მედია

რუსული მედია კერძო თურქულ არხზე ნაჩვენებ რუკას სახელმწიფო ტელევიზიის გავრცელებულად წარმოაჩენს

16 თებერვალი, 2021

12 თებერვალს რუსულმა მედია საშუალება “რია ნოვოსტიმ” თურქული კერძო ტელევიზიიდან აღებული რუკის კადრი გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო არხად წარმოაჩინა. რუკა  სახელწოდებით “თურქეთის გავლენის სფერო 2050 წელს” ამერიკული კვლევითი ცენტრის სტრატფორის (Stratfor) მიერ იყო გამოქვეყნებული და ის თურქულ კერძო ტელევიზიაში “TGRT HABER-ში” განიხილეს. იდენტური ინფორმაცია, იმის შესახებ რომ თურქეთის გავლენის რუკა თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა გარდა “რია ნოვოსტისა”, რუსულმა გამოცემებმა lenta.ru და iz.ru-მაც გაავრცელეს. 

12 თებერვალსვე პარლამენტის ყოფილმა წევრმა დემურ გიორხელიძემ თურქული ტელევიზიის ეთერიდან აღებული რუკის კადრი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტელევიზიაში რუკა შემდეგი სათაურით გავიდა: “თურქეთის რუკა 2050 წელს “ჩრდილოვანი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან CIA”. რუკაზე თურქეთის გარდა, მონიშნულია ბალკანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, შუა აღმოსავლეთი, ამიერკავკასია, შუა აზია და ყირიმის რეგიონი. 

გიორხელიძის თქმით, საბჭოთა კავშირის დროიდან “ქართველებს თურქეთისკენ გაუხსნეს გზა” და ნეოკონსერვატიულ ''ახალი ახლო აღმოსავლეთის'' პროექტში “თურქეთის საზღვრის რუსეთის საზღვრამდე ამოწევა” იყო განსაზღვრული. გიორხელიძე პოსტის ბოლოს წერს: “'თურქეთი ნატოს წევრია, - ე.ი. საქართველოს მეგობარია'' ხომ, თქვე ნაძირალებო! აი, იხილეთ რუქა - ეს სულ ახალია!”

;

11 თებერვალს ფეისბუქ-გვერდს World Military3-ის მიერ ატვირთული იმავე რუკის ფოტო ვიცე-პოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა შემდეგი ტექსტით გააზიარა: “იპოვეთ ამ რუქაზე საქართველო! თუ ვერ მიაგენით შეკითხვებით შორს ნუ წახვალთ საკუთარი თავიდან დაიწყეთ რაზე ხართ თანახმა და რაზე ხართ წამსვლელი სამშობლოსათვის?”. მისი პოსტი Tvalsazrisi.ge-ზეც გამოქვეყნდა.

13 თებერვალს რუკის შესახებ ალტ-ინფოს მიერ შექმნილ ტელევიზია Alt-TV-შიც ისაუბრეს და თურქულ ტელევიზიაში გასულ ამ მონაკვეთს “დიდი თურანის პროპაგანდა თურქულ მედიაში” უწოდეს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ზურაბ მახარაძის თქმით, საქართველო არა ევროპის, არამედ ნეო-ოსმალური იმპერიის ნაწილი გახდება.

რუსულმა მედიამ რუკა მანიპულაციურად გაავრცელა. RIA ნოვოსტიმ დაწერა, რომ რუკა არა კერძო (TGRT), არამედ სახელმწიფო (TRT) ტელევიზიის ეთერში აჩვენეს, რაც ქმნიდა შთაბეჭედილებას, რომ ის თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენდა.

დემურ გიორხელიძის პოსტი კი ნახევრად-სიმართლეა. რუკა თურქულ კერძო ტელევიზიაში ნამდვილად აჩვენეს, თუმცა ის გაცილებით ძველია და 2009 წლიდან ვრცელდება, რუკა ამერიკულ კვლევით ცენტრ სტრატფორს ეკუთვნის და 2050 წლისთვის თურქეთის გავლენის სფეროს ჰიპოთეტურ სურათს ასახავს. რუკა რომ ახალი არაა, ამ დეტალს არც ალტ-ინფოს გადაცემაში ახსენებენ. გარდა ამისა, გიორხელიძე რუკას თურქეთის, როგორც არამეგობრული სახელმწიფოს წარმოსაჩენად იყენებს.

რუსულმა მედიამ ტელევიზიები “TRT” და “TGRT” ერთმანეთში აურია

9 თებერვალს თურქულ კერძო ტელევიზიაში “TGRT HABER-ის” წამყვანმა ამერიკული კვლევითი ცენტრის სტრატფორის (Stratfor) მიერ გამოქვეყნებული რუკა, სახელწოდებით “თურქეთის გავლენის სფერო 2050 წელს” განიხილა. რუკა სტრატფორის ვებ-გვერდზე არ იძებნება, თუმცა აღნიშნული რუკა კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ჯორჯ ფრიდმანის 2009 წლის წიგნში “შემდეგი 100 წელი” გვხვდება, რაც სამომავლო გეოპოლიტიკური ვითარების ერთგვარი ჰიპოთეტური წარმოდგენაა. 

როგორც თურქული გამოცემა haber7 წერს, რუსულმა პრესამ ტელევიზიები “TRT” და “TGRT” ერთმანეთში აურია და კერძო ტელევიზიის კადრი (TGRT) სახელმწიფო ტელევიზიის (TRT) კადრად წარმოაჩინა. haber7-ის სტატიაში წერია, რომ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” შეცდომა საათების შემდეგ გამოასწორა, თუმცა სოციალური მედიის დღის წესრიგში ყოფნა თავიდან ვერ აიცილა. მიუხედავად იმისა, რომ “რია ნოვოსტის” ვებ-გვერდზე შეცდომა გასწორებულია, გამოცემის ფეისბუქ-გვერდზე კვლავ წერია, რომ რუკა თურქეთის სახელმწიფო არხმა აჩვენა.

;

გარდა ამისა, “რია ნოვოსტიმ” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც თურქული ტელევიზიის ეთერში ნაჩვენები რუკის, რომელზეც რუსეთის სამხრეთით თურქეთის გავლენის შესაძლო გაძლიერებაა ნაჩვენები, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებებია თავმოყრილი. დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ შერინის თქმით, რუსეთი ამ პროგნოზებს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

;

;

ინფორმაცია იმავე მცდარი დეტალითა და მანიპულაციური ინტერპრეტაციით ტვიტერზეც გავრცელდა. ტვიტერის ანგარიში spriters-ი წერს, რომ რუკა მთავარი თურქული არხის წამყვანმა აჩვენა და თქვა, რომელი ტერიტორიები უნდა გახდეს თურქეთის ნაწილი 2050 წლისთვის.

;

 “თურქეთის 2050 წლის გავლენის სფეროს რუკა” 2009 წლიდან ვრცელდება

რუკა, რომელზეც თურქეთის ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის “TGRT HABER-ის” წამყვანმა 9 თებერვალს ისაუბრა, ახალი არ არის, იგი სტრატფორის ვებ-გვერდზე არ იძებნება, თუმცა კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ჯორჯ ფრიდმანის 2009 წლის წიგნში “შემდეგი 100 წელი” გვხვდება. 

;

წიგნის შესავალში ფრიდმანი წერს, რომ ამ წიგნში ის ცდილობს მომავლის ჰიპოთეტურ გადმოცემას, ის აღნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, ბევრ დეტალს არასწორად დაწერს, თუმცა მისი მიზანია, სამომავლო გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური, დემოგრაფიული და სამხედრო ტენდენციების ფართო გაგებით იდენტიფიცირება.

იდენტური ვიზუალით ვიდეო იუთუბზე ჯერ კიდევ 2009 წელსაა გამოქვეყნებული, ასევე 2014 წლის სტატიაშიცაა გამოყენებული.

;


მოამზადა მარიამ ტალახაძემ


არქივის ბმულები:
Demur Giorkhelidze
Давід Мартіашвилі
Alt-TV


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.