ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რას გულისხმობს რუსი აკადემიკოსი - Sputnik-V-ს თუ ჯანმოს მიერ ავტორიზებულ სხვა ვაქცინებს?

10 მაისი, 2021

7 და 8 მაისს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების შესახებ რუსი აკადემიკისის, ალექსანდრ რედკოს მოსაზრება არაერთმა მომხმარებლმა გამოაქვეყნა.  რედკო ამტკიცებს, რომ რამდენადაც ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი ჯერ ჯერ არ ჩატარებულა, პაციენტები ავტომატურად ექსპერიმენტის მონაწილეები ხდებიან; ამასთან ვაქცინირებული ადამიანი ინფექციის მატარებელია და 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდება, ვიდრე აცრამდე. ამის დასამტკიცებლად რედკოს ისრაელის მაგალითი მოჰყავს, სადაც მისი მტკიცებით სიკვდილიანობა და დაავადების განვითარების რისკი 2-ჯერ არის გაზრდილი.

;

რუს აკადამიკოსზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი ინფექციის გადამტანი არ ხდება, ვინაიდან ამ დროისთვის ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი mRNA ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ტრადიციული მეთოდით დამზადებული “სინოფარმი” კი იმუნიტეტის გამომუშავებას ინაქტივირებული ვირუსით უზრუნველყოფს, რომელსაც უჯრედის ინფიცირების უნარი არ გააჩნია.  ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინირებული ადამიანების დაავადების შანსი ორჯერ მეტია. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ისრაელში ვაქცინაციის გამო სიკვდილიანობის გაზრდის შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში დაკონკრეტებული არ არის რომელ ვაქცინაზე საუბრობს ალექსანდრ რედკო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ყველა ვაქცინა საშიშია. 

რედკო რუსულ SPUTNIK-V-ზე საუბრობს

აღსანიშნავია, რომ osnmedia.ru-სთან ინტერვიუში ალექსანდრ რედკო კონკრეტულად  მხოლოდ რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს ახსენებს, თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებში არ არის დაზუსტებული, რომელ ვაქცინაზეა საუბარი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ყველა ვაქცინა საშიშია. 

რედკოს მიხედვით, რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს კვლევების მესამე ეტაპი ჯერ არ გაუვლია, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. გამალეიას სამეცნიერო ინსტიტუტმა, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის, მესამე ფაზის ტესტების შედეგები 2021 წლის 2 თებერვალს The Lancet-ში  გამოაქვეყნა .

New York Times-ის მიხედვით, 2021 წლის 26 აპრილს ბრაზილიის ვაქცინის მარეგულირებელმა საბჭომ Sputnik V ვაქცინაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ იგი არასათანადოდ განეიტრალებულ ადენოვირუსებს შეიცავს, რომელთა რეპლიკაციამაც შეიძლება ვაქცინა საშიში გახადოს.  Anvisa-მ ბრაზილიურმა მარეგულირებელმა, ასევე პრეტენზია გამოთქვა ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ არასრული მონაცემების გამო. Anvisa-ს განცხადებებს რუსი მეცნიერები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი  ამ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებენ.

როგორია სხვა ვაქცინების ეფექტიანობა?

ამჟამად ჯანმოს მიერ დამტკიცებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებს უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადგენად მრავალი კლინიკური კვლევა აქვთ გავლილი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ამ დროისთვის ავტორიზებული არც ერთი ვაქცინა (Pfizer-BioNtech, Moderna, Johnson & Johnson-) არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც კოვიდ-19-ით ინფიცირებას გამოიწვევს.

”ეს ნიშნავს, რომ ვაქცინამ არ შეიძლება გამოიწვიოს COVID-19 დაავადება”, - აღნიშნულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდზე. ამრიგად, ვაქცინირებული ადამიანი არ ხდება ინფექციის მატარებელი და არ გამოყოფს ვირუსს.

CDC-ის თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები ჩვენს იმუნურ სისტემას კორონავირუსის დაავადების გამომწვევი ვირუსის ამოცნობასა და მათთან ბრძოლაში "ავარჯიშებს". ზოგჯერ ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება. მსგავსი გვერდითი მოვლენები ნორმალურია და იმის ნიშანია, რომ სხეული ვირუსისგან თავდაცვის რეაქციას ავითარებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ იმუნიტეტის შექმნას "ჩვეულებრივ რამდენიმე კვირა სჭირდება", ეფექტიანობის მისაღწევად კი “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების ორი დოზის მიღება არის საჭირო.  “მოდერნას” ეფექტიანობა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო “ფაიზერის” - 7 დღის შემდეგ მიიღწევა. ”ეს ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდეს”.

კლინიკური კვლევების დროს “ფაიზერმა” 95%-იანი, ხოლო “მოდერნამ” 94.1%-იანი დაცვა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეფექტიანობა 100%-ს არ შეადგენს და შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილი ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგაც კი დაინფიცირდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად  “სინოფარმს” 78,1% ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს. სხვა ავტორიზებული ვაქცინებისგან განსხვავებით, “სინოფარმი” ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კორონავირუსის გამომწვევ ინაქტივირებულ მიკრობებს შეიცავს. თუ mRNA ვაქცინები ჩვენს ორგანიზმს ასწავლიან, როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“(რომელიც Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზეა ამოშვერილი), ან თუნდაც ცილის ფრაგმენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა ინაქტივირებული ან ატენუირებული (ცოცხალი დასუსტებული) ვირუსის ორგანიზმში შეყვანით ცდილობს გამოიწვიოს ძლიერი იმუნური რეაქცია.  “სინოფარმი” ინაქტივირებულ ვირუსს, ანუ მკვდარ ვირუსს შეიცავს, რომელსაც უჯრედის დაინფიცირების უნარი არ აქვს. ინაქტივაციის პროცესში ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება, გადის იონიზაციური გამოსხივებისა და დეზინფექტანტებით დამუშავების ეტაპებს. ამ შემთხვევაში იმუნურ პასუხს მკვდარი, ინაქტივირებული ვირუსი იწვევს, რამდენადაც ვირუსის პირვანდელი სტრუქტურა ნაწილობრივ შენარჩუნებული რჩება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ტიპის ვაქცინების მოქმედების პრინციპის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ პროფესორ გიორგი კამკამიძის მიერ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებული სამედიცინო ბლოგი:
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები - მითები და რეალური მდგომარეობა?

როგორია ისრაელის სტატისტიკა?

რედკო ასევე ახსენებს ისრაელის მაგალითს, სადაც თითქოს ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო ხელახლა დაავადების რისკები გაორმაგდა. სინამდვილეში, ისრაელში ვაქცინაციის მონაცემების გამოკვლევამ და ანალიზმა აჩვენა, რომ Pfizer ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსული დაავადების სიხშირეს, ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  2021 წლის 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ვაქცინაციის გამო ისრაელში სავარაუდოდ გაზრდილი ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ყალბია. 

”ვაქცინის ეფექტიანობის განსაზღვრისას იზომება ორი დოზით ვაქცინირებული ადამიანების დაავადების გადადების რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იყო აცრილი. უახლესი მონაცემებით, ვაქცინა აღმოჩნდა ძალიან ეფექტიანი ავადობის, მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით “, - ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ Pfizer/BioNTech ვაქცინის ეფექტიანობის სტატისტიკა ვაქცინის მეორე დოზის  მიღებიდან 14 დღის შემდეგ გამოაქვეყნა:

  • 95.8% ეფექტიანობა დაავადების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
  • 98.0% ეფექტიანობა მაღალი სიცხის და/ან რესპირატორული სიმპტომების მქონე დაავადებების პროფილაქტიკაში;
  • 98.9% - კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის პროფილაქტიკაში;
  • 99.2% - კორონავირუსით გამოწვეული სერიოზული დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში;
  • 98.9%- კორონავირუსით სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.

ისრაელში ვაქცინაციის გამო სიკვდილიანობის გაზრდის შესახებ ინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Midaat-მა ყალბად შეაფასა.

5 თებერვალს სამეცნიერო ჟურნალში Nature გამოაქვეყნებული სტატიის მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს უწყობს მოხუცებში ვირუსის კონტროლს  ვაქცინაციიდან თითქმის 6 კვირის შემდეგ. 

”დღეისათვის, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული ადამიანების თითქმის 90%-მა Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდ-19-ის ინფექციები 41%-ით არის შემცირებული. შედარებისთვის, 59 წლამდე ასაკის ადამიანებში, რომელთა მხოლოდ 30%-ზე მეტია ვაქცინირებული, ინფექციები 12%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზაცია 5%-ით არის შემცირებული. ეს მონაცემები დაახლოებით 250 000 შემთხვევის ანალიზს ეყრდნობა”, - წერს Nature. 

მეცნიერთა აზრით, Pfizer ვაქცინის ერთი დოზაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს SARS-CoV-2-ით ინფიცირების რისკს.

ასევე 2021 წლის თებერვლის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბოლო თვეში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა 97%-ზე მეტი  ვაქცინირებული არ იყო.

დეზინფორმაცია ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების რიცხვის გაზრდის შესახებ ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი მასალა:
მანიპულაცია, თითქოს ვაქცინაციამ ინგლისსა და ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაზარდა|

ვინ არის ალექსანდრ რედკო?

ალეკსანდრ რედკო 1997 წლიდან დღემდე ციმბირის ასოციაციის "ოქროს ალთაის" ხელმძღვანელია, ხოლო 2007-2009 წლებში იყო ალთაის ადმინისტრაციის წარმომადგენლობითი სამსახურის უფროსი პეტერბურგში. 2009 წლიდან დღემდე კოლომიაგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია. რედკოს განათლება მიღებული აქვს ციმბირის ალთაის სამედიცინო უნივერსიტეტში. რედკო სხვადასხვა დროს ეჭვს გამოთქვამდა ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ.

პოსტის გავრცელება

ინფორმაცია ფეისბუკზე პირველად 7 მაისს  დავით გიორგობიანმა გამოაქვეყნა, შემდეგ კი იდენტური პოსტი ორმა სასულიერო პირმა (დეკანოზი მიქაელი ელიაძე, ბერი პეტრე),  ანტივაქსერებმა და სხვა ფეისბუკ მომხმარებლემა (Shavadze paata, თათა მურაჩაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე) პირად გვერდ გვერდებსა და სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებშიც ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, კორონა მაფია) გაავრცელეს.

 

მოამზადა ანი ქისტაურმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.