შეიცავს თუ არა პირბადეები გრაფენის ოქსიდს? 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

63
VIEWS

26 ივლისს ფეისბუქ პროფილმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პირბადეებში გრაფენის ოქსიდის შემცველობაზეა საუბარი. პოსტს 13 აგვისტოსთვის 153 მოწონება, 90 კომენტარი და 135 გაზიარება აქვს.
"
მტკიცება, თითქოს პირბადეები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, მცდარია. რეალურად, არა გრაფენის ოქსიდი, არამედ გრაფენი პირბადეების მხოლოდ მცირე ნაწილის დამზადებაში გამოიყენება.  ამასთანავე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პირბადეები გრაფენის შემცველობით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში – ავერსი, პსპ, ჯპს – გაყიდული პირბადეები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავენ და ევროკავშირის უმაღლესი ხარისხის აკრედიტაცია აქვთ. 

  • მანიპულაციაა მტკიცება, რომ პირბადეებში საფრთხის შემცველი  გრაფენის ოქსიდია

არსებობს ისეთი პირბადეები, რომლებიც გრაფენის შრეს და არა გრაფენის ოქსიდს შეიცავს. მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა უგანდაშიც. ინფორმაცია AFP Fact Check-მა გადაამოწმა. კვლევები იმის შესახებ, არის თუ არა გრაფენის შრე საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს, რომ გრაფენის უნიკალური თვისებების გამო, მისი მეშვეობით კარგი ანტივირუსული დაცვა მიიღწევა.

ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გრაფენის შრიან პირბადეს შესაძლოა, ვირუსის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი დაცვა ჰქონდეს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გრაფენის ნაწილაკები პირბადიდან არ გამოთავისუფლდება და ადამიანის ფილტვებს ზიანს არ მიაყენებს. 2016 წელს თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ფილტვებში გრაფენის მოხვედრის შედეგად თაგვებს ფილტვების დაზიანება აღენიშნათ. ამასთანავე, არსებობს კვლევები გრაფენის უარყოფით გავლენაზე ნივთიერებასთან ხანგრძლივად მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობაზე. თუმცა პირბადეზე განთავსებული საკმაოდ მცირე რაოდენობის გრაფენთან დაკავშირებით ერთ-ერთ კვლევაში ფილტვის მოდელზე საგრძნობი უარყოფითი ცვლილებები არ გამოვლინდა. შესაბამისად, ისეთ მცირე რაოდენობის გრაფენის შესუნთქვას, როგორც ეს შეიძლება პირბადიდან მოხდეს, დადასტურებული საფრთხე არ ახლავს თან. გრაფენის პირბადის ზოგიერთი მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ პირბადეზე ჩატარებულმა ტესტებმა ფილტვის ან კანის დაზიანება და გენური მუტაცია არ გამოავლინა.

2021 წლის აპრილში კანადის მთავრობამ  განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებდა, პოტენციური საფრთხის გამო გრაფენის პირბადეების გამოყენება შეეწყვიტათ. თუმცა Shandong Shengquan New Materials Co. Ltd. ფირმის ჩინეთიდან იმპორტირებულ გრაფენის პირბადეებზე კვლევების ჩატარების შედეგად კანადის ჯანდაცვის უწყებამ დაადგინა, რომ ამ ტიპის გრაფენის პირბადეები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი არ არის, რის შედეგადაც 13 ივლისს კანადაში აღნიშნული კომპანიის პირბადეების გაყიდვა კვლავ გაგრძელდა. თუმცა, სხვა ფირმის გრაფენის პირბადეების გაყიდვა კანადაში ჯერჯერობით არ დაიშვება.

  • პსპ, ავერსი, ჯპს სააფთიაქო ქსელებში გაყიდული პირბადეები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს

“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა სააფთიაქო ქსელების, პსპ, ავერსისა და ჯპს-ის, წარმომადგენლებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აფთიაქებში უმაღლესი ხარისხის პირბადეები იყიდება. პსპ და ჯპს აფთიაქებში მომხმარებლისათვის ქართული ფირმა “რესპირატორის” მიერ წარმოებული სამედიცინო პირბადეებია ხელმისაწვდომი, ხოლო ავერსის სააფთიაქო ქსელებში ქართული “რესპირატორთან” ერთად ჩინური წარმოების Boen Healthcare პირბადეები იყიდება, რომელსაც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის ტესტი წარმატებით აქვს გავლილი და I კლასის პირბადეს წარმოადგენს. რაც შეეხება ქართული წარმოების “რესპირატორის” პირბადეებს, მათ წარმატებით გაიარეს უსაფრთხოების შემოწმება ესპანეთში, მსოფილიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში Eurofins Scientific, რომელშიც ფარმაცეფტული, საკვები, კოსმეტიკური და სხვა პროდუქტების ხარისხის შემოწმება ხდება. “რესპირატორის” პროდუქცია Boen Healthcare-ის მსგავსად ევროკვშირის სტანდარტებს შეესაბამება და I კლასის პირბადეებს წარმოადგენს. რაც შეეხება პირბადეების შემცველობას, აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებში გაყიდული სამედიცინო პირბადეები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.

"
სურათის წყარო: respirator.ge

რა არის გრაფენი და გრაფენის ოქსიდი?

გრაფენი მხოლოდ ნახშირბადის ატომებით აგებული ორგანზომილებიანი ბრტყელი კრისტალია, რომელშიც ატომები ერთმანეთს ჰექსაგონის ფორმით უკავშირდებიან. ის 2004 წელს მანჩესტერის მეზოსკოპიურ ლაბორატორიაში მეცნიერებმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინე ნოვოსიოლოვმა გრაფიტის კვლევისას აღმოაჩინეს და ამისთვის ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატებად დასახელდნენ. ტერმინი გრაფენი გრაფიტის შემადგენელ ძირითად სტრუქტურულ ელემენტს – ორგანზომილებიან ნახშირბადის ფენას – აღნიშნავს.

"

გრაფენის ფენების ერთმანეთზე მოთავსებით გრაფიტი მიიღება
ფოტო: technobyte.org

გრაფენს სხვადასხვა უნიკალური თვისება ახასიათებს, მათ შორის ის, რომ გრაფენი ფოლადზე ბევრად მტკიცე, თუმცა ამავდროულად მსუბუქი და ელასტიურია; მასზე კვლევები სატრანსპორტო, ელექტრონიკის, ენერგიის, სამედიცინო და სხვა დარგებში ტარდება და შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მრავალმხრივი გამოყენება ჰპოვოს.

რაც შეეხება ქართულ ფეისბუქ სივრცეში ანტივაქსერული კამპანიის მიზნით ნახსენებ გრაფენის ოქსიდს, ის მიიღება გრაფიტის ოქსიდიზაციისაგან.  გრაფენსა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება, ამ დროისთვის კი მათი წარმოება სატრანსპორტო, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროებით შემოიფარგლება.

პირბადეების შესახებ წარსულში გავრცელებული მცდარი ინფორმაციები:

გარდა პირბადეებისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრაფენის ოქსიდს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიც შეიცავენ, რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:


არქივი:https://archive.ph/GKNOV


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist