როგორ უმკლავდებიან ვაქცინირებულები პანდემიას ისრაელსა და ამერიკაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

22
VIEWS

23 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Teona Jikia-მ გამოაქვეყნა ლაივ-ვიდეო, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ:

  1. მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში დაავადების ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებია;
  2. აშშ-ში ბევრმა აცრილმა ვაქცინა ძალიან მძიმედ გადაიტანა;
  3. ვაქცინაციამდე ანტისხუელებზე ტესტის გაკეთებაა საჭირო, რადგან ანტისხეულების ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

;
ისრაელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვა პოსტებიც გავრცელდა, პოსტების ავტორები, მათ შორის ანტივაქსერი შორე შანიძე წერს, რომ ისრაელში ჰოსპიტალიზებულების 70% აცრილები არიან.

;
გავრცელებული პოსტები დეზინფორმაციას და სტატისტიკით მანიპულირებას შეიცავს:

  1. CDC-ის მიხედვით, აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქია, სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, ანაფილაქსია მილიონ ვაქცინირებულში მხოლოდ 2-5 ადამიანს გამოუვლინდა;
  2. მართალია, ისრაელში ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობა მართლაც ვაქცინირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არაეფექტიანია, რადგან ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობას წინა ტალღებთან შედარებით, ვირუსი უფრო მსუბუქი ფორმით გადააქვს; 
  3. განცხადება, რომ ჭარბმა ანტისხეულებმა სავალალო შედეგი შეიძლება გამოიწვიოს, მტკიცებულების გარეშეა. ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქცია ინფექციის გადატანის შემდეგ წარმოქმნილ ბუნებრივ იმუნიტეტთან შედარებით უფრო ძლიერია, ვაქცინაცია კოვიდგადატანილებისთვის, ვისაც ანტისხეულები საერთოდ არ გამოუმუშავდება, საჭიროა.

ბოლო 6 თვეში აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 99.5% არავაქცინირებული იყო

თეონა ჯიქიას თქმით, აშშ-ში ბევრმა ადამიანმა, რომლებიც აიცრნენ, ვაქცინა ძალიან მძიმედ გადაიტანეს. CDC-ის ვებგვერდზე VAERS-ის ბაზაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგალითად ანაფილაქსიური შოკი მილიონ ვაქცინირებულში საშუალოდ 2-5 ადამიანს განუვითარდა, 26 ივლისის მდგომარეობით, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის 13 მილიონზე მეტი დოზაა გაკეთებული,  მათგან თრომბოზი მხოლოდ 39 დადასტურებულ შემთხვევაში გამოვლინდა. CDC წერს, რომ ზოგიერთ ადამიანს გვერდითი ეფექტი საერთოდ არ აქვს, ზოგიერთს კი ისეთი გავრცელებული გვერდითი ეფექტი უვლინდება, როგორიცაა ინექციის ადგილის ტკივილი და გაწითლება, ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობა.

აშშ-ში ვაქცინაციის ეფექტიანობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა 99.5% არავაქცინირებული ადამიანები იყვნენ.

ისრაელში ჰოსპიტალიზებულთა შორის ვაქცინირებულთა დიდი რაოდენობა არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არაეფექტიანია

ანტივაქსერები იმის საილუსტრაციოდ, რომ ვაქცინები არ მუშაობს, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელში ჰოსპიტალიზებულთა 70% ვაქცინირებულია. მართალია, ისრაელში ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობა მართლაც ვაქცინირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არაეფექტიანია, რადგან ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობას წინა ტალღებთან შედარებით, ვირუსი უფრო მსუბუქი ფორმით გადააქვს.

25 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სერიოზულად დაავადებული პაციენტების რაოდენობა 97-მდე გაიზარდა, მათგან 22 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 17 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც ადგილობრივი მედია Haaretz წერს, 25 ივლისის მდგომარეობით, ჯამში 191 პაციენტია ჰოსპიტალიზებული, მათგან 113 კი ვაქცინირებულია, რაც დაახლოებით 60%-ია. თუმცა სერიოზული შემთხვევების რიცხვი იმაზე გაცილებით ნელა გაიზარდა, ვიდრე ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო თვის მონაცემებით, ახალი შემთხვევები 132-დან 1400-მდე გაიზარდა, ანუ დაახლოებით 10-ჯერ, ხოლო სერიოზული შემთხვევები 23-დან 97-მდე, ანუ დაახლოებით 4-ჯერ.

Haaretz-თან საუბრისას კოვიდპაციენტების მკურნალი ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის წინა ტალღებთან შედარებით კრიტიკული პაციენტებს ვირუსი უფრო მსუბუქ ფორმებში გადააქვთ და თავს უკეთესად გრძნობენ, ასევე მათი მდგომარეობა უფრო სწრაფად უმჯობესდება, ვიდრე ეს წინა ტალღების დროს ხდებოდა.

ისრაელის კფარ სავას საავადმყოფოს კორონავირუსის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ იაირ ლევის თქმით, წინა ტალღების დროს 40-50 წლის შედარებით ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობა ზოგჯერ ძალიან სწრაფად მძიმდებოდა და იყო 48 საათში გარდაცვალების შემთხვევები, ახლანდელი ტალღისას კი ამგვარი შემთხვევა ჯერ არ მომხდარა და გარდაცვალებების უმეტესობა თანმდევი სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტებში დგება.

22 ივლისს The Times of Israel-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ივლისის პირველ კვირაში საავადმყოფოში მყოფი სერიოზულად დაავადებული პაციენტები კორონავირუსისგან უფრო სწრაფად განიკურნენ, ვიდრე წინა ტალღების დროს, კერძოდ კი მათ 10-12 დღის ნაცვლად მხოლოდ 8 დღე დასჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი ვაქცინაციის დონით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ქვეყნის მოსახლეობით 60%-მდე უკვე სრულად ვაქცინირებულია. Financial Times ხსნის, რომ მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯერადადაა ვაქცინირებული, ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობაში აცრილთა მაღალი პროპორციული წილი ვაქცინების უმოქმედობაზე სულაც არ მიანიშნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ როცა ქვეყანას ვაქცინირების დაბალი დონე აქვს, ჰოსპიტალიზებულთა დიდი ნაწილი არავაქცინირებულია, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში. გარდა ამისა, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში ჰოსპიტალიზებულთა გაცილებით მცირე რაოდენობა სრულდება გარდაცვალებით.

;
წყარო: Financial Times

ივლისის თვეში ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, ამის პარალელურად ანტივაქსერული მოძრაობებმა აქტიურად დაიწყეს იმ მტკიცების გავრცელება, რომ ისრაელში ვაქცინაციის კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა. The Associated Press-ის სტატიაში რამდენიმე ფაქტია მოყვანილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ისრაელში ვაქცინაციის კამპანია წარუმატებელი არ არის და მისი შედეგები დამაიმედებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ისრაელში ინფიცირების რიცხვი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციას შედეგი არ აქვს, რადგან ბოლო თვის ახალი შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით გამოვლინდა.

გარდა ამისა, ახალი შემთხვევების რაოდენობაც შემცირებულია, წლის დასაწყისში, სანამ ისრაელში ვაქცინაცია მასობრივად დაიწყებოდა, ახალი შემთხვევების პიკი 20 იანვარს იყო და სულ 10 213 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ივლისში კი დელტა შტამის მიუხედავად, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა 28 ივლისს გამოვლინდა და სულ 2328-ს შეადგენს.

;
აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს, პირველად 10 თვის განმავლობაში ისრაელში სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
დეზინფორმაციაა, თითქოს ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები უფრო სანდო და ძლიერია

თეონა ჯიქიას მტკიცება, თითქოს კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების საკმარისი რაოდენობის ქონის შემთხვევაში, ვაქცინის გაკეთება აღარ შეიძლება და ანტისხეულების ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს, მტკიცებულების გარეშეა.

სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის იმუნოლოგიის კლინიკური ასისტენტ პროფესორი ჯენიფერ გრიერი The Conversation-ზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ბლოგში აღნიშნავს, რომ მართალია, ადამიანი ანტისხეულებს როგორც ვაქცინირების, ისე ინფიცირების შემდეგაც გამოიმუშავებს, თუმცა ვაქცინის მიღების შემდეგ ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები და იმუნიტეტი უფრო სანდო, ძლიერი, მდგრადი და უსაფრთხოა.

გრიერი წერს, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ანტისხეულებს ყველა ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, დაინფიცირებულთა 9%-ს შესამჩნევი ანტისხეულები არ აქვს, 7%-ზე მეტს კი ინფექციიდან 30 დღის შემდეგ ვირუსის ამომცნობი T-ლიმფოციტები არ აქვს.

 ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist