რას ამტკიცებს ან არ ამტკიცებს კანადის სასამართლოს მიერ უარყოფილი სარჩელი კორონავირუსის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

205
VIEWS

2021 წლის 11 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Tamazi GIorgevich Odzelashvili-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კანადის მოქალაქე პატრიკ კინგი საუბრობს და ამტკიცებს, რომ კანადის შესაბამისმა ოფიციალურმა უწყებებმა ვერც მას და ვერც სასამართლოს ვერ წარუდგინეს “მატერიალური მტკიცებულებები”, რომ კორონავირუსი მართლაც არსებობს. კინგის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის მიღებული ზომები არც მეცნიერებას და არც რეალურად არსებულ ვირუსს არ ეფუძნება, რის გამოც სხვადასხვა სახის საკარანტინო შეზღუდვები უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ვიდეოს აღწერაში თამაზ ოძელაშვილი წერს, რომ კანადის სასამართლოს მიერ პატრიკ კინგის საქმეზე მიღებული “პროტოკოლი” კორონავირუსის არარსებობას საბოლოოდ ამტიცებს, რადგან პატრიკ კინგმა აჩვენა, რომ ვირუსის იზოლირება არსად, არასდროს არ მომხდარა. ვიდეოს ერთვის წარწერა “პატრიკ კინგი მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადასტურა, რომ კოვიდი ყალბია” (Patrick King after court proves Covid is fake).

 

"
მტკიცება, თითქოს პატრიკ კინგმა სასამართლოში კორინავირუსის არარსებობა დაამტკიცა, დეზინფორმაციაა, რომელიც სათავეს კინგის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მონაკვეთის არასწორი ინტერპრეტაციიდან იღებს. რეალურად, ლაბორატორიაში კორონავირუსის იზოლირება 2020 წლის იანვრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში შეძლეს, მათ შორის კანადაში.

2020 წლის დეკემბერში კანადის მოქალაქე პატრიკ კინგი “საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტის” დარღვევისთვის, კერძოდ დიდ ჯგუფებად შეკრებაში მონაწილეობისთვის, კანადის პოლიციამ $1200-ით დააჯარიმა, რის შემდეგაც კინგმა კანადის პროვინციის ალბერტას სასამართლოს მიმართა და ჯარიმა გაასაჩივრა. პატრიკ კინგი ალბერტას პროვინციის სასამართლოში საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული იმ კანონის ვალიდურობის დამტკიცებას მოითხოვდა, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა. კინგმა თავის საჩივარში ალბერტას ჯანდაცვის უმაღლესი სამედიცინო ოფიცრის, დინა ჰინშოუს მიერ სასამართლოსთვის კორონავირუსის იზოლირების შესახებ არსებული დოკუმენტაციის წარმოდგენა მოითხოვა. თუმცა, 2021 წლის ივლისში ალბერტას სასამართლომ პატრიკ კინგის სარჩელი განხილვიდან მოხსნა. სასამართლოს ჩანაწერში ნათქვამია, რომ კინგის საჩივარი ხარვეზებს შეიცავს და რეალურად, ალბერტას სასამართლოს იმ სამართლებრივი ნორმის ვალიდურობის შემოწმების იურისდიქცია არ აქვს, რომლის საფუძველზეც კინგი დააჯარიმეს. ჩანაწერის მიხედვით, ალბერტას სასამართლო, რომელსაც კინგმა მიმართა, “აღასრულებს კანონს”, თუმცა მის უფლებამოსილებაში კანონის ვალიდურობის დასაბუთება არ შედის, რის გამოც კინგის სარჩელი სასამართლოში განხილვას ვერ დაექვემდებარება.

ამასთანავე, კინგის საჩივარზე სასამართლოს პასუხში (გვერდი 2)  ნათქვამია, რომ “ჯანდაცვის უმაღლეს სამედიცინო ოფიცერს (CMOH) არ აქვს მატერიალური მტკიცებულებები”, რასაც შემდეგი განმარტება მოსდევს: “ბატონ კინგს არ აქვს მტკიცებულებები, რომ ჯანდაცვის უმაღლესი სამედიცინო ოფიცრისგან მის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები პროვინციის სასამართლოს საქმის წარმოებაში რელევანტური იქნება”. აღნიშნული ჩანაწერი არ ნიშნავს იმას, რომ კანადის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს კორონავირუსის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. სინამდვილეში, სასამართლოს გადაწყვეტილების ეს პუნქტი გულისხმობს, რომ ალბერტას ჯანდაცვის უმაღლესი სამედიცინო ოფიცრისგან კინგის მიერ გამოთხოვილი “მატერიალური მტკიცებულებები” არარელევანტურია ალბერტას სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოებისთვის და ლეგალური თვალსაზრისით, კინგის მიერ საკუთარი ჯარიმის გასაჩივრებასთან კავშირი არ აქვს.

"
ნაწყვეტი პატრინ კინგის საქმეზე სასამართლოს დასკვნიდან

ზემოთ განხილული ჩანაწერის საფუძველზე პატრიკ კინგი სოციალურ ქსელებში ამტკიცებდა, რომ კანადის მთავრობის წარმომადგენლებმა და ალბერტას სასამართლომ დაადასტურეს, რომ მათ კორონავირუსის არსებობის და მისი იზოლირების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვთ, რაც სასამართლოს მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტაციის მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, პატრიკ კინგი, რომელმაც ანტივაქსერულ წრეებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, ამტკიცებდა, რომ ალბერტას პროვინციაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები სწორედ მის მიერ “მოგებული” სასამართლო პროცესის შედეგად მოიხსნა, რაც რეგიონის ჯანდაცვის სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ ალბერტაში რეგულაციების შემსუბუქება არა კინგის სასამართლო პროცესს, არამედ 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 70%-ის სრულად ვაქცინაციის გეგმის შესრულებას მოჰყვა.

დეზინფორმაცია, თითქოს ლაბორატორიაში კორონავირუსის იზოლირება არ მომხდარა, რის გამოც ვირუსის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, ადრეც ვრცელდებოდა. სინამდვილეში, ახალი კორონავირუსის იზოლირება პირველად ჩინეთში 2020 წლის იანვარში მოხდა, რის შემდეგაც ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის ნიმუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაუზიარეს. ხოლო შემდეგ ვირუსი არაერთი ქვეყნის ლაბორატორიაში გამოყვეს (კანადელმა მეცნიერებმა ვირუსის იზოლირება 2020 წლის მარტში მოახერხეს). აღსანიშნავია, რომ ამერიკის ალერგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ იზოლირებული კორონავირუსისთვის გადაღებული სურათები ინტერნეტსივრცეში ღიადაა ხელმისაწვდომი და მათი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კორონავირუსის იზოლირებასთან დავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist