შექმნეს თუ არა ძმებმა დალესებმა ჯანმო?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

469
VIEWS

10 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა  “iNews • აინიუსი” ძმები დალესების  ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ალენ დალესის და ჯონ დალესის შექმნილია. იგივე ინფორმაცია დალესებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კავშირის შესახებ 2020 წლის დეკემბერში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალისა” (14-20 დეკემბერი) და Tvalsazrisi.ge-ის ვებ-გვერდის მეშვეობით გაავრცელა,  ხოლო 2021 წლის 25 იანვარს ფეისბუკ გვერდზე qadageba.ge-ზე გამოქვეყნებულ  ვიდეოში სპირიდონ აბულაძემ იდენტური ინფორმაცია გაიმეორა. დეკანოზ დავით ისაკაძისა და სპირიდონ აბულაძის მტკიცებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკული სპეცსამსახურების, კერძოდ ძმები დალესების შექმნილია, კორონავირუსის პანდემია კი მასონებისა და გლობალისტების მიერ წინასწარ გაწერილი პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი უნდა განადგურდეს, ნაწილი კი “ახალ მსოფლიო წესრიგს” დაემორჩილოს.
;

ასავალ-დასავალი, 14-20 დეკემბერი, tvalsazrisi.ge, დეკანოზი დავით ისაკაძე: “დიახ, კოვიდ-19 არსებობს, მაგრამ ის ხელოვნურად არის შექმნილი, რათა გაჟლიტოს პლანეტის მოსახლეობის ნაწილი, ხოლო გადარჩენილები – ახალ მსოფლიო წესრიგს დაუმონონ! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების ეგიდით შეიქმნა და რომელსაც კურირებდნენ ძმები – ჯონ და ალენ დალესები, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ახორციელებს ამ პანდემიის გავრცელების ორგანიზაციას!”

qadageba.ge, 25 იანვარი, მეუფე სპირიდონი: “… და რამდენი ვიღაცა რაღაცას გააკეთებს რომ ფული იშოვოს ახლა ჯანმო რომაა, მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოება იცით ვინ დააარსა? ალენ დალესმა და მისმა ძმამ. სახელმწიფო მინისტრმა ამერიკის. ალენ დალესი ვინ იყო? ყველამ იცის. ამბობს თვითონ, რომ ჩვენ  მთელი მსოფლიო უნდა გავრყვნათ, რომ ანტიქრისტეს მოვუმზადოთ გზა.”

iNews-ისა და სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ალენ და ჯონ დალესების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირზე დეზინფორმაციაა, რამდენადაც WHO არა ძმები დალესების, არამედ გაეროს წევრი სახელმწიფოების ინიციატივით 1948 წელს შეიქმნა და პირველად ეს ინიციატივა ჩინეთის და ბრაზილიის დელეგატებმა წამოაყენეს.

  •  როდის და როგორ შეიქმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი არათუ ძმები დალესები, აშშ-ც კი არ ყოფილა. 1945 წლის აპრილში, სან ფრანცისკოში, გაეროს კონფერენციის დროს, იდეა საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციის შექმნისა და წესდების შემუშავების შესახებ ჩინეთისა და ბრაზილიის დელეგატებმა წამოაყენეს. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დავალებით, პარიზში 1946 წლის გაზაფხულზე ტექნიკური კომიტეტი შეიკრიბა, რომელმაც წესდების წინადადებები შეიმუშავა.  1946 წლის 19-22 ივლისს ნიუ-იორკში ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაზე სწორედ ამ წინადადებების საფუძველზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია შემუშავდა. 1946 წლის 22 ივლისს  წესდებას   გაეროს 51-მა წევრმა და 10-მა არაწევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.  კონსტირუცია ძალაში 1948 წლის 7 აპრილს შევიდა, მას შემდეგ, როცა 61 ხელმომწერი ქვეყნიდან  26-მა ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის შეერთებული შტატები  არ ყოფილა. აშშ საბოლოოდ ჯანმოში ორთვე-ნახევრის შემდეგ, 1948 წლის 21 ივნისს გაწევრიანდა, ორგანიზაციის ცალმხრივად დატოვების უფლებით. ხელმოწერების რატიფიცირება ერთ-ერთმა პირველმა  საბჭოთა კავშირმა მოახდინა, რომელსაც რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა წარმოადგენდნენ.

  • საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია, რომლის მიხედვითაც დალესებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ადამიანების კონტროლისთვის დააარსეს?

2020 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის ”არმია-2020-ის” ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, სახელწოდებით “ფსიქოლოგიური დაცვა. ბრძოლა ისტორიისთვის – ბრძოლა მომავლისთვის”  გაიმართა.

;

ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება, როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელ ევგენი პრიმაკოვთან ერთად რუსი ფიზიკოსი მიხეილ კოვალჩუკიც მონაწილეობდა. კოვალჩუკმა თავის გამოსვლაში დასავლეთის მხრიდან ჰიბრიდულ-საინფორმაციო საფრთხეებსა და “მასების გამოთაყვანების” ტექნიკებზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ბრძოლაში წაგებულია, რამდენადაც ამერიკამ ზრუნვა მასების სამართავად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნით დაიწყო.

მიხეილ კოვალჩუკი: “ძმებმა დალესებმა, რომელთაგანაც ერთ-ერთი CIA-ს დირექტორი და მეორე კი სახელმწიფო მდივანი იყო, დევიდ როკფელერის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყეს ის, რასაც ახლა “გვაყლაპებენ”. ნახეთ: პირველ რიგში, მათ შექმნეს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათ ეს შექმნეს არა ხალხის სამკურნალოდ, არამედ იმისთვის, რომ გააკონტროლონ მსოფლიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასზე გავლენა ვაქცინაციით მოახდინონ.”

  • ვინ არიან ძმები დალესები და რა კონსპირაციები უკავშირდება მათ?

ამერიკელი დიპლომატი ალენ დალესი 1953–61 წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, ჯონ დალესი კი 1953 წლიდან 1959 წლამდე სახელმწიფო მდივნის პოზიციას იკავებდა. პერიოდულად როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან მედიაში “დალესის გეგმის” სახელით ცნობილი დოკუმენტი ვრცელდება, რომლის მიზნადაც საყოველთაო ქაოსის დათესვა, ეროვნული ფასეულობების გადაგვარებასა და უზნეობის ხელშეწყობა სახელდება.  ფრაზები, რომელსაც ალენ დალესს მიაწერენ, სინამდვილეში საბჭოთა მწერლის, ანატოლი ივანოვის რომანის „მარადიული ძახილის” პერსონაჟს, ჟანდარმერიის ოფიცერ ლახნოვსკის ეკუთვნის.  ლახნოვსკის მონოლოგის „დალესის დოქტრინად” მოხსენიება განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუს პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და სასულიერო პირებს შორის. 1993 წელს მიტროპოლიტმა იოანემ გამოაქვეყნა სტატია „ბრძოლა რუსეთისთვის”, სადაც მოყვანილია ფრაზა რომანიდან. საქართველოში

დალესის გეგმის შესახებ კონსპირაციები ქართულ მედიაშიც აქტუალურია და სხვადასხვა დროს ამ კონსპირაციას კრემლისტური გამოცემები და სხვა აქტორები ავრცელებდნენ:
“Вечный зов”-ის “დალესის გეგმად” წარმოჩენა “ასავალ-დასავალსა” და “კვირის პალიტრაში”
კომუნისტური პარტიის და Вечный зов-ის ციტატებს Geworld.ge “დალესის გეგმად” ასაღებს
აფხაზეთის ხელისუფლების მოქმედი და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენლები დალესის კონსპირაციის ტყვეობაში
Geworld.ge საქართველოში ბილწსიტყვაობის გამოყენებას დალესის დოქტრინას უკავშირებს

წყაროს შესახებ

Facebook გვერდი iNews – აინიუსი 2015 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა. გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ინფორმაცია მითითებული არ აქვს, თუმცა 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი “დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი” ლაშა ლოლაძეა. 2018 წელს CRRC საქართველომ აინიუსი იმ 65 Facebook გვერდის სიაში შეიყვანა, რომელიც  დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ამასთან, აინიუსი პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, პრორუსულ, რასისტულ და ჰომოფობიურ პოსტებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

isa
ისაკაძე დავით

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist