პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლების და კრემლისტური აქტორების 5 გზავნილი აშშ-ს ავღანეთიდან გასვლაზე

21 სექტემბერი, 2021

2021 წლის 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანა დაასრულა. ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაჯგუფება თალიბანთან დოჰაში მიღწეული შეთანხმების თანახმად მიმდინარეობდა. ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გასვლის ფონზე თალიბანმა სამხედრო კამპანია გაააქტიურა და ქვეყნის უმეტესი ნაწილი დაიკავა, 15 აგვისტოს კი დედაქალაქი ქაბული აიღო. აგვისტოს ბოლომდე ამერიკელი სამხედროების ნაწილი ქაბულის აეროპორტში რჩებოდა და უცხოელების და ქვეყნის დატოვების მსურველი ავღანელების ევაკუაციის პროცესში მონაწილეობდა.

აშშ-ს ავღანეთიდან გასვლას და ქვეყანაზე კონტროლის თალიბანის მიერ დამყარებას მთელს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც ფართო გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და კრემლისტური მედიის გზავნილები ამ პროცესების თაობაზე ხშირად ემთხვეოდა საქართველოში მოქმედი პრო-რუსული და ანტი-ლიბერალური ძალების გზავნილებს. ამ კუთხით შეგვიძლია გამოვყოთ 5 გზავნილი:

  1. დასავლეთი დასუსტდა
  2. ამერიკა არასანდო პარტნიორია - აშშ საქართველოსაც ისე მიატოვებს, როგორც ავღანეთს
  3. ამერიკამ ავღანეთში ვერაფერს მიაღია
  4. ავღანელი ლტოლვილები საფრთხეს წარმოადგენენ - შესაძლოა მათ შორის ტერორისტები იყვნენ
  5. აშშ-მ თალიბანი იარაღით გააძლიერა

გზავნილების ავტორები არიან:

  • რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები: პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი
  • რუსული კრემლისტური მედია: РИА Новости, Sputnik
  • კრემლისტური პარტიები: ერი (ლევან ვასაძე), პატრიოტთა ალიანსი (დავით თარხან-მოურავი, გიორგი ლომია, ნანა დევდარიანი)
  • კრემლისტურ პარტიებთან დაკავშირებული მედიები: ალტ-ინფო, ობიექტივი
  • სხვადასხვა 

გზავნილი

კრემლისტური, ანტი-დასავლური აქტორები

კრემლი და რუსეთის მედია

 

 

 

 

 

 

დასავლეთი დასუსტდა

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „ავღანეთის მნიშვნელობა ამერიკისთვის უსაშველოდ უფრო დიდი რომ იყო, ვიდრე საქართველოს მნიშვნელობაა და რამხელა რესურსი დაიხარჯა იქ... ხოდა ავღანეთში როგორ დასრულდა, რამდენად არი დასუსტებული ამერიკის გავლენები და შესაძლებლობები, როგორც დასრულდა ამერიკის მართვა და სადავეები და საქართველოში რამე სხვა კი არ მოხდება, საქართველოში რამე შანსი კი არ არის.“

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: “დასავლეთი რატო მიდის ავღანეთიდან, დასავლეთი რატო მიდის ერაყიდან. მათ შორის რატო მიდის ჩვენი რეგიონიდან? იმ მარტივი ბანალური მიზეზთა გამო, რატომაც მიდიოდნენ ყოველთვის იმპერიები, აი შორეული რაღაცა პერიფერიებიდან. ძალა აღარ ყოფნის, დასუსტდა“.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „ძალა საჭირო გახდება, კელი დეგნანები დამარცხდებიან და უკვე დამარცხდნენ ავღანეთში და დამარცხდნენ პრაქტიკულად იმ ძალებთან, რომლებიც ტექნოლოგიურად თუ შევადარებთ არიან წინა საუკუნის 50-იან წლებში... ეს ლიბერალური წარმოდგენები, ეს ინფანტილური წარმოდგენები, რომ ჩვენ შეიძლება მორალურად, იდეოლოგიურად ფარჩაკები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სამაგიეროდ „ჰაი ტეკი“ და იქ ღილაკებით დავამარცხებთ ამ ჩამორჩენილ შავბნელ მასებს, რომლებიც ჯერ კიდევ რაღაც წარმოდგენებით არსებობენ და რეტროგრადული ცივილიზაციის ნაწილები არიან, აი ეგ წარმოდგენა ლიბერალებს გადაახიეს თავზე.“

ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსი: “...მარტო ავღანეთის მაგალითს შეხედეთ! აღარ გამოდის არსად მსოფლიოში და აქაც აღარ გამოვა! ქართველი ძალიან გონიერი ხალხია!“

დმიტრი კოსირევი, РИА Новости-ს ავტორი: “ათასჯერ ითქვა, რომ ავღანეთში მომხდარი ჩავარდნა ნიშნავს NATO-ს დაღუპვას, დროებით ან სამუდამოდ. მაგრამ ამ საკითხზე ამერიკელების და ევროპელების დაუსრულებელი ტირილი უფრო რადიკალურ აზრებს აჩენს: ჩვენს წინაშე დასავლეთის აღსასრულია.”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამერიკა არასანდო პარტნიორია - აშშ საქართველოსაც ისე მიატოვებს, როგორც ავღანეთს

შოთა მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „რამდენად შეძლებს ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების დაცვას? ისეთი რაღაცა ხომ არ გველის, რაც ვთქვათ უკრაინას მოსდის ეხლა, რომ მიატოვეს, გადააგდეს და დაუცველი რჩება?  რაღაც ისეთი ხომ არა, რაც ქურთებს მოუვიდათ, ამერიკელების იმედზე იყვნენ და შეატოვეს ჩვეულებრივ სისხლისმსმელ ძალებს? ისეთი რაღაც ხომ არ გველის რაც იმ ავღანელებს ეხლა რომ შეატოვეს თალიბებს?“

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „კიდევ უფრო ფასეული გახდა, სრულიად ნათელია, რომ სამხედრო მიუმხრობლობა, სამხედრო ნეიტრალიტეტი, ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს არც ნატოს, არც სხვა ქვეყნების ბაზები, ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს უცხო ქვეყნის ჯარები, ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს ნატოსთან ერთად რაღაცა წვრთნები, დღეს ორმაგად ფასეული ხდება. ორმაგად, იმიტომ, რომ აი, როგორც ნატომ ამერიკის თაოსნობით მიატოვა ავღანელები, მიგვატოვებს ჩვენ და ნეიტრალიტეტი არის ერთადერთი მექანიზმი ამ მომენტში, რომელმაც შეიძლება ჩვენ გადაგვარჩიონოს და ჩვენსა და რუსეთს შორის ყველანაირი მტრობა გააუქმოს“.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ავღანეთის მაგალითი მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მკაფიო მაგალითია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ როგორც ავღანეთი ხურდა იყო ამერიკისთვის თავის პოლიტიკურ თამაშებში და ჩვენც ხურდა ვართ ამ პოლიტიკურ თამაშებში და ჩვენ ჩვენს თავს არ უნდა ვკადრებდეთ ამას“. 

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი: “რას ნიშნავს მიგვატოვებს [ამერიკა], ეხლა ჩვენ მიტოვებულები არ ვართ?”

ილია ჩაჩიბაია, ობიექტივის ღამის სტუდიის წამყვანი: „ეს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, რომელიც 20 წლის განმავლობაში ავღანეთს არწმუნებდა, რომ შენი მეგოაბრი და სტრატეგიული პარტნიორი ვარო, ერთი ხელის მოსმით გადააგდო, მიატოვა და გასწირა. ეს მაგალითი საქართველოსთვის უნდა იყოს თუ არა საყურადღებო? “

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: "ის, რაც ახლა ხდება იმავე ავღანეთში, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ამერიკელებისთვის სტრატეგიული პარტნიორობა და მოკავშირეობა."

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „უკრაინის ხელისუფალთა მსგავსად, ისევ გვჯერა ვითომ სტრატეგიული პარტნიორის; ისევ დარწმუნებულები ვართ, რომ ის არასდროს გვიღალატებს. იმასაც არ ვფიქრობთ თუ ავღანეთს უღალატა, სადაც ტრილიონობით დოლარი ჩაყარა და თან საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე მოაყოლა, ჩვენ რას გვიზამს?“

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისე გადააგდოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორიც, როგორც გემოგამოცლილი საღეჭი რეზინა.“

გიორგი შერვაშიძე, გენერალ–ლეიტენანტი: "ის, რაც ახლა ავღანეთში ხდება, არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორი სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს აშშ ნებისმიერი ქვეყნისთვის. დაახლოებით ასე მიგვატოვეს ჩვენც 2008 წელს, დიდი ალბათობით, მათ მიერვე პროვოცირებულ ომში და მიგვატოვებენ მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, სათავეში ისევ გვეყოლება ძალა, რომლის მოყვანისა და დასმის პირობაც იმთავითვე სხვისი ინტერესების ბრმა მსახურება იქნება".

სერგეი გავრილოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან: „ათეულ ათასობით ავღანელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და უბრალო ადამიანი მიენდო ამერიკელებს, როგორც სანდო პარტნიორებს, რომლებსაც დასავლური დემოკრატია უნდა აეშენებინათ ამ ქვეყანაში, მაგრამ ქაბულის დაცემამდე ერთი კვირით ადრე მათ პროვოკაცია მოაწყვეს, ლგბტ ორგანიზაციების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაახელეს რადიკალური ორგანიზაციები, შემდეგ კი სამარცხვინოდ მიატოვეს მოკავშირეები, ისე, რომ გაქცევისას აფრენილი თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს ისინი!...

დარწმუნებული არიან ქართველი პოლიტიკოსები, რომ ავღანელი კოლეგების მსგავსად ამერიკელები თვითმფრინავიდან მათაც არ გადმოყრიან?“ (ასავალ-დასავალი, 23 – 29 აგვისტო)

 

ალექსანდრ ხროლენკო, სამხედრო მიმომხილველი: “„ძირითადი მოკავშირის“ სტატუსი თითქოს ფინანსურ მოგებებს ჰპირდება და „რუსული საფრთხისგან“ ამერიკული დაცვის გარანტიასაც აძლევს კიევს. მაგრამ ავღანეთის ცინცხალი მაგალითი დამაჯერებლად ირწმუნება, რომ ამერიკელები და ალიანსი, დასავლური სტანდარტები და 300 ათასიანი ეროვნული არმიის შეიარაღება, დიდი ფული — არაფრის გარანტია არ არის. შეერთებული შტატები მზადაა, უღალატოს მოკავშირეს რთულ მომენტში.
ასე დატოვეს ამერიკელებმა 12 უკრაინელი სამხედრო ქაბულის ერთ-ერთ ბაზაზე სასწრაფო ევაკუაციისას მას შემდეგ, რაც თალიბებმა დედაქალაქი აიღეს. იქვე დატოვეს რამდენიმე ქართველი, ბულგარელი და რუმინელი სამხედროც.”

ვიქტორია ნიკიფოროვა, РИА Новостиის ავტორი: „ოდესღაც ნატო ევროპის დასაცავად იყო მოწოდებული საბჭოთა საფრთხისგან. ძალიან დიდი ხანია, აღარანაირი საფრთხე აღარ არსებობს. დღეს აშშ უბრალოდ ერთპიროვნულად იყენებს ბლოკს საკუთარ სამხედრო ინსტრუმენტად და უწყებას დაქვემდებარებულ ქვეყნებს გადასახადს აკისრებს მის შესანახად. იმის ნაცვლად, რომ მოკავშირეები დაიცვას, მათ უაზრო ავანტიურებში ითრევენ, მერე კი უმოწყალოდ ტოვებენ − მთელი მსოფლიოს თვალწინ.“

 

სტანისლავ ტარასოვი, პოლიტოლოგი: “საქართველო ახლა საშინელ კრიზისშია. ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ აშშ წყვეტს ახლო აღმოსავლეთში მთავარი როლის თამაშს და “ავღანურმა ცუნამმა” შესაძლოა მიაღწიოს სამხრეთ კავკასიას”. (სპუტნიკ-ოსეთზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური - “აშშ-მ შესაძლოა საქართველო ისევე მიატოვოს, როგორც ავღანეთი”)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამერიკამ ავღანეთში ვერაფერს მიაღწია

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული კავშირი: „ქვეყნის [ავღანეთის] ეკონომიკა იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარი, ვითომ “დახმარება”, მოედინებოდა. სინამდვილეში ეს ფული იყო დიდი კორუფციის წყარო და საკუთრივ დასავლეთის საზოგადოების თავხედური მოტყუება. ავღანეთის ომით დიდი ფული იშოვეს არაკეთილსინდისიერმა კონცერნებმა, სამხედროებმა და პოლიტიკოსებმა. საქართველოშიც ვიცით ასეთი “დახმარებები”, როდესაც ვითომ ჩვენთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ისევ დასავლურ ბიუროკრატიასა და ფირმებში ბრუნდება უკან, მეორე ნაწილი კი ათვისებულია ადგილობრივი ბიუროკრატიისა და ე. წ. არასამთავრობო სექტორის მიერ.“

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „რისთვის შესწირა ამერიკამ საკუთარი და მოკავშირეების, მათ შორის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე? რისთვის გადაყარა 3 ტრილიონზე მეტი დოლარი სამხედრო ავანტიურაში, რომელსაც დასაწყისიდანვე სასიკეთო პირი არ უჩანდა? აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავის გამართლების მიზნით აცხადებს, რომ ამერიკამ შეასრულა თავისი მისია „ალ-ქაიდას“ და უსამა ბენ ლადენის განადგურებით. პირველი არგუმენტი ტყუილია. „ალ-ქაიდა“ ისევ არსებობს, თანაც ავღანეთის მსგავს ქვეყნებში, ისეთებში, სადაც სუსტი სახელმწიფო სტრუქტურა და კონტროლია. ეს ორგანიზაცია ავღანეთშიც არის, თანაც „თალიბანთან“ შერწყმული.“

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: "ამერიკელი სამხედროები ამ ტერიტორიაზე 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ხალხის „გაცივილურებას“. არსებითად კი ცხოვრების საკუთარი ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. შედეგი კი ტრაგედიაა. მხოლოდ დანაკარგი. მათთვის, ვინც ეს გააკეთა, ანუ აშშ-სთვის და მით უმეტს ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის“.

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: “ამ კამპანიაში 1,5 ტრილიონი დოლარი დახარჯეს და შედეგი? ნულოვანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც კოლექტიური დასავლეთისთვის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მუშაობდნენ და ავღანეთში მიატოვეს, მაშინ ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა”. 

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა, გააანალიზა რა ვითარება ავღანეთში და კატასტროფულად აღიარა ის… მომხდარ კოლაფსზე პასუხისმგებლობა ავღანეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა… ნატო და აშშ ავღანეთში ოცი წლის განმავლობაში ზუსტად ამ პოლიტიკური ძალების მომზადებით იყვნენ დაკავებული და პასუხს აგებდნენ ამ სეგმენტზე. და ახლა ისინი პასუხისმგებლობას ავღანეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებენ…რა ჰქვია ამას?…ფასეულობებიც ამას ჰქვია“

სერგეი ლავროვი,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ყველას ესმის, რომ მისია ჩავარდა. ეს ღიად არის აღიარებული, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც“.

ევგენი ბუჟინსკი, ექსპერტი: “მისია: ავღანეთის სტაბილიზაცია, შეიარაღებული ძალების მომზადება, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მომზადება - აქ სრული ჩავადნაა. საერთოდ არ მახსოვს არცერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც ამერიკელებმა წარმატებულად მოამზადეს რომელიმე ეროვნული შეიარაღებული ძალები, არ შეუძლიათ მომზადება...მახსენდება საქართველოს მაგალითი, ამზადებდნენ, ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და 2008 წლის აგვისტოში და როდესაც გაიგეს, რომ ბრძოლაში ერთვება ბატალიონი “ვასტოკი” დაყარეს მილიონობით დოლარის იარაღი და გაიქცნენ”.

ვიკტორ ლიტვინოვი, სამხედრო მიმომხილველი: “უდავოდ შეგვიძლია შევადაროთ ავღანეთში დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში 2008 წელს არსებულ სიტუაციას. ავღანეთის არმიასაც და საქართველოს არმიასაც ამზადებდნენ ამერიკელები. ავღანეთის არმია მყისიერად დანებდა თალიბანს, ქართულმა იწვნია სასტიკი მარცხი რუსეთთან. ეს მიუთითებს ამერიკელების მიერ მომზადების ხარისხზე”.

 

 

 

 

 

 

 

 

ავღანელი ლტოლვილები საფრთხეს წარმოადგენენ - შესაძლოა მათ შორის ტერორისტები იყვნენ

ნინო რატიშვილი, ობიექტივის წამყვანი: „აი ამ დევნილებთან დაკავშირებით, ლტოლვილებთან დაკავშირებით, ტრანზიტი ქაბული-თბილისი, უნდა ვიყოთ თუ არა შეშინებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით არა 2000 კაცით იწყება და მერე ეს აღარ მთავრდება და პატარა საქართველოში 2000-იც ძალიან ბევრია, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან დაჩაგრულები სამშობლოში“.

გიორგი ლომია, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „დღესაც ჩვენ რომ მივიღოთ 2000 ლტოლვილი, რა საკვირველია, აქაც დევს ის ნაღმი, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ არ იცის... სახელმწიფომ არ უნდა მისცეს მოქალაქეობა არცერთ უცხოელს, თუ ის არ ექვემდებარება ასიმილაციას. თუ ინტეგრირება არ შეუძლია შენს კულტურაში, ისეთი უცხოელი ვერ უნდა ხდებოდეს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე.”

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მიგრანტები ჩნდებიან ავღანეთიდან, ერაყიდან, ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც შეატორტმანეს ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა.”

იგორ პანარინი, პოლიტოლოგი: “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანგელა მერკელთან შეხვედრისას ორჯერ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ლტოლვილების საფარ ქვეშ შესაძლოა შეიპარონ შეიარაღებული მებრძოლები და ტერორიტები. რუსეთის ლიდერმა ეს გაიმეორა პარტია “ერთიანი რუსეთის” აქტივთან შეხვედრისას. ბრიტანელების გეგმა იყო ლტოლვილებთან ერთად ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში მომზადებული მებრძოლების შეშვება. პუტინის სიტყვებით, საფრანგეთში შესული ავღანელი ლტოლვილების ნაწილი ტერორიტების და ექსტრემისტების სიაში არიან შეყვანილი”.

 

 

 

 

 

აშშ-მ თალიბანი იარაღით გააძლიერა

ლევან ვასაძე, ერი: “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „თალიბანს” დაუტოვა $83 მილიარდი აშშ-ს დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა...ასეთი საჩუქარი საქართველოს არმიამ, აშშ-ს ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა ინატროს, ნაცვლად აგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი სასმელი წყლისა და „პამპერსებისა“, და ნაცვლად ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მოცემული $5 მილიარდისაგან ყველაფერზე, რომლიდანაც დიდი ნაწილი უკან, ამერიკაში წავიდა ამერიკელივე კონსულტანტებისა და არასამთავრობოების კურატორების ხელფასებზე, აქეთ-იქეთ ბიზნესკლასით ფრენისა და „მარიოტებში“ ცხოვრებისა, ნაწილი კი – ქვეყანას ვალად დაედო...
...დავუბრუნდეთ „თალიბებს“. რატომ შეაიარაღეს ასე კბილებამდე გლობალისტებმა ისინი? იმიტომ, რომ მათ მეორედ შექმნეს განადგურებული ისლამული სახელმწიფო, რომელიც მათ პირველად შექმნეს ერაყის ოკუპაციით, და რომელმაც „არაბული გაზაფხულის“ სახით გადაუარა არაბიას.”

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „რა თქმა უნდა, ამერიკელების შესვლასთან ერთად ასჯერ გაიზარდა ოპიუმის წარმოება... თალიბანი ზღუდავდა. მთელი სოფლის-მეურნეობა ავღანეთში არის ამ ყაყაჩოს მოყვანა, რომლისგან მერე ჰეროინი კეთდება და მერე მიდის ექსპორტში... მთელი ამ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ნარკობიზნესის კაპიტალიზაცია, რომ დავთვალოთ, მილიარდებზეა საუბარი, ანუ რაღაც გრანდიოზულ ციფრებზე კი არ არის აქ საუბარი, მილიარდებია, მეტი არაფერი და ამერიკამ ტრილიონები დახარჯა ავღანეთში... ათასობით სიცოცხლე დათმო და პლიუს 85 მილიარდი დოლარის შეიარაღება დაუტოვა თალიბანს.“

ფილიპ პროკუდინი, РИА Новости-ს ავტორი: „დედაქალაქის მოსახლეობას სასაცილოდ ეჩვენება ხუმრობა იმის შესახებ, რომ ამერიკის ლიდერმა განზრახ დაუტოვა შეიარაღება და ტექნიკა მოწოლილ მოჯაჰედებს.

თალიბანის სამხედრო წარმატებები არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს მოსახლეობაში: ის ფაქტი, რომ მათ შეერთებული შტატები და ნატო დაამარცხეს და ოკუპანტები კვლავ განდევნეს, მათ ეროვნულ სიამაყეს ესალბუნება, მაგრამ ბევრს ახსოვს, რა წესრიგიც დაამყარეს „მოწაფეებმა“ („თალიბანი“ პუშტუზე) თავიანთ საამიროში.
„ისინი, ალბათ, ამბობენ: მადლობა, ბაიდენო, იარაღისთვის“, — ავსიტყვაობენ ქაბულელები.“

 

ვიქტორია ნიკიფოროვა, РИА Новостиის ავტორი: ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ თითქოს მათ სპეციალურად დატოვეს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღება ნატოელი პარტნიორების ზურგსუკან დადებული რაღაც საიდუმლო შეთანხმებების სანაცვლოდ.“ 

ზემოთ მოყვანილი გზავნილები იმეორებს დასავლეთის წინააღმდეგ კრემლის და მასთან დაკავშირებული აქტორების მიერ წლების განმავლობაში გაჟღერებულ გზავნილებს, მათ შორის სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელის გარშემო აქტიური კამპანია “პატრიოტთა ალიანსმა” 2019 წლიდან წამოიწყო, მანამდე კი, 2016 წლიდან ამ ინიციატივით კიდევ ერთი კრემლისტური პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გამოდიოდა. ეს პარტიები ნატოს მე-5 მუხლით სპეკულირებენ და ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ნატოში დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაცია ქვეყანას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დააკარგვინებს.

სწორედ ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის თემით მანიპულირებს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რათა კიდევ ერთხელ წამოაყენოს სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეა და დასახოს ის გადარჩენის ერთადერთ გზად იმის მტკიცებით, რომ ნატო და აშშ საქართველოს ავღანეთის მსგავსად მიატოვებენ.

ამასთანავე, მეორდება გზავნილები, რომლებიც მიზნად ისახავს სკეპტიციზმის დანერგვას დასავლეთის მხარდაჭერის და დახმარების მიმართ და იმის წარმოჩენას, რომ აშშ და დასავლეთი არასანდო პარტნიორები არიან.

გარდა ძველი ანტიდასავლური გზავნილებისა კრემლისა და მასთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან გაჟღერდა ახალი გზავნილები, რომლებიც მანიპულაციურ და მცდარ ინფორმაციას შეიცავს. მტკიცებები, რომ ავღანეთის ეკონომიკა 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იმავე დონეზეა და რომ აშშ-ს შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება ასჯერ გაიზარდა, მცდარია. გარდა ამისა, მანიპულაციურია მტკიცება, რომ აშშ-მ თალიბანს 85 მილიარდის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა. ვრცლად ამ თემაზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა