ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

“სპუტნიკი”, “საქინფორმი” და News Front-ი AstraZeneca-ს წინააღმდეგ და Sputnik V-ის სადარაჯოზე

11 მარტი, 2021

2021 წლის 8 მარტს “სპუტნიკ საქართველომ” პრო-რუსული გამოცემის “საქინფორმის” რედაქტორის სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა - “ყალბი პატრიოტიზმი თუ რუსოფობია, რატომ უგულებელყოფს საქართველო Sputnik V-ს”. სტატიაში ავტორი კორონავირუსის რუსული ვაქცინის Sputnik V-ის უპირატესობებზე საუბრობს და AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აკრიტიკებს. ხიდირბეგიშვილი საქართველოსა COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სქემაში ჩართული ზოგიერთი ქვეყანა ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი გახდა. 

არნო ხიდირბეგიშვილი: “AstraZeneca-ს მთელი პარტიები დაუბრუნეს მწარმოებლებს, რადგან ისინი ვადაგასული და ფალსიფიცირებული აღმოჩნდა. იყო შემთხვევები, როცა ქვეყანამ AstraZeneca-სგან შეძენილი ვაქცინა უფასოდ გადასცა ღარიბ სახელმწიფოებს…  უკიდურესად გაჭირვებულების და უსახლკაროების გარდა არც საქართველოში დათანხმდება ვინმე AstraZeneca-თი ვაქცინაციას… მსოფლიო მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ რამდენიმე პატარა ქვეყანამ ფული პირდაპირ „COVAX“ პლატფორმაზე კი არ გადარიცხა, არამედ თაღლითების კომპანიებზე - შუამავლებზე, რომლებმაც ეს ფული მიითვისეს და გაქრნენ ... შედეგად, უცნობია, თუ რა ბედი ეწია საქართველოს მიერ გადარიცხულ 17 მლნ დოლარს.” 

არნო ხიდირბეგიშვილის თქმით, საქართველომ AstraZeneca-ს ნაცვლად Sputnik V უნდა შეიძინოს, რადგან მას არაერთი უპირატესობა აქვს. ხიდირბეგიშვილის მიხედვით, Sputnik V, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია. სხვა ვაქცინებისაგან განსხვავებით, ავტორის მტკიცებით, რუსული ვაქცინა ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც არ შეიცავს თავად sars-cov-2-ს, რაც მას უსაფრთხოების კუთხით დამატებით უპირატესობას სძენს. რუსული ვაქცინის უპირატესობაზე საუბრისას იგივე არგუმენტი არნო ხიდირბეგიშვილმა “სპუტნიკ საქართველოს” მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაშიც მოიყვანა. 

;;

“სპუტნიკ საქართველოს” მიერ 8 მარტს გამოქვეყნებული აღნიშნული სტატია თითქმის უცვლევად გამოქვეყნდა რუსულენოვან გამოცემა “News Front”-სა და არნო ხიდირბეგიშვილის ქართულენოვან გამოცემა “საქინფორმში”.

ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს, AstraZeneca-ს დოზები ზოგიერთმა სახელმწიფომ მწარმოებელს იმიტომ დაუბრუნა, რომ ვაქცინა ვადაგასული და ფალსიფიცირებული აღმოჩნდა, დეზინფორმაციაა. ნაწილობრივ მცდარია მტკიცება, რომ Sputnik V ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ვირუსს არ შეიცავს და ადამიანს არ აინფიცირებს. ხოლო ცნობა Sputnik V-ს ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგ ეფექტიანობის შესახებ კონტექსტის გარეშეა მოყვანილი. ინფორმაცია, რომ მსოფლიო მედია იმ ქვეყნების შესახებ წერს, რომლებიც თაღლითი შუამავალი კომპანიების მსხვერპლი აღმოჩნდნენ,  მტკიცებულების გარეშეა. 

დეზინფორმაცია: AstraZeneca-ს დოზები ზოგიერთმა სახელმწიფომ მწარმოებელს იმიტომ დაუბრუნა, რომ ვაქცინა ვადაგასული და ფალსიფიცირებული აღმოჩნდა.

იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძინეს, მწარმოებლისათვის ვაქცინა არცერთ სახელმწიფოს არ დაუბრუნებია. 2021 წლის 16 თებერვალს მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკა ონდოეთის სერუმის ინსტიტუტისათვის (AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი) ვაქცინის ერთი მილიონი დოზა დაებრუნებინა, თუმცა ამის მიზეზი ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები არ ყოფილა. როგორც სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე ჩატარებულ მცირე კლინიკური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ მინიმალური ეფექტიანობა ჰქონდა. რადგან სამხრეთ აფრიკაში ყველაზე გავრცელებული სწორედ კორონავირუსის აღნიშნული შტამია, ქვეყანამ ჯანდაცვის მუშაკების AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროგრამა შეაჩერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს ინფორმაციის პირველწყარომ The Economic Times-მა სამხრეთ აფრიკის მთავრობასთან დამატებითი კომუნიკაციის შემდეგ სტატია განაახლა და დააზუსტა, რომ მიუხედავად ვაქცინაციის პროგრამის შეჩერებისა, მთავრობა AtraZeneca-ს დოზების მწარმოებლისათვის დაბრუნებას არ გეგმავდა.  ამის ნაცვლად, სამხრეთ აფრიკის მთავრობამ სერუმის ინსტიტუსაგან შეძენილი მილიონი დოზა აფრიკულ გაერთიანებას შესთავაზა, რომელიც ვაქცინას დაინტერესებულ აფრიკულ სახელმწიფოებში გადაანაწილებს. ამჟამად, სამხრეთ აფრიკაში ვაქცინაცია Jonson&Jonson-ის ვაქცინით მიმდინარეობს, რომელმაც სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ 57%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასთანავე, 2021 წლის თებერვალში რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ბელგიამ და იტალიამ, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, რადგან არ არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომ ვაქცინა 65 წელზე ხანდაზმულ პაციენტებში ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი იყო. ასაკოვანი ადამიანების ვაქცინაციასთან დაკავშრებით აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა ევროპის ქვეყნებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2021 პირველ მარტს ბრიტანეთის ვაქცინაციის პროგრამის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმულ პოპულაციაში AstraZeneca-ს ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა ისეთივე ეფექტიანია (60%), როგორც Pfizer-ის ვაქცინა.

განახლებული ინფორმაცია: 2021 წლის 11 მარტს ავსტრიის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა. ამის მიზეზი ოთხ პაციენტში  ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების სახიფათო ნიშნების გამოვლენა გახდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ. გარდიანისთვის მიცემულ კომენტარში ევროპის სამედიცინო სააგენტო (EMA) აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები ვაქცინაციასა და სისხლის შედედების კავშირის დასადასტურებლად და ისინი საკითხს შეისწავლიან.

ნახევრად მცდარი: Sputnik V ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ვირუსს არ შეიცავს და ადამიანს არ აინფიცირებს. 

რუსული ვაქცინის უპირატესობებზე საუბრისას არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებს, რომ Sputnik V ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც SARS-CoV-2-ს არ შეიცავს, რაც მას სხვა ვაქცინებისგან გამოარჩევს. რუსული Sputnik V ე.წ. “ვექტორული ვაქცინაა”, რომელიც კორონავირუსის პატარა ფრაგმენტის ორგანიზმისათვის მისაწოდებლად გაუვნებელყოფილი ადენოვირუსის (ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ვირუსები) ვექტორს იყენებს. ამგვარად, “ვექტორული ვაქცინები” კორონავირუსის მხოლოდ ფრაგმენტს შეიცავს და არა მთლიანად კორონავირუსს, თუმცა Sputnik V არ არის ერთადერთი, რომელიც ამ ტექნოლოგიითაა შექმნილი. იმავე მექანიზმით მუშაობს Oxford/AstraZeneca-სა და  Jonson&Jonson-ის ვაქცინებიც, ასევე ჩინური CanSino-ს ვაქცინაც.

ინფორმაცია კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამების წინააღმდეგ რუსული Sputnik V ეფექტიანობის შესახებ არნო ხიდირბეგიშვილს კონტექსტის გარეშე მოჰყავს. 2021 წლის 27 თებერვალს Sputnik V-ის შემქმნელი გამალეიას ცენტრის მეცნიერებმა მართლაც განაცხადეს, რომ რუსული ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული განცხადების გარდა დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის, რადგან ჯერჯერობით კვლევის სრული მონაცემები არ გამოქვეყნებულა.

მტკიცებულების გარეშე: მსოფლიო მედია წერს, რომ რამდენიმე პატარა ქვეყანამ ფული „COVAX“ პლატფორმის ნაცვლად თაღლითების შუამავალ კომპანიებს გადაურიცხა, რომლებმაც ეს ფული მიითვისეს 

მიუხედავად ხიდირბეგიშვილის მტკიცებისა, რომ თაღლითობის მსხვერპლი ზოგიერთი ქვეყნის შესახებ მსოფლიო მედია აქტიურად წერს, ღია წყაროებით მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ავტორი სტატიაში არ აკონკრეტებს, რომელ მედიაში ან რომელი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნდა მსგავსი ინფორმაცია. 

ამ ეტაპზე COVAX პლატფორმაში 172 სახელმწიფოა გაერთიანებული, მათ შორის 92 დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა. 2021 წლის 24 თებერვლას COVAX-მა კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტიები განასა და კოტ-დ’ივუარში გაგზავნა. COVAX-ის მიზანია, პირველ რიგში, კორონავირუსის ვაქცინით ის 92 დაბალშემოსავლიანი ქვეყანა უზრუნველყოს, რომელიც პლატფორმაში არის გაერთიანებული და ვაქცინას უფასოდ მიიღებენ. 

საქართველომ, როგორც საშუალო შემოსავლიანმა ქვეყანამ, COVAX-ის დახმარებით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების გარკვეული რაოდენობა თავად უნდა შეიძინოს, თუმცა ვაქცინის მიღება რამდენჯერმე გადავადდა. როგორც COVAX პლატფორმის მიერ 22 თებერვალს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსათვის გამოგზავნილი წერილიდან ვიგებთ, საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის მიღებამდე მწარმოებლის კიდევ რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს.

“სპუტნიკ საქართველოს” შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე
“საქინფორმისა” და არნო ხიდირბეგიშვილის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.