რატომ ვერ ხედავს ინაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში რუსეთის პასუხისმგებლობას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

27
VIEWS

13 ივნისს ტელეკომპანია ობიექტივმა გამოაქვეყნა პარტიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის გადაცემის, “სტუდია ნომერი 8” მეშვიდე ეპიზოდი. გადაცემაში ირმა ინაშვილი 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამტკიცებს, თითქოს 2008 წლის ომში ევროსასამართლომ  რუსეთი მხარედ არ აღიარა და ომის სუბიექტებად საქართველო და სამხრეთ ოსეთი მიიჩნია.

 

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომი იყო ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის… მართალია, ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლომ 10 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა რუსეთი, იმ მიზეზით, რომ ომის დასრულების შემდეგ, ანუ 12 აგვისტოს შემდეგ რუსული ჯარები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არღვევდნენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, თუმცა, ვფიქრობ, 10 მილიონიანი ჯარიმა ვერანაირად ვერ გადაწონის ქართული დიპლომატიის ესოდენ დიდ მარცხს… სააკაშვილ-ბოკერიების და “ქართული ოცნების” ლიდერები, მხარდამჭერი ექსპერტები და ტელეარხები ერთსულოვნად მალავდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომში რუსეთი მხარედ არ აღიარა.”

17 ივნისს გადაცემის ეს ფრაგმენტი ფეისბუქ გვერდხე “კონსერვატორი” შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა:“როგორ მოატყუეს ქართველი ხალხი”.

;
ინაშვილის მტკიცება, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, 2008 წლის ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მოხდა და მან რუსეთი კონფლიქტის მხარედ არ აღიარა, მანიპულაციურია. სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა პერიოდი (8-12 აგვისტო), როცა რუსეთი ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოს  შემდეგი მოვლენები,  როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პაუხისმგებლობა ცალსახად გამოიკვეთა. სასამართლომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ არაერთ დანაშაულში ცნო დამნაშავედ. რაც შეეხება 10 მილიონი ევროს ჯარიმას, სტრასბურგის სასამართლომ ის რუსეთს არა აგვისტოს ომის, არამედ 2006 წელს რუსეთიდან ქართველთა დეპორტაციის საქმეზე 2019 წელს დააკისრა. 

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, სრული საჩივარი კი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ თავის გადაყწვეტილებაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე ცალსახად მიუთითა, როცა აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ წარმოაჩინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიან კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა.

ირმა ინაშვილი მანიპულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილით, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 8-12 აგვისტოს ომის აქტიურ ფაზას და 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნას შეეხება, რაც რუსეთის პასუხისმგებლობის უგულებელყოფას არ გულისხმობს.

გვერდ “კონსერვატორის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ბოლოს ჩნდება წარწერა “სტრასბურგი: რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომში პირდაპირ არ მონაწილეობდა და ის მხოლოდ 12 აგვისტოს შემდეგ ჩაერია უკანონოდ. იხილეთ დოკუმენტის სქრინი”, რასაც მოსდევს სქრინი, რომელშიც მოცემულია ნაწყვეტი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომლის მიხედვითაც 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე რუსეთის არ შეიძლება ჩაითვალოს ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის მქონედ და ამრიგად დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს საჩივრის ის ნაწილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი იურიდიულად პასუხისმგებელია 8-12 აგვისტოს ჩადენილ ქმედებებზე.
;;
12 აგვისტოს შემდეგ ჩადენილი ქმედებების გამო რუსეთის დაჯარიმებაზე აპელირებს გადაცემაში ირმა ინაშვილიც.

რეალურად, სასამართლომ დაადგინა, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება ქაოტური იყო და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა. შესაბამისად, საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხი გამოირიცხა  და სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პერიოდში მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში არ ექცეოდა.

საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარეობდა. ინტერპრეტაცია, რომ ვინაიდან საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე რუსეთს ეფექტიანი კონტროლი არ ჰქონდა, ის ომში არ მონაწილეობდა, მანიპულაციურია.

სასამართლოს განმარტებით, სამხედრო ოპერაციების ჩატარება, მათ შორის დაბომბვა, შეიარაღებული თავდასხმა და ა.შ. საერთაშორისო კონფლიქტის დროს ტრიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის ქონად ვერ ჩაითვლება. სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული საერთაშორისო კონფლიქტის აქტიურ ფაზაში რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბომბვის და არტილერიის გამოყენებით საქართველოს ნაწილზე ეფექტიანი კონტროლის დამყარებას ცდილობდნენ  . შესაბამისად, სასამართლომ რუსეთის ქმედებები საკუთარი ტერიტორიის მიღმს, საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობად განიხილა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დასკვით, რუსეთმა, როგორც მოპასუხე ქვეყანამ არ წამოადგინა მტკიცებულებები და არ გამოიძია ის მოვლენები, რომლებიც როგორც საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ განვითარდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ცხინვალის რეგიონზე, აფხაზეთსა და ე.წ. ბუფერულ ზონაზე ეფექტიანი კონტროლი რუსეთს ჰქონდა დამყარებული. რუსეთის ძალების ოფიციალური გასვლის მიუხედავად, მათი ამ ტერიტორიაზე კვლავ დარჩენა  და ამ ტერიტორიის ხელისუფლების რუსეთისადმი დაქვემდებარება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს კვლავ აქვს ეფექტიანი კონტროლი მათზე, შესაბამსად, მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში ექცევა და პასუხიმგებლობაც მას ეკისრება.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს მოიცავს როგორც რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ქართულ სოფლებში სახლების გადაწვის, ძარცვის და სამოქალაქო პირების მიმართ, ასევე ეთნიკურობის გამო მსხვერპლთა მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას

შესაბამისად, სასამართლომ დაადგინდა სიცოცხლის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების და წამების აკრძალვის დარღვევა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ქალაქ ცხინვალში დე-ფაქტო შინაგას საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში  საქართველოს 160 მოქალაქე უკანონოდ დაატყვევეს, მათი უმრავლესობა ასაკოვანი, ხოლო ⅓ ქალია. მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა მათ დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება იმის გამო, რომ მან პრევენციისათვის სათანადო ზომები არ მიიღო და პასუხისმგებელი იყო დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებზე.

ასევე რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამებაზეც. ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, სასამართლომ განმარტა, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და არ მიიღო სათანადო ზომები წამების აღსაკვეთად.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ცალკე განიხილავს დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხს და გადაწყვეტს რუსეთისათვის კომპენსაციის დაწესების საკითხს. პოზიციების წარსადგენად მხარეებს ერთი წელი აქვთ. რაც შეეხება 10 მილიონი ევროს ჯარიმას, რომელზეც ირმა ინაშვილი გადაცემაში საუბრობს, სტრასბურგის სასამართლომ ის რუსეთს 2019 წელს დააკისრა, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე.

შესაბამისად, მტკიცება, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომში რუსეთი მხარედ არ აღიარა მცდარია.

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები, ისევ როგორც სხვა, კრემლთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული აქტორები წარსულშიც აქტიურად ავრცელებდნენ მანიპულაციურ ინფორმაციას და რუსეთის ხელისუფლების ნარატივებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – ვისთვის ვინ გაიმარჯვა სტრასბურგში? 

კონსერვატორის შესახებ

ფეისბუქ გვერდი “კონსერვატორი” 2021 წლის 7 ივნისს შეიქმნა. გვერდს პროფილად მეუფე სპირიდონის ფოტო უყენია, ხოლო ჩვენს შესახებ გაყოფილებაში უწერია, რომ  “ლიბერალიზმი უნდა დასრულდეს”. გვერდი ხშირად აზიარებს “ალტ-ინფოს” და ლევან ვასაძის ვიდეოებს. გვერდი დაკავშირებულია ფეისბუქ ჯგუფთან “მრწამსი მართლმადიდებელი”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist