რა ვიცით კოვიდ-19-ის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ასა
2k
VIEWS

დღესდღეობით, ახალი კორონავირუსი SARS-CoV2-ით თითქმის რვა მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში, 2019 წლის დეკემბერში გამოჩნდა და შეიძლება ითქვას, ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს, იმდენად სწრაფად, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2020 მარტის დასაწყისში ეს მოვლენა პანდემიად გამოაცხადა და დაავადებას კოვიდ-19 ეწოდა. კორონავირუს SARS-CoV2-ით ინფიცირებულ ადამიანების ნაწილში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნაწილს ახასიათებს სუნთქვის გაძნელება და ცხელება, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში ვითარდება ფილტვის უკმარისობა, ორგანოების ფუნქციონირების შეწყვეტა და გარდაცვალება. კოვიდ-19-ით დაავადების რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანდაზმულები და ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

SARS-CoV2 – ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, დაავადებული ადამიანი დაცემინების, დახველების და ლაპარაკის დროს გამოაფრქვევს ნერწყვის წვეთებს, სადაც ვირუსის კონცენტრაცია მაღალია და ახლომყოფები ასეთი წვეთებით გაჯერებული ჰაერის შესუნთქვის დროს ავადდებიან.

არსებობდა თუ არა კორონავირუსი ადრე?

ზოგიერთებს ღრმად სწამთ, რომ 2020 წლის კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მოგონილია და ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. არადა, ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომისიის (ICTV) ცნობით, ოჯახ Coronaviridae-ში კორონავირუსების 46 სახეობაა გაერთიანებული. ყველა მათგანს აქვს მთელი რიგი საერთო ნიშნები: უმრავლესობა სფერული ფორმისაა, თუმცა შეიძლება იყოს დისკოსებური ან წაგრძელებული. ელექტრონული მიკროსკოპით დათვალიერებისას, ვირუსების გარშემო ჩანს გამოშვერილი ე.წ. სპაიკ ცილები, რომლებიც მზის გვირგვინს (კორონას) მოგვაგონებს და ამ ოჯახის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. ამ ვირუსების გენომი ერთჯაჭვიანი რნმ-ის მოლეკულაა, რომელიც 30 000-მდე ნუკლეოტიდისგან შედგება, რაც ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი ზომის არასეგმენტირებულ რნმ-იან ვირუსებად  აქცევს.

კორონავირუსები მასპინძლად ხერხემლიან ცხოველებს ირჩევენ, აღწერილია ქათმების და მსხვილფეხა ცხოველების დაავადებების შემთხვევები. ეს ვირუსები, ძირითადად, რესპირატორულ (სასუნთქი გზების) დაავადებებს იწვევენ, თუმცა ძროხებში და ღორებში გვხვდება დიარეის (ნაწლავური ინფექციის) შემთხვევებიც.

ვირუსი, რომელმაც 2020 წლის დაწყებისთანავე თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, სწორედ კორონავირუსების ოჯახიდანაა და SARS-CoV2 ჰქვია. სახელწოდებაში “SARS” აბრევიატურაა (Severe Acute Respiratory Sindrome), მწვავე რესპირატორული სინდრომი, ხოლო CoV2 დაერქვა იმიტომ, რომ 2003 წელს გუანდონგის პროვინციიდან (ჩინეთი) აღწერეს კორონავირუსი, რომელიც ადამიანებში მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევდა და სახელიც SARS-CoV უწოდეს.

SARS-CoV გავრცელება არ იყო ძალიან მასშტაბური, მხოლოდ 26 ქვეყანა მოიცვა და 8500-მდე ადამიანის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ითვლება რომ, SARS რეზერვუარი ღამურაა, ამავე დროს კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი SARS-ის ვირუსის გენომი იდენტური იყო ჩინეთის ბაზრობაზე შესწავლილი ჰიმალაური ცივეტას ორგანიზმში აღმოჩენილი იმავე ვირუსისა. მოგვიანებით, SARS ვირუსის არსებობა დადასტურდა ენოტებში და შინაურ კატებში.

2012 წელს კორონავირუსების იქამდე უცნობი სახეობა, საუდის არაბეთიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე და მის ახლოს მდებარე ქვეყნებში გავრცელდა, ეს ვირუსიც სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევდა და დაავადებას შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (Middle East Respiratory Sindrome) ეწოდა, ხოლო ვირუსს MERS-CoV-ი. ამ შემთხვევაშიც რეზერვუარი ღამურა იყო. მეცნიერების ღრმა რწმენით,  ეს ვირუსი ადამიანს აქლემიდან გადაედო და  შემდეგ ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდა. მართალია, MERS-CoV-ით ინფცირების სულ 2500-მდე შემთხვევაა აღწერილი, თუმცა მისით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია და 34.4% შეადგენს.

არის თუ არა კოვიდ-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ხელოვნურად მიღებული?

ახალ, გლობალური პრობლემის გამომწვევ მოვლენებს, მუდამ თან ახლავს შეთქმულების თეორიები, ცხადია რომ, არც წლევანდელი კორონავირუსის პანდემია იქნებოდა გამონაკლისი. სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ ერთ დროს ადამიანისთვის უსაფრთხო ვირუსი, შეიძლება ბუნებრივი მუტაციის  გზით შეიცვალოს და ისეთ მონსტრად გადაიქცეს, რომ მთელ დედამიწაზე უსწრაფესად გავრცელდეს,  სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, ინფრასტრუქტურების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ადამიანების ცხოვრების ნირი ძირფესვიანად შეცვალოს. არადა, ისტორიას ახსოვს უფრო საშიში “მონსტრებიც”, შავი ჭირი, ყვავილი, ესპანური გრიპი, რომლებმაც სხვადასხვა დროს ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით მილიონი ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი კორონავირუსი SARS-CoV2 რომ ხელოვნურად შექმნილი არ არის. ამას რამოდენიმე გარემოება ადასტურებს. SARS-CoV2-ის გენომი შეადარეს ადამიანის დაავადების გამომწვევი  სხვა კორონავირუსების: SARS, MERS, HKU1, NL63, OC43, 229E  გენომებს. მსგავსი სტრუქტურული აგებულებების გამო, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ  SARS-CoV2 ბუნებრივი წარმოშობისაა. სპაიკ ცილაში რეცეპტორის დამაკავშირებელი სეგმენტი ერთ-ერთი ვარიაბელური უბანია, ამ ნაწილის ბიოქიმიურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ის ბუნებრივი გადარჩევის შედეგია და ადამიანი ასეთ ორგანიზმს ლაბორატორიაში ვერ შექმნიდა.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

საქართველოში SARS-CoV2 -ის პირველი შემთხვევა თებერვალში გამოვლინდა. ამ დროისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უკვე შემუშავებული იყო  ვირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) დაამტკიცა კოვიდ 19 დადასტურების ორი ტიპის ტესტი: ტესტირება ვირუსზე და ტესტირება ანტისხეულებზე. ეს უკანასკნელი არ აჩვენებს ტესტის მომენტისთვის ადამიანი არის თუ არა ინფიცირებული, რადგან ანტისხეულების გამომუშავებას ინფიცირებიდან 1-3 კვირა სჭირდება. ტესტირება ვირუსზე ითვლება ყველაზე სანდოდ და მიჩეულია ე.წ ოქროს სტანდარტად.

საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში, პირველი საეჭვო შემთხვევის გამოვლენის დღიდან დაიწყო კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების დიაგნოსტირება და SARS-CoV2-ის კვლევა. ლუგარის ცენტრი ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა და წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას, რომლის მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია. ლუგარის ცენტრში არსებობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გენომური კვლევების ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი გახდა ახალი კორონავირუსის გენომის კვლევა.

რატომ არის მნიშვნელოვანი SARS-CoV2-ის გენომური კლვევა?

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენომის შესწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ორგანიზმის იდენტობას განაპირობებს მისი გენები, რადგან სწორედ გენებშია ჩაწერილი ინფორმაცია ამ ორგანიზმის აგებულების და ცხოველქმედების შესახებ. მითუმეტეს მაღალია მეცნიერთა ინტერესი SARS-CoV2-ის გენომის შესახებ. დეტალური ინფორმაცია კორონავირუსისზე ეხმარება მკვლევარებს გაიგონ როგორი აგებულება აქვს ვირუსს, როგორია გამრავლების ტემპი, როგორ მოიქცევა ვირუსი მასპინძლის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, როგორ აიძულებს ვირუსი, მასპინძლის ორგანიზმს დაეხმაროს მას გამრავლებაში, რა შეიძლება  გაკეთდეს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი მინიმუმამდე შემცირდეს. როგორი შეიძლება იყოს მკურნალობის გზები და როგორ შექმნან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

'

SARS-CoV2-ის გენომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში GISAID და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეს ღიაობა ეხმარება მეცნიერებს თვალი ადევნონ ვირუსის წარმოშობის წყაროს და მის შემდგომ გავრცელებას, დახვეწონ დიაგნოსტირების მეთოდები და გამოავლინონ ინტერვენციის შესაძლებლობები. ამ მონაცემთა ბაზაში ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ უკვე განთავსებულია საქართველოში მოცირკულირე SARS-CoV2-ის 16 გენომის კვლევის შედეგები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამეცნიერო შესაძლებლობებს.

როდის გვექნება ვაქცინა?

ბოლო თვეების განმავლობაში, ბევრი ფარმაცევტული კომპანია და კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად ცდილობს მიაგნოს პანაცეას – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ვაქცინის შექმნა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე ოპტიმალური გათვლებით, ვაქცინა, შესაძლოა წლის ბოლომდე მზად იყოს. ჯერ-ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა, არ არსებობს კლინიკური კვლევებით დადასტურებული გარანტია რომ ვაქცინა იმუშავებს და ის უსაფრთხო იქნება. არც ის არის ცნობილი რამდენად მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ ადამიანებს, ანუ რამდენ ხანიანი იქნება აცრით მიღებული თავდაცვა.

 


სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის  მოსაზრებებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist