ისტორია

როგორ იყენებდა საბჭოთა პროპაგანდა რასიზმს ამერიკის წინააღმდეგ?

28 მაისი, 2021

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთი და მასთან დაკავშირებული ყალბი სოციალური მედიის გვერდები ამერიკელ ამომრჩეველზე სხვადასხვა თემით ზეგავლენის მოპოვებას ცდილობდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საკითხებს შორის აქტუალური იყო იმიგრაცია, კონსტიტუციის მე-2 შესწორება (იარაღის ტარების უფლება) და რასობრივი საკითხები. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, Facebook კონტენტის 60%-ზე მეტი რასობრივ საკითხებს ეხებოდა და ის აფრიკელი-ამერიკელებისკენ იყო მიმართული. რუსეთი ცდილობდა, კვლავ აქტუალური გაეხადა რასობრივ ნიადაგზე არსებული დაპირისპირება და ამერიკელ ამომრჩეველში გარკვეული კონფლიქტი გამოეწვია.

1

ამ პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოს კადრი, რომელიც რუსული სამსახურების მიერ შექმნილმა გვერდმა “Blacktivist” გაავრცელა და სადაც აფრიკელ ამერიკელზე ძალადობა იყო ასახული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ თემით მანიპულირება 21-ე საუკუნეში არ დაუწყია და ამ მეთოდს განსხვავებული ფორმებით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაარსების ადრეული წლებიდანვე იყენებდა. 

მართალია საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის ამგვარი ქმედებები არ ამართლებს აშშ-ის ისტორიის რასისტულ მხარეს, თუმცა მაშინ როცა სსრკ სხვადასხვა გენოციდსა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში იყო ჩართული, ამგვარი პროპაგანდისტული ქმედებები მას ნამდვილად არ აძლევდა იმ მორალურ უპირატესობას, რომლის შექმნაც თავად სურდა.

  • “ავტონომიური ნეგრო სახელმწიფო”

აღნიშნული სახელმწიფოს იდეას საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ 20-იან წლებში ჰქონდა. 2016 წელთან შედარებით იმ პერიოდში არა საზოგადოების, არამედ მთლიანი აშშ-ის გაყოფა იყო მთავარი მიზანი და რაც მთავარია ეს რასობრივ ნიადაგზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნული იდეა უკვე 1930 წლისთვის იყო შემუშავებული. სპეციალურმა კომიტეტმა განიზრახა, რომ ისინი სამხრეთელ შავკანიანებს მიიმხრობდნენ და მათ თვითგამორკვევისკენ უბიძგებდნენ. 

აღნიშნული გეგმა საბოლოო ჯამში მიზნად ჩრდილოეთ ამერიკის გაკომუნისტებას ისახავდა და ამაში საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვან რესურსსაც ხარჯავდა. საგულისხმოა, რომ სსრკ კომიტეტმა სპეციალურად ამ გეგმის განხორციელებისთვის 300 000 $ გამოყო და პროპაგანდისთვის შერჩეული პირები ამერიკის შეერთებული შტატებიდან კრემლში მიიწვია. მოწვეულ პირებს უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა საბჭოთა ლიდერი ხვდებოდა, მათ შორის ლენინი.

მოწვეულ ადამიანებში იყო აფრიკელი-ამერიკელი პოეტი კლოდ მაკკეი და ჰარლემის ცნობილი მაუწყებელი და შემდგომში კომუნისტი აქტივისტი ლოვეტ ფორტ-უიტმენი, რომელსაც Time-ის ჟურნალი “შავკანიანთა შორის ყველაზე წითელს” უწოდებდა. აღნიშნული პირები საბჭოთა კავშირში სპეციალურ ტრენინგებს გადიოდნენ და შემდგომ სსრკ უფრო მძლავრად ცდილობდა სამხრეთული სახელმწიფოს იდეის განხორციელებას ან სულ მცირე ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი შავკანიანი აქტივისტი, რომელიც ამ მიზნით სსრკ-ში იყო წასული, თავად საბჭოთა კავშირის მსხვერპლად იქცა. მათ შორის, უიტმენმა საბოლოოდ სიცოცხლე გულაგში დაასრულა. ის სსრკ-მა არასანდო პიროვნებად მიიჩნია და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა. უიტმენს იქ მძიმე მუშაობა მოუწია, რასაც ხშირად ვერ ახერხებდა, ამიტომ მას გულაგის მეთაურები ხშირად სცემდნენ.

 2
ლოვეტ ფორტ-უიტმენი ამერიკელ შავკანიან მშრომელთა კონგრესის დამფუძნებელ ღონისძიებაზე

როგორც FBI-ის დოკუმენტებში ვკითხულობთ, ამ ხერხით საბჭოთა კავშირი შავკანიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არა, არამედ მათი საყვედურების გამოყენებას კომუნიზმის პოპულარიზაციასა და გავრცელებაში ცდილობდა. საბოლოო ჯამში სამხრეთში მცხოვრები შავკანიანი კომუნისტები ჩრდილოეთში მცხოვრებ კომუნისტებს შეუერთდებოდნენ და მთლიანი ჩრდილოეთი ამერიკა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიაზე გადაეწყობოდა.

საბჭოთა კავშირი ხელიდან არ უშვებდა იმ პერიოდის ამერიკაში რასისტულ ნიადაგზე მომხდარ შემთხვევებს, რათა თავისი პროპაგანდის სასიკეთოდ გამოეყენებინა.

  • “სკოტსბოროს ბიჭები”

საბჭოთა კავშირი აქტიურად ცდილობდა ამერიკელ ხალხში თავისი “მორალური უპირატესობის” წარმოჩენას, რაშიც ხშირად ამერიკაში მომხდარ რასისტულ შემთხვევებს იყენებდა. ერთ-ერთი კამპანია სსრკ-მ სკოტსბოროში მომხდარ ამბავზე ჩაატარა, სადაც ცხრა შავკანიან ახალგაზრდას ორი თეთრკანიანი გოგოს გაუპატიურებისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვაში არ იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ბიჭების ბრალეულობას დაამტკიცებდა, თუმცა იმ პერიოდში რასისტულ სასამართლო სისტემას მტკიცებულებების არ არსებობა არ აღელვებდა

საბჭოთა პროპაგანდა ასეთ შემთხვევებს სათავისოდ იყენებდა და მას სურდა შავკანიან ამერიკელებში ისეთი წარმოდგენა შეექმნა, რომ კომუნიზმი არა მხოლოდ მშრომელთათვის, არამედ აფრიკელი-ამერიკელებისთვისაც უტოპია იყო, რომ საბჭოთა კავშირი სამოქალაქო უფლებების დაცვაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული სახელმწიფო იყო. მიზნის მისაღწევად ამ პერიოდში მრავალი პოსტერი და კარიკატურა შეიქმნა.  

3
“თავისუფლება სკოტსბოროს პატიმრებს”

ერთ-ერთი კარიკატურა “თავისუფლება სკოტსობოროს პატიმრებს” ცნობილ საბჭოთა პროპაგანდისტს, დმიტრი მურს, ეკუთვნის. პროპაგანდის პროცესებში ამერიკის კომუნისტური პარტიაც აქტიურად იყო ჩართული

აღსანიშნავია, რომ ყველა ამგვარი პროპაგანდა ამ პერიოდში ამერიკელ ხალხში სამხრეთის ავტონომიური სახელმწიფოს შექმნის იდეის უფრო მეტად გაღვივებას ემსახურებოდა.

4
ლინჩის წესით გამართებული შავკანიანი (ჟურნალი “უღმერთო სამუშაო მაგიდასთან”)
5
“დაიხსენი 8 უდანაშაულო შავკანიანი ამერიკული ბურჟუაზიისგან” (კომუნისტ ინტერნაციონალი)

  • ცივი ომი და “აფრიკელ-ამერიკელთა უფლებების დაცვა”

ცივი ომის პერიოდში რასობრივი თემით მანიპულირება სხვა საკითხებთან (რელიგია, ეთნოსი) ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ძირითადად სსრკ იმავე მეთოდებს იყენებდა, რასაც აქამდე, თუმცა კიდევ უფრო აქტიურად. პროპაგანდისტულ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა მედია. შესაძლებელია განვიხილოთ პროპაგანდის ორი მაგალითი.

  1. რასიზმი კაპიტალიზმის შედეგია

ერთ-ერთი აზრი, რომელსაც სსრკ პოპულარიზაციას უწევდა, მიზნად კაპიტალიზმის კრიტიკას ისახავდა. საბჭოთა კავშირი აქტიურად ავრცელებდა მოსაზრებას, რომ რასიზმი კაპიტალიზმის შედეგს წარმოადგენდა და ამერიკაში ის ვერ აღმოიფხვრებოდა მისივე კანონებისა და სისტემის გამო. ასევე იყო საუბარი იმაზეც, რომ აშშ-ის რასიზმი იაფი მუშა ხელის გამო აწყობდა, რაც ისევ და ისევ კაპიტალიზმის დამსახურება იყო. საბჭოთა კავშირი ამერიკელებს გამოსავლად კომუნიზმს სთავაზობდა.

მთავარ აქცენტს საბჭოთა კავშირი იმაზე აკეთებდა, რომ აშშ-ის უფლება არ ჰქონდა ადამიანის უფლებებზე ესაუბრა, ვინაიდან ამერიკაში აფრიკელი-ამერიკელები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ. საგულისხმოა, რომ რუსეთი და სხვა დიქტატორული სახელმწიფოები დღემდე აქტიურად იყენებენ ამ არგუმენტს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ რასიზმის როგორც კაპიტალიზმის შედეგის მაგალითი აშშ-ის დაზვერვის სამსახურის კვლევის ანგარიშში პროპაგანდის ერთ-ერთ მიზეზად იყო დასახელებული, თუმცა ამასთანავე საუბარი იყო სხვა სამ თემატიკაზეც:

  • აშშ-ის მთავრობის უმოქმედობა რასისტთა მხარდაჭერის ტოლფასია.
  • აშშ-ის ფარისევლური პოზიცია, თითქოს ის თავისუფალი სამყაროს ლიდერია.
  • რასისტული აშშ-ის გავლენა აზიაზე, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაზე - რას უნდა მოელოდეს აზია და აფრიკა ამერიკისგან, როცა აშშ-ში აზიელებსა და აფრიკელებს ჩაგრავენ.

7
ამონარიდი აშშ-ის დაზვერვის სამსახურის 1963 წლის ანგარიშიდან, სადაც საუბარია საბჭოთა კავშირის მიერ კაპიტალიზმისა და რასიზმის ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

  • ლითლ როკის სკოლა

ლითლ როკის სკოლასთან დაკავშირებული მოვლენა აშშ-ის რასობრივი კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 1957 წელს არკანზასის შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებით 9 შავკანიანი მოსწავლე სეგრეგირებულ სკოლაში არ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ 1954 წელს სასამართლომ ეს პრაქტიკა არაკონსტიტუციურად სცნო, გუბერნატორმა რასისტული ქმედება მაინც განახორციელა. საბოლოოდ პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა სკოლაში ჯარი გაგზავნა, რათა 9 სტუდენტს თავიანთი უფლებით ესარგებლათ.

7
ლითლ როკის 9 სტუდენტის მემორიალი

საბჭოთა კავშირმა, რა თქმა უნდა, არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, რათა ანტიამერიკული პროპაგანდა რასობრივ ნიადაგზე გაეძლიერებინა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ მრავალ დანაშაულში იყო პასუხისგმებელი, ის ანტიამერიკული შეტევებით მაინც ცდილობდა, “მორალური” უპირატესობა  წარმოეჩინა.

“ჯარისკაცები იმარჯვებენ ბავშვების წინააღდმეგ” - ასე უწოდა “კომსომოლსკაია პრავდამ” სტატიას, სადაც ამ ამბის შესახებ იყო ნაამბობი. საბჭოთა გაზეთი “იზვესტია” კი ფასადური ამერიკული დემოკრატიის შესახებ წერდა. ამ ქმედებით საბჭოთა კავშირს სხვა ძირითად მიზნად ის ჰქონდა დასახული, რომ თავის მოქალაქეებისთვის ცუდი და მიუღებელი ალტერნატივა ეჩვენებინა დასავლური სისტემის სახით.

  • “ვოთებაუთიზმი”

რომ შევაჯამოთ ზემოთქმული ყველა მაგალითი საბჭოთა კავშირი ცივი ომის პერიოდში, მანამდეც და დღესაც ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შელახვის საკითხებზე პოლემიკაში “ვოთებაუთიზმის” ანუ კონტრბრალდებების წაყენების ტაქტიკას იყენებდა და ძირითადი თემატიკა რასიზმი იყო. “ვოთებაუთიზმი” ერთგვარი ხერხია მოწინააღმდეგესთან დებატში საუბარი სხვა საკითხზე გადაიტანო, რათა შენი სისუსტე დამალო. საუბრის გადატანას თან ერთვოდა წინასწარ დაგეგმილი პროპაგანდისტული კამპანიები. 

“და შენ ლინჩის წესით ასამართლებ შავკანიანებს” - ეს იყო მთავარი გზავნილი, რასაც საბჭოთა ლიდერები აშშ-სთან პოლემიკის დროს იყენებდნენ. მართალია საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს, თუმცა რუსეთი კვლავ აქტიურად განაგრძობს ამ პოლიტიკას და ამჟამინდელ ერთეულ რასისტულ შემთხვევებს ამერიკაში საკუთარი ქმედებების გადაფარვისთვის ან საკუთარი უპირატესობის წარმოჩენისთვის იყენებს.

  • საბჭოთა კავშირის “მორალური უპირატესობა”

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმი ნამდვილად დიდი პრობლემა იყო, საბჭოთა კავშირს მისი სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ნამდვილად არ გააჩნდა მორალური უპირატესობა და არც კომუნიზმი წარმოადგენდა იმ სისტემას, რომელიც შავკანიანებს თუ სხვა ჯგუფებს უზრუნველ ცხოვრებას შეუქმნიდა.

საბჭოთა კავშირი ძალადობდა არა მხოლოდ ევროპის მეზობელ სახელმწიფოებზე, არამედ საკუთარ მოქალაქეებზეც და ეს სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. რადგან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება სხვადასხვა მცირე ერების მიმართ, რაც ძირითადად მათ მასობრივ გადასახლება-განადგურებაში გამოიხატებოდა. სტალინის ბრძანებით მრავალი ჯგუფი სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე გადაასახლეს, მათ შორის, ჩეჩნები, ფინელები, პოლონელები, ინგუშები, მესხები და სხვა.  

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საწყის ეტაპზე გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და მასობრივი შიმშილობა იმპერიის სხვადასხვა სახელმწიფოში (მათ შორის ჰოლოდომორი უკრაინაში). მიუხედავად იმისა, რომ კონტრბრალდებებს სსრკ კაპიტალიზმის წინააღმდეგ იყენებდა, სწორედ კაპიტალიზმის საწინააღმდეგო კოლექტივიზაციას მოჰყვა მასობრივი შიმშილით გამოწვეული დიდი მსხვერპლი. 

გარდა ეთნიკური ნიშნისა, საბჭოთა კავშირი აქტიურად დევნიდა პოლიტიკურ ოპონენტებსაც, მათ შორის, როგორც უკვე ვიხილეთ იმ ამერიკელ შავკანიანებსაც, ვისაც საბჭოთა კავშირი და მისი იდეოლოგია ეიმედებოდათ და ამ მიზნით სსრკ-ში ჩავიდნენ. უშუალოდ სტალინის ბრძანებით 1936-1938 წლებში დაახლოებით 750 000 ადამიანი მოკლეს/დახვრიტეს და მილიონზე მეტს კი საბჭოთა გულაგებში მოუწიათ სიცოცხლის დასრულება. მათ შორის ამ რეპრესიებს მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწე ემსხვერპლა.

ამასთანავე, საბჭოთა კავშირი სჯიდა იმ სახელმწიფოებსა და ერებს, რომლებიც მისი გავლენის სფეროსგან თავდაღწევას გადაწყვეტდნენ ან მას გააკრიტიკებდნენ. ასეთ მოვლენებში აღსანიშნავია, 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობა, როდესაც კომუნისტებმა მკაცრად დასაჯეს უნგრელი თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები. ასევე თბილისში მიმდინარე 9 მარტის მოვლენები და პრაღის გაზაფხული 1968 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარმა პრაღაში მის წინააღდმეგ გამართული დემონსტრაცია დაარბია

აღსანიშნავია, რომ დასავლეთთან შედარებით საბჭოთა კავშირის “მორალური უპირატესობის” წარმოჩენას ქართული პრო-რუსული, რუსეთის მიერ დაფინანსებული გამოცემებიც ცდილობენ. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
შარპევილის ხოცვა-ჟლეტიდან სსრკ-ს დანაშაულებამდე


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა