სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალებებზე მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

25
VIEWS

20 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა Nina Marji-მ გამოაქვყენა ვიდეოკოლაჟი, რომელიც, მისი თქმით, Covid-19-ის აცრასთან დაკავშირებულ გარდაცვალებებს ეხება. კოლაჟში სხადასხვა ტიპის მცირე ვიდეოა გაერთიანებული და როგორც მოქალაქეების მიერ გამოქვეყენებულ კადრებს, ისე საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტების ნაწყვეტებს მოიცავს. Nina Marji ვიდეოს აღწერაში აღნიშნავს, რომ ეს არის ვაქცინაციის შედეგებთან დაკავშირებით არსებული დადასტურებული ფაქტების ნაწილი და ხალხს ვიდეოს გაზიარებისკენ მოუწოდებს.

იგივე ვიდეოკოლაჟი 21 აგვისტოს  Facebook გვერდმა ფარღალიტმაც გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინაციით სიკვდილის ფაქტებს მალავენ და ეს ვიდეო მხოლოდ ამგვარი ფაქტების მცირე ნაწილს გვიჩვენებს.

1

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევების ამსახველი ვიდეო მანიპულაციურია, 9 სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევების გადამოწმების შემდეგ დადგინდა,  რომ ზოგიერთ მათგანში ფატალური შემთხვევა არ დამდგარა, დანარჩენ შემთხვევებში კი ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ჯერ დადატურებული არ არის.

1. ავსტრიაში გარდაცვალების 41 შემთხვევის კავშირი ვაქცინასთან დადასტურებული არ არის

ვიდეო კოლაჟი რუსულენოვანი სატელევიზიო არხის НТВ-ს სიუჟეტით იწყება, სადაც წამყვანი ავსტრიაში ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების 41 შემთხვევის შესახებ საუბრობს.

მტკიცება EUvsdisinfo-მ გადაამოწმა და დაადგინა, რომ 2021 წლის 1 მარტს ავსტრიის ფედერალურმა ჯანდაცვის უსაფრთხოების სამსახურმა 41 ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალების შესახებ  განაცხადა, თუმცა არსად იყო ნათქვამი, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაციაა.

EUvsdisinfo წერს, რომ მსგავსი დეზინფორმაცია რუსული ნარატივის ნაწილია, რომელიც დასავლეთში წარმოებული ვაქცინების ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად და რუსული Sputnik V ვაქცინის გლობალურ პოპულარიზაციას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ფედერალური ჯანდაცვის უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებაში აღნიშნული 41 შემთხვევიდან 3 პაციენტში გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი გამოირიცხა გაკვეთისთანავე, 11-მა ადამიანმა ვაქცინა  Covid-19– ის ინკუბაციის პერიოდში მიიღო, 19 ადამიანს კი ჰქონდა სერიოზული დაავადება, რომელიც გარდაცვალების მიზეზი გახდა. ჯანდაცვის უსაფრთხოების სამსახურის უახლესი ანგარიში, რომელიც 27 დეკემბრიდან 13 აგვისტომდე პერიოდის მოიცავს, იტყობინება, რომ ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იკვეთება, დარჩენილ შემთხვევებში გამოძიების შედეგად კავშირი არ დადასტურებულა, ნაწილი კი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

2. მექსიკაში კაცის გარდაცვალების ვაქცინასთან კავშირი დადასტურებული არ არის

კოლაჟში 00:06 წამიდან-00:20 მდე ესპანურენოვანი სიუჟეტია მოცემული, რომელიც დურანგოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ ორმოც წლამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

world-today-news.com-ის თანახმად, 21 ივლისს, 46 წლის მამაკაცი ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დურანგოს ეროვნული გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთ სივრცეში მივიდა. ვაქცინის მიღების შემდეგ მას  სავარაუდოდ გული გაუჩერდა, რის გამოც ის IMSS-ის კლინიკაში გადაიყვანეს,  სადაც შემდგომში გარდაიცვალა. შემთხვევის შესასწავლად გამოძიება უკვე მიმდინარეობს, ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა ფერნანდო რიოსმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებისთანავე გაასაჯაროვებენ მისი შედეგებს.

3. სლოვაკეთში მასწავლებლის გარდაცვალებას და ვაქცინაციას შორის კავშირი დადგენილი არ არის

ვიდეოში 00:20-დან 00-26-მდე მონაკვეთი სლოვაკეთში მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტს ეთმობა. 38 წლის მაწავლებელი სლოვაკეთში ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის სავარაუდო კავშირის შესახებ სლოვაკურ მედიაშიც დაიწერა, მათ შორის სლოვაკეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიო კომპანიის (RTVS) გვერდზე.

ამ ფაქტს დიდი კრიტიკა მოჰყვა სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი დადგენილი არ არის.

ინტერნეტ სივრცეში სლოვაკეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. “პირველადი მონაცემების თანახმად, პაციენტს გენეტიკური დაავადება ჰქონდა, რომელიც ვაქცინაციამდე არ იყო გამოვლენილი” განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ლენგვარსკამ.

18 აგვისტოს მონაცემებით სლოვაკეთში უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. როგორც სლოვაკეთის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზეა ნათქვამი, ვაქინაციის სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ ამ დრომდე 858 შეტყობინება შევიდა, მათ შორის ოთხი გარდაცვალების შესახებ. მიმდინარეობს ამ შემთხვევების შესწავლა.

4. ნორვეგიაში ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დასტურდება

00:26-00:33, ვიდეოში ნორვეგიაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევის შესახებაა საუბარი. აღნიშნული ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, რაც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.

მედიკამენტების სააგენტომ გამოკვლეულ 13 შემთხვევაში  კაუზალური ანუ მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და გარდაცვალების ამ 13 შემთხვევას შორის ვერ დაადგინა.

ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც განხილულია 2021 წლის 27 ივლისამდე აღრიცხული გვერდითი მოვლენების შემთხვევები ნათქვამია, რომ გერიატრიული მედიცინის სპეციალისტების გუნდმა 60 წელს ზემოთ პირებში ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 100 ცნობა შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, არსებობს გარკვეული ბუნდოვანება შეფასებებთან დაკავშირებით, მაგრამ გარდაცვალების 10 შემთხვევაში ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის კავშირი “სავარაუდოა”. ამ შემთხვევებში აშკარა იყო, რომ ვაქცინის გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა უკვე არსებული სერიოზული დაავადებების პროგრესირებას შეუწყო ხელი. ანგარიშის მიხედვით, 60 წლამდე ადამიანებში გარდაცვალების 11 შემთხვევის შესახებ მიიღეს ცნობა. 4 შემთხვევაში გამოვლინდა ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია, თრომბოზი თრომბოციტოპენიის სინდრომით (TTS) Vaxzevria-ს, იგივე AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდგომ. დანარჩენ 7 შემთხვევაში ვაქცინასთან კავშირი არ გამოვლენილა.

5. საქართველოში ექთნის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებული სამედიცინო დახმარება განიხილება

01:12 დან- 01:32 მდე საქართველოში მეედის, მეგი ბაქარაძის გარდაცვალების შესახებაა ინფორმაცია მოცემული.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენა. პროკურატურის განცხადებით ბრამდებულება იცრუეს თითქოს  იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. Ჩვენებით ირკვევა, რომ გართულებების შემდეგ მეგი ბაქრაძისსთვის არანაირი მედიკამენტი არ გაუკეთებიათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემთხვევა მანიპულაციურად წარსულშიც გამოუყენებიათ. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის მასალაში”:

6. მექსიკაში ქალი, რომელსაც ალერგიული რეაქცია განუვითარდა, გამოკეთდა

ვიდეოს 1:54- 1:57 წამზე მექსიკაში ვაქცინაციის შემდეგ ხელებისა და ფეხების პარალიზების შემთხვევის შესახებაა საუბარი.

Mexiconewsdaily-ს თანახმად, ექიმ კარლა მარია პერესს, გასული წლის 30 დეკემბერს მიღებული აცრის შემდეგ,  მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდა, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებდა.

პრესკონფერენციაზე, მექსიკის სოციალური დაცვის ინსტიტუტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორ ჰუგო ბორჯამ თქვა, რომ პერესს, რომელიც აპრილში დაინფიცირდა Covid-19, კრუნჩხვები განუვითარდა და იმ დროისთვის სავარაუდო დიაგნოზი ენცეფალომიელიტი იყო.

Საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პერეესის მდგომარეობა გაუმჯობესდა. Ბორჯას განცხადებით მას აღარ აღენიშნებოდა კრუნჩხვები და უმჯობესდებოდა მისი კუნთოვანი მასის მდგომარეობა. მან ასევე აღნიშნა რომ პერესს ალერგიების განვითარების ოჯახური ისტორია ჰქონდა და თავადაც ალერგიული იყო გარკვეულ მედიკამენტებზე.

7. მიჩიგანი 13 წლის მოზარდის გარდაცვალებას და ვაქცინას შორის კავშირი დადგენილი არ არის

02:04- დან, 02:15 მდე აშშ-ს შტატში მიჩიგანში 13 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებაა ინფორმაცია მოხემული.

მიჩიგანში Covid-19 ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღეში 13 წლის ახალგაზრდა მართლაც გარდაიცვალა, თუმცა ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის. გარდაცვალების საქმეს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს.

მართა შარანი, CDC-ს სპიკერი განმარტავს, რომ: “ეს საქმე ამჟამად გამოძიების პროცესშია და გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია სიკვდილის კონკრეტული მიზეზის დადგენა.”

მისი თქმით, როდესაც ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემას (VAERS), ვაქცინაციის სერიოზული გვერდითი მოვლენის შესახებ ეცნობება, CDC გამოითხოვს და განიხილავს საქმესთან დაკავშირებულ ყველა სამედიცინო ჩანაწერს, მათ შორის გარდაცვალების მოწმობებს და აუტოფსიის ანგარიშებს. გარდაცვალების მიზეზის დადგენას იკვლევს და ადასტურებს შესაბამისი სერტიფიცირებული პირი, რომელიც ატარებს გაკვეთას. ამიტომ, დასკვნის გასაკეთებლად შესაბამის მოკვლევას უნდა დაველოდოთ.

8. აშშ-ში ექთანი ტიფანი დოვერი არ გარდაცვლილა

03:07-დან 03:23- მდე აშშ-ში მცხოვრები მედდის კადრებია ნაჩვენები, რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა და ამბობს, რომ თავბრუ ეხვევა, ბოლოს კი გონებას კარგავს და მასთან დასახმარებლად ექიმები მიდიან.

ვიდეოში ნაჩვენები ექთანი ტიფანი დოვერია, რომელმაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მან თავბრუსხვევა იგრძნო და გონება დაკარგა. მოგვიანებით კი, როცა დოვერი გონს მოვიდა, მან ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ დაკარგა გონება. მან აღნიშნა, რომ მას ნებისმიერ ტკივილზე მომეტებული მგრძნობიარე რეაგირების ისტორია აქვს და ასეთი რეაქცია ადრეც არაერთხელ ქონია. გონზე მოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და მხარში ტკივილმაც გაუარა. CDC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ გონების დაკარგვა იშვიათი არაა, ამის მიზეზი კი ძირითადად შფოთვა ან ტკივილია.

ტიფანი დოვერის შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

9. ყაზახეთში რუსული ვაქცინით აცრილი კაცის გარდაცვალებაზე ექსპერტიზა მიმდინარეობს

2:41- დან 03:02- მდე ყაზახეთში ვაქცინაციის მეორე დოზის მიღების შემდეგ კაცის გარდაცვლების შესახებაა ინფორმაცია მოცემული.

ალმათეის მკვიდრი ბახიჟან ნურტაზინი Sputnik V-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზების გასარკვევად გამოძიება დაიწყო და სასამართლო ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 1979 წელს დაბადებულმა ბახიჟან ნურტაზინმა კლინიკას 12 აპრილს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის მისაღებად მიმართა. პროცედურა პროტოკოლის შესაბამისად მოხდა. ვაქცინაციის შემდეგ, ნურტაზინს საავადმყოფოში 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ამ დროის განმავლობაში არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა. ვაქცინაციის პროცედურის შემდეგ, ნურტაზინი სახლში წავიდა, სადაც შეუძლოდ იგრძნო თავი და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist