-ერთ ექსპერტადაა მოხსენიებული.

Iarex.ru – ს რედაქტორი, მოდესტ კოლეროვი ლატვიასა (2009) და ლიტვაში (2009) პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. გამოცემა წარსულშიც აქვეყნებდა დეზინფორმაციას, მაგალითად იმის შესახებ, რომ ევროპაში უკრაინის გაყოფის შესაძლო ვერსიების განხილვა დაიწყეს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist