ვაქცინებში შემავალი ალუმინი ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

136
VIEWS

3 აპრილს ფეისბუკის მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კანადელი ნეირომეცნიერი ქრისტოფერ შოუ ვაქცინებში შემავალი ალუმინის ნერვულ სისტემაზე მოქმედებაზე საუბრობს. კანადელი ექიმი თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს აღწერს და ამტკიცებს, რომ ალუმინის ინექციებმა თაგვებში მოტორული ფუნქციების მოშლა გამოიწვია და ამავე დროს, სამომავლოდ ალცჰაიმერის დაავადების გასავითარებლად შესაბამისი პირობები შექმნა. პოსტის აღწერა “კანადელი ექიმის მოკლე ახსნა ეგრეთ წოდებულ ვაქცინებზე” ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საუბარი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებს ეხება.

;

მტკიცება, რომლის მიხედვითაც ვაქცინებში შემავალი ალუმინი სიცოცხლისთვის საზიანოა და ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება.  ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) რეკომენდაციების თანახმად, სხეულის მიერ მიღებული ალუმინის რაოდენობა კვირის განმავლობაში 1 კილოგრამ სხეულის მასაზე 1 მილიგრამს  არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ვაქცინის ერთი დოზა მაქსიმუმ 0,5 მილიგრამ ალუმინს შეიცავს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების უმეტესობა ალუმინს არ შეიცავს.

რატომ გვხვდება ალუმინი ვაქცინების შემადგნლობაში და არის თუ არა ის სახიფათო?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ალუმინს, როგორც დამხმარე საშუალებას, ვაქცინებში 1930-იანი წლებიდან იყენებენ. ალუმინს იმუნური გამაძლიერებლის, ადიუვანტის ფუნქცია აქვს და იმუნური სისტემის პასუხის სტიმულირებას უზრუნველყოფს. ალუმინის ნაერთების საშუალებით ინექციის ადგილზე  იმუნური უჯრედების მოზიდვა და მათი გააქტიურება ხდება. გააქტიურებული უჯრედები სხვადასხვა მოლეკულის გამომუშავებას იწყებენ, რომლებიც იმუნიტეტის ფორმირებას უწყობენ ხელს. ამ პროცესების გამო ინექციის ადგილას ზოგჯერ ანთებითი რეაქცია – სხეულის ტემპერატურის ზრდა, ინექციის ადგილის შეშუპება და გაწითლება შეინიშნება. ეს აქტიური მოლეკულები, რომლებსაც ცილოვანი შემადგენლობა აქვთ, სწრაფადვე იშლებიან და მათი ორგანიზმიდან გამოყოფა სხვადასხვა სეკრეტით ხდება. “ბიოქიმიური თვალსაზრისით, დიდი განსხვავება არ არის იმაში, თუ რა გზით მოხვდება ორგანიზმში ალუმინი – საკვებით, თავის მოვლის საშუალებებით თუ ინექციისას – ის ნებისმიერ შემთხვევაში,  სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს და ამიტომ მტკიცება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ვაქცინაციის შედეგად მიღებული ლითონია განსაკუთრებით საშიში და სხეულში გროვდება, სიმართლეს არ შეესაბამება,” – აღნიშნავს ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი აურელია ჟვირბლენი.

ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორის, კრისტოფერ გილის მიხედვით, მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვაქცინებში შემავალი ალუმინი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების მიზეზს წარმოადგენს. ალუმინის, როგორც ადიუვანტის უსაფრთხოება ”ფართოდ არის გამოკვლეული და მავნე ზემოქმედება არ შეიმჩნევა”. პედიატრისა და ვაქცინების სასწავლო ცენტრის დირექტორის,  დოქტორ პოლ ოფიტის მიხედვით, ვაქცინაში შემავალი ალუმინის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე ალუმინის ოდენობა, რომელსაც ყოველდღიურად საკვებიდან, სასმელიდან ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის მოხმარებით ვიღებთ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა ალუმინს არ შეიცავს
აშშ-ში ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები – Pfizer, Moderna და Johnson & Johnson-ის ინგრედიენტების ჩამონათვალში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ კომპონენტს არ ვხვდებით. ალუმინს არც AstraZeneca-ს ვაქცინა არ შეიცავს. ალუმინის ჰიდროქსიდს მხოლოდ ჩინურ ვაქცინებში, CoronaVac-ისა  და Sinopharm ვხვდებით, თუმცა მათში შემავალი ალუმინის რაოდენობა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

ალუმინი, ადიუვანტის სახით გამოყენებულია  A და B ჰეპატიტის, პაპილომავირუსის და  პოლიომიელიტის, ტეტანუსის, დიფტერიისა და აცელულარული ყივანახველას  (DTaP) ვაქცინებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ადიუვანტის  შემცველი ყველა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა კლინიკური კვლევებითაა დადასტურებული, ხოლო მათი ლიცენზირებისა და დამტკიცების შემდეგ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და სურსათისა და წამლის ადმინისტარაციის (FDA)  მიერ მუდმივად ხდება მათი კონტროლი.

ვინ არის კანადელი ექიმი ქრისტოფერ შოუ?
ქრისტოფერ შოუ კანადელი ნეირომეცნიერია, რომელსაც ვაქცინების გვერდითი ეფექტების შესახებ რამდენიმე საკამათო კვლევა ეკუთვნის, მათ შორისაა 2011 წელს გამოქვეყნებული ორი ანგარიში (“Do aluminum vaccine adjuvants contribute to the rising prevalence of autism?”  “Aluminum vaccine adjuvants: are they safe?), რომლებიც ვაქცინებში ალუმინის, როგორც დამხმარე ნივთიერების გავლენას ეხება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტმა  ორივე კვლევა გააკრიტიკა და მათ სუსტი, უკონტექსტო და ხარვეზიანი უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კვლევები ვაქცინებსა და აუტიზმის მაჩვენებლებს შორის მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს არ წარმოადგენს.


მამუკა ქარჩხაძის პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist