პოლიტიკა

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ?

25 ნოემბერი, 2021

2021 წლის 23 ნოემბერს სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა publishers.ge-ის სტატია გავრცელდა, რომლის სათაურის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. publushers.ge აღნიშნავს, რომ ამ ამბის შესახებ უკრაინული მედია წერს. publishers.ge-ის სტატიაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ დამატებითი ცნობები არ გვხვდება, ხოლო ახალი ამბის წყაროდ 2021 წლის 31 ოქტომბერს უკრაინელი იუთუბერის სერგეი კორნაკის ვიდეოა მითითებული. ვიდეოში სერგეი კორნაკი ამტკიცებს, რომ 31 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დეპორტაციას აპირებს, რის შემდეგაც მას ვლადიმერ ზელენსკი პრემიერ-მინისტრად დანიშნავს, რათა უკრაინაში პანდემიისა და რეფორმების მართვა გადაიბაროს. კორნაკი ვიდეოში ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პოსტის დასაკავებლად იდეალური კანდიდატია და უკრაინის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ მას შეუძლია. 

publishers.ge-ის სტატია 23 ნოემბერს 11 საჯარო ჯგუფში გაზიარდა: მთავარი სიახლეები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, Mikheil Saakashvili's Supporters, მიშა საქართველოს პრეზიდენტია, 🇬🇪ერთიანი ნაციონალური მოძრაობა🇬🇪, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, სანდრა რულოვსი -პირველი ლედი, ბიძინა ივანიშვილი - დადებითი და უარყოფითი, გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!, ''მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია

" 
სერგეი კორნაკზე დაყრდნობით ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ 1 ნოემბერს კიდევ ერთი ონლაინ გამოცემა newpost.ge-ც წერდა.

"

მტკიცება, თითქოს ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი პემიერ-მინისტრად დანიშნა, დეზინფორმაციაა, რომელიც უკრაინელი პოლიტიკური ბლოგერის ძველ მოსაზრებებს ეფუძნება. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ არც უკრაინულ და არც ქართულ სანდო წყაროებში ინფორმაცია არ გვხვდება, მსგავსი განცხადება არც უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის არ გაუკეთებია. 

მართალია publishers.ge-ს სტატიაში სერგეი კორნაკის ვიდეო აქვს გამოყენებული, თუმცა სტატიის სათაურიცა და მისი შინაარსიც მცდარ ინფორმაციას შეიცავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ფაქტად წარმოაჩენს. სტატიაში მითითებული არაა, რომ წყარო, რომელსაც ის ეყრდნობა, სინამდვილეში უკრაინელი იუთუბერის მოსაზრებებია, რომელიც მან 31 ოქტომბრის ვიდეოში გააჟღერა.

ვლადიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ ცალკეული ადამიანების მოსაზრებები ქართულ ონლაინ მედიაში 2019 წელსაც ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 22 აპრილს უკრაინული მედია წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა, თუმცა სააკაშვილის კანდიდატურამ რადაში საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 2020 წლის მაისში კი ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა

ვლადიმერ ზელენსკი 2021 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის, უკრაინაში დასაბრუნებლად იმუშავებდა. 

“მითების დეტექტორი” publishers.ge-ისა და მის მიერ გამოქვეყნებული მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შესახებ ადრეც წერდა. იხილეთ სტატიები:

სერგეი კორნაკის შესახებ 

სერგეი კორნაკი უკრაინელი ანალიტიკოსია, რომელიც უკრაინის და მსოფლიო პოლიტიკის შესახებ საკუთარ მისაზრებებსა და პროგნოზებზე დაყრდნობით მომზადებულ ვიდეობლოგებს Youtube-ის საშუალებით ავრცელებს. კორნაკის Youtube-ის არხს 52 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ კორნაკის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ არაერთი ვიდეო გვხვდება, სადაც სააკაშვილი ძირითადად პოზიტიური კუთხითაა წარმოჩენილი. კორნაკმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და შიმშილობას რამდენიმე ვიდეო მიუძღვნა.

"


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.