სხვადასხვა

სად მდებარეობდა შენობა 666 ნომრით და რას საქმიანობენ იქ განთავსებული ორგანიზაციები?

22 ნოემბერი, 2021

15 ნოემბერს ანტივაქსერულმა ფეიბუქ ანგარიშმა “ვინც იცრება გაიცრება” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინაში მდებარეობს სუპერ კომპიუტერი 666 მხეცის შენობა, სადაც ადამიანების დაჩიპვაზე მუშაობენ. პოსტის მიხედვით, ეს კომპიუტერი ინფორმაციას ყველა ადამიანზე ინახავს და მათ სპეციალურ 18-ნიშნა ნომერს ანიჭებს, რომლის პირველი სამი ციფრი 666-ია. პოსტს თან ერთვის შენობის ფოტო, რომელზეც 666-ია აღბეჭდილი. 

"
ინფორმაცია, თითქოს ბრიუსელში მდებარეობს შენობა ნომრით 666, რომელიც სუპერ კომპიუტერს ინახავს და ადამიანებს 18-ნიშნა ნომერს ანიჭებს, კონსპირაციული თეორიაა. ხოლო გავრცელებული ფოტო არა ევროკომისიის შტაბ-ბინას, არამედ ნიუ-იორკში არსებულ შენობას ასახავს, რომელიც უძრავის ქონების კომპანიას ეკუთვნის.

შენობა ნომრით 666 ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარეობს და ის ევროკომისიასთან კავშირში არ არის. ამჟამად შენობას ნომერი შეცვლილი აქვს და 666-ის ნაცვლად 660-ია აწერია. შენობის მფლობელია Brookfield Properties, რომელიც უძრავი ქონების კომპანიაა. მან შენობა 2018 წელს კუშნერების კომპანიისგან 99-წლიანი იჯარით შეისყიდა

"
შენობა რეკონსტრუქციამდე

"
რეკონსტრუქციის შემდეგ

შენობა მისამართით 666 Fifth Avenue 1957 წელს აშენდა, 2007 წელს ის კუშნერების კომპანიამ, რომლის პრეზიდენტიც უძრავი ქონების დეველოპერი და 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერია, რეკორდულ ფასად 1.8 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა.

660 Fifth Avenue-ში ოფისები სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიებს ჰქონდათ, მათ შორის იყვნენ უძრავის ქონების დეველოპერები, ფინანსური, იურიდიული კომპანიები, გამომცემლობები, თუმცა მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერებთან და ადამიანებზე მასობრივად ინფორმაციის შენახვასთან შენობაში არსებული კომპანიები, დაკავშირებული არ ყოფილან. მტკიცება, თითქოს “სუპერ კომპიუტერი” ადამიანებს 18-ნიშნა კოდს ანიჭებს და ის მხეცის ნიშანთანა კავშირში, კონსპირაციული თეორიაა.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ყველას მარჯვენა ხელზე ან შუბლზე დაესმება ნიშანი და არ შეეძლება გაყიდვა, თუ მას არ ექნება “მონსტრის ბრენდი ან სახელი.” ეს მტკიცება და რიცხვი 666 ანტივაქსერების მიერ ხშირად გამოიყენება, მათ ციტატები “იოანეს გამოცხადების” წიგნიდან მოჰყავთ, თუმცა გამოცხადებაში არსებული მუხლები ალეგორიულია და მისი ჩიპებთან ან ვაქცინაციასთან დაკავშირება შეცდომაში შემყვანია. ამასთან დაკავშირებით, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.