ისტორია

საბჭოთა “ლელოს” გზა მოსკოვისკენ

9 ივლისი, 2021

საბჭოთა კავშირში პოლიტიზირებასა და იდეოლოგიზირებას ვერც სპორტი გადაურჩა. ძირითად შემთხვევაში სპორტული თემებით და მასთან დაკავშირებული პროპაგანდით სსრკ ან მის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს აკრიტიკებდა ან საკუთარ ძლიერებასა და წარმატებას უსვამდა ხაზს. საბჭოთა საქართველოში სპორტული გაზეთი “ლელო” გამოდიოდა, თუმცა სპორტის გარდა გამოცემა ხშირ შემთხვევაში საბჭოთა პოლიტიკური სიახლეებითაც იყო დატვირთული. თუ საბჭოთა კავშირში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდებოდა, გაზეთის გვერდები თითქმის მთლიანად პოლიტიკური შინაარსის ტექსტებს შეიცავდა.

გაზეთი “ლელო” პირველად ჯერ კიდევ 1934 წელს გამოიცა, თუმცა მისი სახელწოდება თავდაპირველად “საქართველოს ფიზკულტურელი” იყო. შემდგომში გაზეთს უბრალოდ “ფიზკულტურელი” ეწოდა, ხოლო 1949 წელს “ლელოს” პირველი ნომერიც გამოიცა

; 
გაზეთ “ლელოს” პირველი ნომერი, 1949 წლის 10 ივლისი

იქამდე, სანამ საბჭოთა კავშირი ოლიმპიურ თამაშებში დაიწყებდა მონაწილეობას, კომუნიზმის პროპაგანდას სხვა შეჯიბრებების დროსაც ახორციელებდა. აღსანიშნავია 1951 წელს ბერლინში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მესამე მსოფლიო ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა გუნდებიც მონაწილეობდნენ. იმ პერიოდში პროპაგანდა ორი მიმართულებით მიმდინარეობდა. ერთი მხრივ, ბერლინში ჩასული ახალგაზრდები მსოფლიოს კომუნისტურ სისტემას აცნობდნენ, მეორე მხრივ კი, საბჭოთა მედია და გაზეთი “ლელო” ადგილობრივებს აცნობდა, თუ როგორ შეხვდა მსოფლიო საბჭოთა გუნდს, კომუნიზმსა და დიდი ბელადის სტალინის შესახებ ინფორმაციას. 

;
ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მესამე მსოფლიო ფესტივალი, ბერლინი, 1951 წელი

გაზეთი “ლელო” 1951 წლის აგვისტოს ნომერში წერდა, თუ როგორ ყურადღების ცენტრში მოექცა საბჭოთა დელეგაცია ფესტივალზე, რადგან ის მსოფლიოში მშვიდობის შენების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო:

“მთელი ფესტივალის ყურადღების ცენტრში იყო საბჭოთა დელეგაცია, ქვეყნისა, სადაც მშვიდობისადმი სამსახური ყველაზე უფრო აღელვებს ყოველ პროგრესულ ადამიანს: "მშვიდობა"

ამავე სტატიაში ვკითხულობთ:

“ჩვენი უპირველესი ამოცანაა უმწიკვლოდ ვემსახუროთ მშვიდობის დაცვის საქმეს, იმ დიად საქმეს, რომელსაც სათავეში უდგას სოციალისტური სახელმწიფო და მისი გენიალური წინამძღოლი მშობლიური სტალინი”

;

  • საბჭოთა ოლიმპიური პროპაგანდა

საწყისს ეტაპზე სსრკ ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდა, თუმცა მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლიდერები მიხვდნენ, რომ აღნიშნული სპორტული ღონისძიება კარგი შესაძლებლობა იქნებოდა კომუნიზმის საერთაშორისო დონეზე გავრცელებისთვის. 1951 წელს შეიქმნა სპეციალური საბჭოთა ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც 1951 წლის მაისში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სცნო. ამ ამბის შესახებ “ლელოს” მაისის გამოცემაში მოკლე სტატია მომზადდა. უკვე 1952 წელს საბჭოთა კავშირმა პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ქალაქ ჰელსინკიში გაიმართა.

;
გაზეთ “ლელოს” 49-ე ნომერი სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის შექმნის შესახებ

ძირითადად ანტიამერიკული შინაარსის პროპაგანდა საბჭოთა კავშირმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის პირველივე ხანებში წამოიწყო. ამ მხრივ აღსანიშნავია მელბურნის ოლიმპიადა, რომელიც 1956 წელს საბჭოთა კავშირის მონაწილეობით გაიმართა. ოლიმპიადაში სსრკ-ს ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ამავე წელს საბჭოთა კავშირი უნგრეთში შევიდა და იმ სახელმწიფომ, რომელიც დევიზად “მშვიდობას” ასახელებდა, ანტიკომუნისტური გამოსვლები და რევოლუცია სასტიკად ჩაახშო. 1956 წელს საბჭოთა გუნდი თბომავალ “გრუზიათი” ოლიმპიადაზე მაინც გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის “ლელო” მუდმივად აკრიტიკებდა “კოლონიზატორ” დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს სუეცის კრიზისის შექმნის გამო, რის შედეგადაც ოლიმპიადაში მონაწილეობას ეგვიპტე ვერ იღებდა. გაზეთებში არაფერი იყო ნათქვამი უნგრეთში განხორციელებულ ძალადობაზე

“სამწუხაროდ, ოლიმპიური წლის მიწურულში მშვიდობა დაირღვა. ინგლისის, საფრანგეთის, ისრაელის მადაგახსნილმა კოლონიზატორებმა აგრესია მოაწყეს ეგვიპტეზე, რომელიც იცავს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. სწორედ ამ ვერაგული თავდასხმის ბრალია, რომ ეგვიპტე ვერ მონაწილეობს მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში. მაგრამ კოლონიზატორების სისხლიან საქმეებს საკადრის პასუხს აძლევს პროგრესული მსოფლიო” - გაზეთი “ლელო”, 1956 წლის 18 ნოემბრის ნომერი.

;;
მელბურნის ოლიმპიადა საბჭოთა კავშირმა ასევე აქტიურად გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკისათვის. მთავარი საკითხი ამ შემთხვევაში აშშ-ის უარი იყო, რომლის შედეგადაც საბჭოთა დელეგაციამ ამერიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გადაკვეთა ვერ შეძლო. აშშ-ის პრესა ამ პერიოდში წერდა, რომ საბჭოთა კავშირს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაფრენის შესახებ ნებართვა არ მოუთხოვია და შესაბამისად დელეგაცია სწორედ ამ მიზეზით არ შეუშვეს ტრანზიტულ ზონაში

;
ამავე ნომერში გამოქვეყნდა კარიკატურა, რომლის წყაროდ გაზეთი “პრავდაა” მითითებული და რომელიც ამერიკას დახურული ცის გამო აკრიტიკებდა. 

;
ასევე მრავალი პროპაგანდისტული სტატია გამოქვეყნდა 1960 წლის რომის ოლიმპიადის პერიოდში. ამ შემთხვევაშიც უმეტესი სტატია საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირებაზეა. ოლიმპიადის შემდგომ გაზეთი “ლელო” ჟურნალისტების ჩანაწერებს აქვეყნებდა. ერთი-ერთი ჩანაწერი ასე სათაურდება: "ღვთის მსახურნი ეშმაკის მოციქულების სამსახურში". აღსანიშნავია, რომ საბჭოთა დელეგაციას რომის ოლიმპიადის პერიოდში დაბინავება კათოლიკურ სასტუმროში მოუწიათ, სადაც ღვთისმსახურები მუშაობდნენ. იმ პერიოდში იტალიურმა გაზეთმა სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია და საბჭოთა დელეგაცია “ეშმაკის მოციქულებად” მოიხსენია, ვინაიდან და რადგანაც სსრკ-ში რელიგია აკრძალული იყო. 

გაზეთმა ლელომ ამ პერიოდში კათოლიკე სასულიერო პირების შესახებ ვრცელი კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. სტატია სასულიერო პირებს მანქანის ტარების და ფოტოების გადაღებისთვის აკრიტიკებდა. ასევე გაკვირვებას გამოტავდა იმაზე, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებს დაესწრნენ

;
“ღვთის მსახურნი ეშმაკის მოციქულების სამსახურში”, “ლელო”, სექტემბერი, 1960წ.

საკმაოდ პრობლემური იყო 1980-ისა და 1984-ის ოლიმპიადები მოსკოვსა და ლოს-ანჯელესში, რომლებსაც ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოუცხადა ბოიკოტი (მოსკოვის ოლიმპიადას) სსრკ-ის მიერ ავღანეთის ოკუპაციის გამო, შემდგომში კი სსრკ-მა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას. 

1980 წლის ოლიმპიადის პერიოდში და მანამდეც საბჭოთა კავშირი აქტიურად აკრიტიკებდა და გმობდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებდნენ. ხშირ შემთხვევაში გაზეთი “ლელო” აქვეყნებდა არა საკუთარ კრიტიკას, არამედ სხვების მიერ გამოთქმულ პროტესტს ჯიმი კარტერისა და იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ოლიმპიადის მოსკოვში ჩატარებას აპროტესტებდნენ

“თეთრი სახლის ბინძური ანტიოლიმპიური კამპანიის წინააღმდეგ გამოვიდა გამოჩენილი ამერიკელი მოციგურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერიკ ჰაიდენი... პანამერიკული, სპორტული ორგანიზაცია (ოდეპა) გამოვიდა პრეზიდენტ ჯ. კარტერის ადმინისტრაციის მიერ მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისთვის გაჩაღებული კამპანიის წინააღმდეგ"

;
გაზეთი ლელო, 18 მაისი, 1980 წელი

;
გაზეთი ლელო, 18 მაისი, 1980 წელი

ამავე პერიოდში გაზეთი “ლელო” ხაზს უსვამდა იმასაც, რომ სსრკ სპორტში ძლიერი სახელმწიფო იყო და მას ოლიმპიურ თამაშებში ადგილი მუდამ გარანტირებული ჰქონდა. ეს მართლაც რეალობას შეესაბამებოდა, რადგან საბჭოთა კავშირი მრავალ სპორტულ სახეობაში ლიდერობდა, თუმცა სავარაუდოა, რომ 1980 წელს ამგვარი სტატიების გამოჩენა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა. მაგალითად, ამ წელს “ლელოში” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “აქ სუსტები არ გამოდიან”. აღსანიშნავია, რომ ამ წელს შეჯიბრებაში ნაწილი სახელმწიფოსი არა სისუსტის, არამედ ბოიკოტის გამო არ გამოდიოდა. ;
ლურჯად აღნიშნულია ის სახელმწიფოები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს 1980 წლის მოსკოვში გამართულ ოლიმპიადას

  • “ლელო” სხვა მიზნებისთვის

გაზეთი “ლელო”, მიუხედავად მისი სპორტული შინაარსისა, მხოლოდ სპორტულ თემებზე არ წერდა. მასში ხშირად ვხვდებით სტატიებს, რომლებიც სახელმწიფოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შეეხება. მაგალითად, საბჭოთა კავშირის არსებობის ნებისმიერ ეტაპზე გაზეთი სსრკ-ის ლიდერების მოწოდებებს, პარტიის ყრილობებზე მათ გამოსვლებს, ასევე მათ შეხედულებებს არასპორტულ საკითხებზე აქვეყნებდა. მაგალითად, 50-იან წლებში სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” გამოაქვეყნა სტალინის ინტერვიუ “პრავდის” კორესპონდენტთან, რომელიც ატომურ იარაღს შეეხებოდა. ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ატომური იარაღის  შესახებ არის საუბარი და მასში არანაირი სპორტული საკითხი განხილული არ არის.;
ხშირად სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში იყო არეული და გაზეთი სპორტული საკითხებით ცდილობდა, მოწინააღმდეგე სახელმწიფოები ან იდეოლოგიები გაეკრიტიკებინა. მაგალითად, ოლიმპიური თამაშების შესახებ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია ასე სათაურდება:

“ფაშისტები დასავლეთ გერმანიის ოლიმპიურ კომიტეტში”.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ სსრკ-ში სპორტი, ფიზკულტურა აღზრდის მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილებოდა, შესაბამისად რედაქცია მუდმივად აქვეყნებდა სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ უწყობდა ფიზიკური აღზრდა ადამიანს ხელს ნამდვილ საბჭოთა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. სპორტული გაზეთის სტატიები მიმოიხილავდა იმას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა კომუნისტურ ღირებულებებზე ახალგაზრდების აღზრდას.

;
გაზეთ “ლელოს” სტატიები კომუნისტური აღზრდის შესახებ

გაზეთი ხშირად აქვეყნებდა პროპაგანდისტულ ფოტოებსა და კარიკატურებსაც. კარიკატურებში ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები, კაპიტალიზმი და ამერიკული ღირებულებები იყო უარყოფითად გაშარჟებული, თუმცა სხვა კარიკატურებთან შედარებით აქ ყველაფერი სპორტის თემას უკავშირდებოდა.

 

მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა