ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

შესაძლებელია თუ არა ვაქცინირებულების ბლუთუზით იდენტიფიცირება?

11 ივნისი, 2021

ქართულ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები იმის შესახებ, რომ ვაქცინირებული ადამიანების ბლუთუზით აღმოჩენაა შესაძლებელი. ფეისბუქ მომხმარებლების “სამყარო სამყაროსა” და ლაშა მენთეშაშვილის მიერ 3 და 9 ივნისს გავრცელებულ იდენტურ ვიდეოებში, რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალი ქალაქის სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას ჩართული ბლუთუზიანი ტელეფონით გადაადგილდება, ეკრანზე კი პერიოდულად 12-ნიშნა კოდები ჩნდება. პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს კოდები ვაქცინირებულ ადამიანებს ეკუთვნით და შესაბამისად, ბლუთუზის საშუალებით მათი ამოცნობაა შესაძლებელი. 

;;
“სამყარო სამყაროს” მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანების ბლუთუზით ამოცნობა და მათი ბლუთუზთან დაკავშირება mRNA ტექნელოგიას უკავშირდება, რადგან სწორედ ამ ტექნოლოგიის საშუალებით ორგანიზმში ხვდება დისტანციური  მაგნიტური  პროტეინი, რომელიც ტვინის მოქმედებას აკონტროლებს.

;;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი სხეულში შეყვანილი  mRNA პროტეინის ცილა ადამიანის ბლუთუზის ტექნელოგიასთან დაკავშირებას უზრუნველყოფს და მას სმარტფონის საშუალებით ამოცნობადს ხდის, მცდარია. რეალურად ვიდეოებში მოცემული კოდები  მოწყობილობების MAC მისამართებია და ისინი არა ვაქცინაციას, არამედ მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას აღნიშნავს. ვაქცინების mRNA ტექნოლოგია კი უსაფრთხოა და მათი საშუალებით ორგანიზმი არა ბლუთუზთან დაკავშირებას, არამედ ვირუსთან გასამკლავებლად საჭირო იმუნური რეაქციის გამომუშავებას სწავლობს. 

  • რა ფუნქციები ახასიათებს ბლუთუზსს და რას ვხედავთ რეალურად ვიდეოებში?

ბლუთუზი მონაცემთა უსადენოდ გადაცემის ტექნელოგიაა. სმარტფონში ბლუთუზის ჩართვისას ჩნდება ის მოწყობილობები, რომლებიც ტელეფონთან ახლოს არიან და მათთან დაკავშირება შესაძლებელია, შესაბამისად, ისეთ ხალხმრავალ ადგილას, როგორიც პარკი ან ღია ტიპის რესტორანია, ჩართული ბლუთუზის მქონე ტელეფონისთვის სხვა მოწყობილობებთან დაკავშირების დიდი არჩევანი იქნებოდა, გავრცელებულ ვიდეოში მოსაუბრე ქალი კი სწორედ ამგვარ ადგილებში მოძრაობს. 

;

ახალი ადამიანის გამოჩენისას მობილურში ახალი მოწყობილობის გამოსახვა ნიშნავს იმას, რომ ბლუთუზ კავშირის დამყარება კიდევ ერთ მოწყობილობასთანაა შესაძლებელი, რადგან ის ახლო დისტანციაზე იმყოფება და არა იმას, რომ ეს ადამიანი ვაქცინირებულია და კონკრეტული კოდი აქვს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ციფრისა და ასოს კომბინაციით შექმნილი კოდების გამოჩენა მაშინ, როცა ბლუთუზით დასაკავშირებელ მოწყობილობებს ვეძებთ, საეჭვო სულაც არაა. გამოსახულ კოდს მედიის წვდომის კონტროლის (MAC) მისამართი ეწოდებადა იმ მოწყობილობებს აღნიშნავს, რომლებსაც ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ. აღნიშნული კოდი აქვს არა მარტო ბლუთუზის მქონე ტელეფონებსა თუ კომპიუტერებს, არამედ ახალი მოდელის სარეცხ მანქანებსაც. MAC მისამართი მოწყობილობის რეალური სახელით მას შემდეგ შეიცვლება, რაც მოწყობილობის მფლობელი ბლუთუზით დაკავშირების თხოვნას დაეთანხმება.

;;

ხაზგასასმელია ისიც, რომ ბლუთუზის ჩართვისას ზოგიერთი მოწყობილობა თავიდანვე მფლობელის მიერ  მინიჭებული სახელწოდებით ჩნდება და არა MAC მისამართით, როგორც ეს აღნიშნულ ფოტოზეა მოცემული:

;

ბლუთუზის სახელის შეცვლა ყველა მფლობელს, განურჩევლად ანდროიდის თუ IOS სისტემისა, მარტივად შეუძლია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტელეფონში ბლუთუზის ჩართვის მომენტშივე ჩვენი ტელეფონი აღქმადი ხდება იმ მოწყობილობებისთვის, რომლებშიც ბლუთუზი უკვე ჩართულია, რაც დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. 

;
შესაბამისად, სამყარო სამყაროს მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბლუთუზჩართული ტელეფონის აცრილი ადამიანის მხართან მიტანისას ტელეფონის ეკრანზე არსებულ ჩამონათვალში ახალი მოწყობილობა ჩნდება, იმის დასამტკიცებლადვერ გამოდგება, რომ ვაქცინირებული ადამიანების ბლუთუზით იდენტიფიცირება შეიძლება.

  • ვაქცინების mRNA ტექნელოგია ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც რაიმე სახის ელექტრონულ ნაწილაკს შეიცავს

mRNA ტექნელოგიით დამზადებული ვაქცინები, მსგავსად სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა მეტალურ ან მაგნიტურ კომპონენტებს არ შეიცავს. ვაქცინების შემადგენლობაში ვერ შევხვდებით ვერც ისეთ შემადგენელს, რასაც მოკლე მანძილზე რადიო ტალღების გადატანა შეუძლია.  ბლუთუზს ფუნქციონირებისთვის კი სწორედ ეს უკანასკნელი სჭირდება. 

ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

mRNA ტექნელოგიით შექმნილი ვაქცინები ჩვენს ორგანიზმს ასწავლიან, თუ როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“(რომელიც Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზეა ამოშვერილი), ან თუნდაც იმ ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს. ასეთი იმუნური რეაქცია, რომელიც ანტისხეულებს წარმოქმნის, დაინფიცირებისგან იმ შემთხვევაში დაგვიცავს, თუ რეალური ვირუსი ჩვენს ორგანიზმში შეაღწევს.

mRNA ტექნელოგიის მუშაობის პრინციპის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.