სხვადასხვა

რას ამტკიცებს ან არ ამტკიცებს ენტონი ფაუჩის გასაჯაროებული მიმოწერა?

8 ივნისი, 2021

2021 წლის 2 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ანტივაქსერმა კობა კუპრაშვილმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის ელექტრონული ფოსტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. კუპრაშვილის მტკიცებით, ფაუჩის მიმოწერა, რომელიც ჰაკერებმა მოიპოვეს, ვირუსის ხელოვნურ წარმოშობას საბოლოოდ ადასტურებს, ხოლო ერთ-ერთ იმეილში ფაუჩი SARS-cov-1-ისა და შიდსის ვირუსისგან ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად შექმნის წესს თავადვე აღწერს.

;
ენტონი ფაუჩის იმეილების გასაჯაროვების შემდეგ აღნიშნულ თემაზე ფეისბუქის სხვა მომხმარებლებიც წერდნენ. ზვიად გოგიაშვილმა 3 ივნისს გამოაქვეყნა პოსტი და ვიდეომიმართვა, რომლებიც ფაუჩისთვის 2020 წლის 11 მარტს ადამ გარტნერის მიერ გაგზავნილ იმეილს ეხება. ზვიად გოგიაშვილის ინტერპრეტაციის თანახმად, აღნიშნულ მეილში ფაუჩის ერთ-ერთი მეცნიერი კორონავირუსის შექმნის დეტალურ ინსტრუქციას აღწერს და ამგვარად, აღნიშნული წერილი პანდემიის ხელოვნურ წარმომავლობას ამტკიცებს. ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ პანდემია დონალდ ტრამპისთვის ძალაუფლების წასართმევად შექმნეს. გოგიაშვილის პოსტი ფეისბუქ ანგარიშმა Ti-Nia Dia-ც გადააზიარა. 

;
შორენა შანიძის 3 ივნისისა და 4 ივნისის პოსტების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ პირბადეების ეფექტიანობასთან დაკავშირებით იცრუა, რადგან 2020 წლის 5 თებერვალს ვინმე სილვია ბურველისთვის გაგზავნილ წერილში თავადვე აღიარებს, რომ ქირურგიული ნიღბები ჯანმრთელ ადამიანს ვირუსისაგან საერთოდ ვერ იცავს. აღნიშნულ იმელიზე აპელირებენ სოსო მანჯავიძე, მიშო ოტიაშვილი, ფეისბუქ გვერდი “დედაქალაქი”  და ბექა ვარდოსანიძეც, რომლებმაც პირბადეებთან დაკავშირებული “ტყუილის” შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნეს.

 

ბექა ვარდოსანიძე 2021 წლის 6 ივნისის ლაივ-ვიდეოში აღნიშნავს იმასაც, რომ ენტონი ფაუჩიმ პლაქველინი ჩინელებს გადასცა, რომლის გამოყენებითაც მათ ვაქცინა პანდემიამდე შექმნეს, რადგან პლაქველინი ვირუსის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანია.

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ ენტონი ფაუჩის ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროვებულ წერილებზე დაყრდნობით გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია და კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ენტონი ფაუჩის იმეილებში კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვხვდება, ხოლო მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩიმ პირბადეების შესახებ “მთელი მსოფლიო გააცურა”, მანიპულაციაა. ამასთანავე, მიმოწერაში პლაქველინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ფაუჩის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული, დამატებითი ინფორმაცია არ გვხვდება.

2020 წლის 1 ივნისს ამერიკულმა გამოცემებმა Buzzfeed და Washingtonpost “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” საფუძველზე ენტონი ფაუჩის ოფიციალური მიმოწერა გაასაჯაროვეს. გამოქვეყნებული იმეილები 3 200 გვერდს შეადგენს და ისინი 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ამასთანავე, ელექტრონული წერილების ნაწილში კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მონაკვეთები დაფარულია. ელექტრონული წერილების დიდი ნაწილი შეხვედრების დაგეგმვას ეხება, ხოლო ზოგიერთი მათგანი ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ფაუჩის პასუხებს შეიცავს. მიმოწერების გასაჯაროების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ფაუჩისა და მისი კოლეგების რამდენიმე იმეილმა მიიქცია, რომლებიც პირბადეებს, ვირუსის წარმოშობასა და პრეპარატ ჰიდროქსილ ქლოქვილს ე.ი. “პლაქველინს” ეხება. 

  • ენტონი ფაუჩის იმეილებში კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვხვდება

ენტონი ფაუჩის მიმოწერაში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ რამდენიმე მეილი გვხვდება, რომლებიც 2020 წლის იანვრითაა დათარიღებული, როდესაც მეცნიერები ვირუსს ჯერ კიდევ იკვლევდნენ და მის წარმოშობასთან დაკავშირებით ერთიანი, ფაქტობრივი მონაცემებით გამყარებული პოზიცია ჯერ არ არსებობდა. ერთ-ერთი ელექტრონული წერილი, რომელზეც ზვიად გოგიაშვილი და კობა კუპრაშვილი აპელირებენ, ფაუჩიმ “დამოუკიდებელი მკვლევარის” ადამ გარტნერისგან 2020 წლის პირველ თებერვალს მიიღო. მეილში გარტნერი ფაუჩის წერს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის იმუნოდეფიციტის (შიდსის) ვირუსისა და  SARS-cov-1-ის კომბინაციითაა შექმნილი. გარტნერის წერილის ტექსტი 2005 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევიდანაა (იხ. გვერდი 2) დაკოპირებული, რომელიც არა ახალი კორონავირუსის, არამეც SARS-cov-1-ის ვირუსის ინფექციურობას ეხება. 

; 
შიდსის ვირუსთან SARS-cov-1-ის კომბინაციაზე ჩანაწერი ინფექციურობის კვლევის მეთოდოლოგიურ ნაწილში გვხვდება, თუმცა მხოლოდ ეს ფრაგმენტი არ ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად, სწორედ 2005 წლის კვლევის მეთოდოლოგიის გამოყნებით შექმნეს. თავად გარტნერი აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა. გარტნერი მეილში არც ფაქტობრივ მტკიცებულებებს გვთავაზობს, ხოლო გამოქვეყნებული მიმოწერიდან არ ჩანს, რომ ენტონი ფაუჩიმ აღნიშნულ მეილს პასუხი გასცა, გარტნერის პოზიცია გაიზიარა ან შემდგომში სხვა კოლეგებთან მიმოწერისას ახსენა.

კიდევ ერთი იმეილი, რომელიც ახალი კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობას ეხება, ენტონი ფაუჩის სკრიპსის კვლევითი ცენტრის მიკრობიოლოგისა და იმუნოლოგის  პროფესორმა კრისტიან ანდერსენმა 2020 წლის 31 იანვარს გაუგზავნა. ანდერსენი ფაუჩის ატყობინებს, რომ კორონავირუსის სტრუქტურის უმცირესი ნაწილი (0,1%-ზე ნაკლები) “უცნაური თავისებურებების მქონეა” და ინჟინერული წარმოშობისას ჰგავს, თუმცა ანდერსენი აქვე აგრძელებს, რომ “ფილოგენეტური ხის” ანალიზში ვირუსი სრულიად ბუნებრივს ჰგავს, ხოლო მეილის ბოლო წინადადებაში წერს, რომ ვირუსის შესწავლისა და ანალიზის პროცესი ჯერკიდევ წინ არის და მოსაზრებები შესაძლოა შეიცვალოს. 

;
2020 წლის 17 მარტს კორონავირუსის გენომის შედარებითი ანალიზი სწორედ ანდერსენმა და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა გამოაქვეყნა, რომელიც ვირუსის ბუნებრივი ევოლუციური გზით წარმოშობას სრულად უჭერდა მხარს. იმეილების გამოქვეყნების შემდეგ ანდერსენმა განმარტება twitter-ზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე ყველა თეორია, მათ შორის ვირუსის ხელოვნური წარმოშობასთან დაკავშირებულიც, განიხილებოდა, შესაბამისად, გამოქვეყნებული იმეილებიც მხოლოდ “მეცნიერულ პროცესს” ასახავს. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე ახალი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ფაუჩისა და ამერკელი მეცნიერების პოზიცია ერთგვაროვანი იყო და ისინი ვირუსის ბუნებრივი გზით წარმოშობას უჭერდნენ მხარს, რადგან ხელოვნური წარმოშობისა და “ლაბორატორიიდან გაჟონვის” თეორიის მხარდამჭრი საკმარისი არგუმენტები არ არსებობდა, თუმცა 2021 წლის 27 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვირუსის წარმოშობის შესასწავლად გამოძიება დაიწყო. ამერიკის დაზვერვის ცნობით, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც “ლაბორატორიიდან გაჟონვის” თეორიას მხარს უჭერენ, თუმცა მიუხედავად პოზიციების გადახედვისა, ჯერ-ჯერობით კორონავირუსის ზუსტი წარმომავლობა დადგენილი არ არის და მტკიცება, თითქოს ფაუჩის მეილებმა საბოლოოდ დაადასტურა ვირუსის ხელოვნური წარმოშობა, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 11 მაისს ენტონი ფაუჩიმ Politifact-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე თქვა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოშობილი და რომ საჭიროა გამოძიების გაგრძელება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ჩინეთში.

ენტონი ფაუჩი: “რა თქმა უნდა, მათ, ვინც გამოიძია ვირუსის გავრცელება, თქვეს, რომ სავარაუდოდ ეს მოხდა ინფექციის გადამტანი ცხოველებისგან, რითაც შემდეგ ადამიანები დაავადდნენ, მაგრამ, შესაძლოა, ეს ყოფილიყო რაიმე სხვა და ჩვენ ეს უნდა გამოვიკვლიოთ. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ვთქვი, რომ ვემხრობი ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც გამოიკვლევს ვირუსის წარმოშობას”.

  • მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩიმ პირბადეების შესახებ “მთელი მსოფლიო გააცურა”, მანიპულაციურია

პირბადეებთან დაკავშირებით “ფაუჩის ტყუილის” შესახებ გავრცელებული პოსტები ენტონი ფაუჩის მიერ 2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბურველისთვის გაგზავნილ მეილს ეფუძნება, რომელშიც ფაუჩი ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით ბურველის კითხვებს პასუხობს. როგორც ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ბურველს ეუბნება, პირბადე უპირველესად ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ და ჯანმრთელ ადამიანს კლასიკური ქირურგიული პირბადე ძალზედ უმნიშვნელოდ იცავს. თუმცა ფაუჩის “ტყუილზე” მითითება მანიპულაციაა, რადგან მეილის დაწერის მომენტში ფაუჩის მიერ ნაცნობისთვის მიცემული რჩევა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური რეკომენდაციებიისგან არ განსხვავდებოდა. პანდემიის საწყის ეტაპზე, CDC პირბადეების ტარების რეკომენდაციას მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აძლევდა. პირბადეების შესახებ რეკომენდაციები ორი თვის შემდეგ, 2020 წლის 3 აპრილიდან შეიცვალა, რისი მიზეზიც ახალი კვლევებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების გამოჩენა გახდა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ პირბადეების ტარებას პოპულაციურ დონეზე ვირუსის ტრანსმისიის შემცირება შეეძლო. 
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ: გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?

  • ინფორმაცია, თითქოს პლაქველინის ეფექტიანობის შესახებ ფაუჩიმ იცრუა და ჩინელებმა ვაქცინა პანდემიის დაწყებამდე პლაქველინისგან დაამზადეს, მტკიცებულების გარეშეა

იმეილების გამოქვეყნების შემდეგ ტრამპის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებდნენ 2020 წლის 29 თებერვლის წერილის სქრინს, რომელიც ფაუჩიმ და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უცნობი წყაროსგან მიიღეს. წერილში ორი ექიმი ფაუჩის პლაქველინის ეფექტიანობის კვლევების დაფინანსებას სთავაზობს, რის პასუხადაც ფაუჩი მეილს ერთ-ერთ კოლეგას უგზავნის და საფუძვლიანად გადახედვას სთხოვს.

;

;
2020 წლის 24 თებერვლის პლაქვენილის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ფაუჩის კითხვები კიდევ ერთ იმეილში საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს თანამშრომელმა მიწერა. ფაუჩის პასუხის მიხედვით, არ არსებობდა კონკრეტული მონაცემები, რომლებიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აღნიშნული მედიკამენტის სარგებლიანობას დაადასტურებდა, თუმცა მედიკამენტის პოტენციური სარგებლიანობის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების შეფასებას მხარს უჭერდა.

;
2020 წლის მარტში FDA-მ ჰიდროქსიქლოროქვინს (პლაქვენილს) გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია მისცა, ხოლო მედიკამენტის ეფექტიანობის შესაფასებლად მცირე კლინიკური კვლევა მთავრობის დაფინანსებით მართლაც ჩატარდა, თუმცა კვლევამ პრეპარატის სარგებლიანობა ვერ დაადასტურა, რის შემდეგაც პლაქვენილის სამკურნალო მიზნებით გამოყენება შეწყდა. 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.