შედგა თუ არა პანდემიის “ნიურნბერგის პროცესი 2”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

12.2k
VIEWS

2021 წლის 4 ივლისს ფეისბუქ მომხმარებლებმა შორე შანიძემ და მიშო ოტიაშვილმა  ვებ-გვერდ nurembergtrials.net-ზე დაყრდნობით იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს, რომელთა თანახმადაც, 4 ივლისს, 18:00 საათზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო პირდაპირ ეთერში “ნიურნბერგის პროცესი 2” უნდა გამართულიყო. იმავე დღეს შანიძემ და ოტიაშვილმა ერთი და იგივე ტექსტიც გააზიარეს, რომელიც “ნიურნბერგ 2”-ს ეხება. ფეისბუქ მომხმარებლების მტკიცებით, დოქტორი რაინერ ფულმიხი  ათასობით ექიმთან და იურისტთან ერთად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და დავოსის ეკონომიკურ ფორუმს “კოვიდ ფაშიზმისა” და მსოფლიო მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობის გამო საჯაროდ გაასამართლებს. გავრცელებულ პოსტებში ნათქვამია ისიც, რომ პამდემიის პერიოდში დასახელებული ორგანიზაციები PCR ტესტების მცდარი დადებითი პასუხებით მანიპულირებდნენ, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასშტაბური პროგრამები 1947 წელს შემუშავებული “ნიურნბერგის კოდექსის” ათივე პუნქტს არღვევს, რაც სიკვდილით ისჯება. ვრცელი პოსტების წყაროდ შორე შანიძეც და მიშო ოტიაშვილიც პორტალ banned.videos-ზე განთავსებულ ვიდეოს ფრაგმენტს უთითებენ.

;

;
მტკიცება, თითქოს 2021 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პირდაპირ ეთერში CDC-ის, ჯანმოს და დავორსის ეკონომიკურ ფორუმს ნიურნბერგის  პროცესი მოუწყო, დეზინფორმაციაა. რეალურად, 4 ივლისს მსგავსი სასამართლო განხილვა არ ჩატარებულა. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცებაც, რომ კორონავირუსის ვაქცინები ექსპერიმენტულია და “ნიურნბერგის კოდექსს” არღვევს. რაც შეეხება გერმანელ ადვოკატს რაინერ ფულმიხს, იგი უკვე რამდენიმე თვეა, სხვადასხვა პლატფორმით ამტკიცებს, რომ ცრუ პანდემიის მამხილებელ მტკიცებულებებს აგროვებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, თუმცა ამ დრომდე მისი სარჩელი არცერთ სასამართლოს არ განუხილავს. 

  • 2021 წლის 4 ივლისს კორონავირუსის ყალბი პანდემიის გასასამართლებლად ახალი “ნიურნბერგის პროცესი” არ ჩატარებულა

2021 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ან რომელიმე სხვა სასამართლოს მიერ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დავოსის ეკონომიკური ფორუმის გასამართლების დამადასტურებელი ცნობები ღია წყაროებში არ გვხვდება. ინფორმაციას ვებ-გვერდი nurembergtrials.net ავრცელებდა. გვერდზე მითითებულია, რომ 4 ივლისს უმაღლესმა მოსამართლეებმა ონლაინ შეხვედრების პლატფორმის, Zoom-ის საშუალებით ე.წ. “მე-4 რაიხი” ანუ კორონავირუსის ხელოვნური პანდემიის შემქმნელები გაასამართლეს, ხოლო შეხვედრის ჩანაწერი ვებ-გვერდზე უნდა გასაჯაროვებულიყო, თუმცა აღნიშნული ვიდეო არც nurembergtrials.net-ზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდზე გვხვდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული სარჩელი ებრაულმა ანტივაქსერულმა მოძრაობამ “ანშეი ემეტმა” მართლაც მიმართა, თუმცა ჯერ-ჯერობით ჰააგის სასამართლოს აღნიშნული სარჩელი დასაშვებად არ უცნია.

2021 წლის ივნისში ვრცელდებოდა დეზინფორმაციაც, თითქოს 3 და 4 ივლისს ამერიკასა და გერმანიაში “კოვიდ ფაშიზმი” უნდა გაესამართლებინათ. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: გაასამართლებენ თუ არა “კოვიდ-ფაშიზმს” ამერიკასა და გერმანიაში?

  • ვებ-გვერდი nurebergtrials.net გერმანელ ადვოკატს რაინერ ფულმიხს ეყრდნობა, რომელიც PCR ტესტებზე დეზინფორმაციას 2020 წლიდან ავრცელებს

nurembergtrias.net-ზე ამჟამად სულ ოთხი ვიდეოა განთავსებული, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულებად და მსოფლიოს ელიტების მიერ ხელოვნურად მოწყობილ სიცრუედ აცხადებენ. ერთ-ერთ ვიდეოში ფიგურირებს გერმანელი ადვოკატიც რაინერ ფულმიხი, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან ვიდეომიმართვებს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია არ არსებობს, რის დასამტკიცებლადაც მტკიცებულებებს აგროვებს. nurebergtrials.net-ზე განთავსებულ რაინერ ფულმიხის ვიდეო 2021 წლის 28 მაისს youtube-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერაში ავტორი წერს, რომ ჯო ბაიდენსა და ბილ გეითსს ნიურნბერგის პროცესი ელით, თუმცა თავად ფულმიხი ამას არ ამტკიცებს. ფულმიხი არც იმას ამბობს, რომ რომელიმე სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა და სასამართლო განხილვები ახლო მიმავალში დაიწყება.

ვიდეოში რაინერ ფულმიხი პანდემიის სიყალბის მთავარ არგუმენტად ვირუსის დიაგნოსტირებისთვის არავალიდური მეთოდის გამოყენებას ასახელებს. მისი თქმით, PCR ტესტირების მეთოდი ათასობით ყალბ დადებით შედეგს იძლევა. რეალურად, PCR ტესტები მაღალი მგრძნობელობით და სიზუსტით გამოირჩევა, რის გამოც ტესტირების ამ მეთოდს ვირუსების იდენტიფიცირებისთვის უკვე წლებია იყენებენ. ფულმიხის განცხადებებს კორონავირუსის პანდემიის სიყალბის შესახებ 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ფულმიხმა ანტივაქსერებსა და პანდემიის უარმყოფელთა წრეებში განსაკუთრებული  პოპულარობა მოიპოვა. რაინერ ფულმიხისა და PCR ტესტების  შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

nurembergtrias.net 2021 წლის12 მაისს შეიქმნა. ვებ-გვერდზე განთავსებული ბლოგები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ ნიურნბერგის პროცესის შესახებ ისტორიებს აერთიანებს.

  • კორონავირუსის ვაქცინები ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს

ონლაინ პორტალ banned.videos-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე დაყრდნობით შორე შანიძე და მიშო ოტიაშვილი ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინები  „ნებადართული სამედიცინო ექსპერიმენტების“ შესახებ 1947 წელს მიღებული ნიურნბერგის დეკლარაციის საფუძველზე შექმნილი ეთიკური კოდექსის ათივე პუნქტს არღვევს. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, FDA-ისა და სხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ ავტორიზებული ვაქცინები ნიურბერგის კოდექსს არ არღვევს, რადგან კოდექსი ადამიანებზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარებას არეგულირებს და ავტორიზაციის მქონე ვაქცინების შემთხვევაში კოდექსზე მითითება არარელევანტურია.

კორონავირუსის ვაქცინების ნაწილმა ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანიზაციებისგან გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოყენების ავტორიზაცია მიიღო, რაც გულისხმობს, რომ ამ ვაქცინებმა უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესამოწმებლად საჭირო კვლევების ყველა ეტაპი გაიარეს, მათ შორის ცხოველებზე გამოცდის ეტაპიც. ამასთანავე, ნიურბერგის კოდექსის პირველი პრინციპი სამედიცინო ექსპერიმენტში ჩართული სუბიექტის ნებაყოფლობით და ინფორმირებულ თანხმობას უსვამს ხაზს, რაც კორონავირუსის ვაქცინების შექმნის პროცესში დაცული იყო და ვაქცინების კლინიკურ კვლევებში ჩართული ყველა ადამიანი მოხალისე იყო.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატიები:

პორტალი banned.videos ულტრამემარჯვენე რადიოწამყვანის და კოსპირაციული ვებ-გვერდის მფლობელის ალექს ჯონსის ვიდეო პლატფორმაა. თავდაპირველად ჯონსი ვებ-გვერდ InfoWars-ს მართავდა, რომელსაც Twitter-მა, Facebook-მა, Youtube-მა და სხვა სოციალურმა მედიებმა დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების ტირაჟირების გამო გავრცელება რამდენჯერმე შეუწყვიტეს, რის შემდეგაც ჯონსმა ახალი IP მისამართის მქონე პორტალი banned.videos დაარეგისტრირა. სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე გვხვდება ვიდეო “ნიურნბერგ 2”-ის შესახებ, რომელიც ქართველმა მომხმარებლებმა თარგმნეს და პოსტის სახით გაავრცელეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist