როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

102
VIEWS

SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული ინფექციის, COVID-19-ის ძირითადი სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველა და სუნთქვის უკმარისობაა. ეს გრიპისა და არაერთი რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს წააგავს, ამიტომ მიზანშეწოონილია ექიმმა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანს ჩაუტარდეს ტესტირება.

2020 წლის დასაწყისში, სანამ ვირუსის გავრცელება დიდ მასშტაბებს მიაღწევდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) ტესტირების რეკომენდაცია მხოლოდ სიმპტომებიან და ინფიცირებულთან ფიზიკურ კავშირში მყოფ ადამიანებზე გასცა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ, დაავადება სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდა და ასეთი უსიმპტომო ინფიცირებულები ვირუსის გამავრცელებლები იყვნენ. ამიტომ, მედიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ტესტირება ნებისმიერი ადამიანისთვის ჩაეტარებინათ. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ უსიმპტომო ადამიანების ტესტირება რესურსების უაზროდ ფლანგვაა, მაგრამ მისი დადებითი მხარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასება, ინფიცირებული ადამიანის იზოლირება და ამ გზით ვირუსის გავრცელების შეზღუდვაა.

SARS-CoV-2-ის დიაგნოსტირებისთვის, ყველაზე ხშირად, ნაზოფარინგეალური (ცხვირხახის)  და ოროფარინგეალური (პირხახის) ნაცხები გამოიყენება. ზოგჯერ, შესაძლოა, პირველადი ტესტირების პასუხი ნეგატიური აღმოჩნდეს, თუ არსებობს მყარი ვარაუდი ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე, მედიკოსები ნიმუშებს განმეორებით იღებენ როგორც ზედა სასუნთქი, ისე ქვედა სასუნთქი სისტემებიდან (ნახველი, ენდოტრაქეალური ასპირიტი, ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი). პაციენტებისგან ნიმუშის ასაღებად აუცილებელია ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა რომ არ მოხდეს მედპერსონალის ინფიცირება, და ამასთან, ტრანსპორტირებისა და ტესტირების პირობების ზედმიწევნით შესრულება. ვირუსი გარემო ფაქტორების (სინათლე, მაღალი ტემპერატურა, მზის ულტრიიისფერი გამოსხივება, ტენიანობა) ზემოქმედებით ადვილად დეგრადირდება, ამიტომ აუცილებელია შენარჩუნებული იყოს ცივი  ჯაჭვის პრინციპი – ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცივი ყუთის საშუალებით.

რა ტიპის ტესტები არსებობს?

ზოგადად, ვირუსების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ორი ტიპის ტესტები: ერთი მათგანი ადგენს ორგანიზმში ვირუსის არსებობას ტესტირების მომენტისთვის და მეორე იძლევა ინფორმაციას გადატანილი ინფექციის შესახებ. ეს უკანასკნელი ემყარება პრინციპს, რომ ინფიცირების შემთხვევაში, ორგანიზმის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სპეციალურ იმუნოგლობულინებს – ანტისხეულებს. ინფექციის გამომწვევთან განმეორებით შეხვედრისას, ანტისხეულები, სწრაფად ცნობენ პათოგენს, არ აძლევენ მას გამრავლების შესაძლებლობას და ამით ორგანზმს ხელახალი იფიცირებისგან იცავენ. ზოგიერთი დაავადების გამომწვევები მყარ იმუნიტეტს განაპირობებენ ანუ ანტისხეულები დიდხანს რჩებიან და ორგანიზმებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავენ.

ანტისხეულების გამომუშავებას, როგორც წესი, რამოდენიმე დღე სჭირდება, ამ ტიპის ტესტის ჩატარებისთვის გამოიყენება სისხლის ანალიზი. ჯერ-ჯერობით არ არსებობს დადასტურებული კვლევა რამდენად მყარია კოვიდინფიცირებული ადამიანის იმუნიტეტი, ეს ბუნებრივიცაა, SARS-CoV-2-ის მიერ ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევიდან ჯერ ერთი წელიც არ გასულა, ამასთან არსებობს რეინფიცირების ერთეული შემთხვევები.

ვირუსის ორგანიზმში არსებობას ანტიგენის სწრაფი და მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული PCR ტესტებით ადგენენ. მაღალი მგრძნობელობის და სპეციფიურობის გამო PCR ტესტი დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

რამდენად უტყუარია ტესტები?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანის ორგანიზმში კოვიდინფექციის დასადასტურებლად გამოიყენება PCR მეთოდი. ამ დროს ტესტირების მომენტში SARS-CoV-2-ის არსებობას ადგენენ. მეთოდი ემყარება  შებრუნებულ ტრანსკრიფციულ  ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციას (RT-PCR). PCR ტესტი მიიჩნევა ძალიან ზუსტ მეთოდათ და ამ დროს  ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. ტესტირების არასწორი შედეგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ნაცხის არასწორი აღებით, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დარღვევით, მკვლევარის მიერ დაშვებული შეცდომით. ამიტომ, ამ შეცდომების გამოსარიცხად, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის და ეპიდემიულოგიური მონაცემების საფუძველზე ზოგჯერ ტესტს განმეორებით ატარებენ.

შებრუნებული ტრანსკრიფციული  ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციის დროს, პირველ ეტაპზე ხდება ვირუსული არასტაბილური რნმ-ის უფრო სტაბილურ დნმ-ად გარდაქმნა – უკუტრანსკრიფცია. ხოლო მომდევნო ეტაპზე, სპეციფიური საადიაგნოსტიკო სამიზნე გენების ამპლიფიცირება.

SARS-CoV-2-ის PCR მეთოდით დიაგნოზირება რამოდენიმე გენის სეგმენტის მიხედვით ხდება. როგორც წესი, მწარმოებლები ცდილობენ ისეთი ტესტების წარმოებას, რომელიც უტყუარი და ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

რომელ გენებით ხდება კვლევა?

იქამდე, სანამ მწარმოებლები სადიაგნოსტიკო ტესტების გაყიდვას დაიწყებენ, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ტესტები მგრძნობელობაზე, სპეციფიურობაზე და სანდოობაზე მოწმდება. მხოლოდ დეტალური შესწავლის შემდეგ, კომპანიები ლიცენზიას იღებენ და ტესტების მასობრივი წარმოება და გაყიდვა ხდება. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით მათი ხელახალი ვალიდაციაც მიმდინარეობს.

SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკო ტესტების წარმოებისას დიდი ყურადღება ექცევა ტესტის ჩატარებისთვის საჭირო დროს და შენახვის პირობებს. მკვლევარებს შორის ის ტესტი ხდება პოპულარული, რომელიც სანდოობასთან ერთად უფრო კომფორტულია (სწრაფი პასუხი, შედეგების ინტერპრეტაცია, შენახვის პირობები, საგარანტიო ვადა და სხვ.). დღევანდელი მონაცემებით, მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული 400 მდე  SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკო ტესტი არსებობს.

COVID-19  დიაგნოსტირებისთვის, სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა სამიზნე გენებს იყენებს,  რაც ქვემოთ მოცემულ ცხრილშიც ჩანს.

COVID-19 სადიაგნოსტიკო ტესტის მწარმოებლები მწარმოებელი ქვეყანა კატალოგის ნომერი შენახვის პირობები სამიზნე გენები
Altona Diagnostics გერმანია 821003 −20 °C Ea, S
BGI ჩინეთი MFG030010 −20 °C ORF1ab
CerTest Biotec ესპანეთი VS-NCO213L RT ORF1ab, N
KH Medical კორეა RV008 −20 °C RdRp, S
PrimerDesign ბრიტანეთი Z-Path-COVID-19-CE −20 °C RdRp
R-Biopharm AG გერმანია PG6815RUO −20 °C E
Seegene კორეა RP10244Y −20 °C RdRp, N, Ea

ტესტები ემყარება ერთი, ორი ან სამი სამიზნე გენის კვლევას. გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციაში ავტორებმა სხვადასხვა მწარმოებლის ტესტები, მათი შედეგების მიხედვით, შეადარეს. კვლევის დროს გამოყენებეულ ყველა ტესტს >96% სიზუსტე აქვს. ამ ტესტებით არ ხდება სხვა რესპირატორული ინფექციების გამოვლენა ანუ ახასიათებთ მაღალსპეციფიურობა. პუბლიკაციის ავტორები ასკვნიან, რომ შესწავლილი ტესტების გამოყენება შეიძლება SARS-CoV-2 -ის კვლევის და COVID-19 დიაგნოსტირებისთვის.

საქართველოში SARS-CoV-2-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან, ტესტირებისთვის მხლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დიაგნოსტირების პროტოკოლი და აპრობირებული სადიაგნოსტო ტესტები გამოიყენება. შესაბამისად, თუ ტესტირების ყველა ეტაპი სწორადაა ჩატარებული, მიღებულ შედეგში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.


მოამზადა მარი მურცხვალაძემ
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი 


სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის  მოსაზრებებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist