პოლიტიკა

რა თქვა სააკაშვილმა საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის მართვასა და სოხუმზე სიმღერებზე?

5 ოქტომბერი, 2021

4 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გამოსვლიდან რამდენიმე წამიანი ნაწყვეტი გამოაქვეყნა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ თბილისის სხვადასხვა უბანზე და ქუთაისზე მრავალი სიმღერა იწერებოდა, სოხუმის შემთხვევაში კი ასე არ იყო. სააკაშვილი ნაწყვეტის ბოლოს ამბობს ფრაზას “სოხუმი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში.” ვიდეოს გამოქვეყნებისას გვერდმა პოსტის აღწერაში სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა და ექსპრეზიდენტს “სამშობლოს მოღალატე” უწოდა.  

"
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ეს ნაწყვეტი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბჭოთა პერიოდში და 90-იან წლებში საქართველოს მართვის არასწორ მიდგომებზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სწორედ ამის გამო არა მარტო აფხაზეთი, არამედ მთელი დასავალეთ საქართველო ცენტრალური ხელისფლების კონტროლიდან იყო გასული. 

ფეისბუქ გვერდის “ლიდერი 41” მიერ გავრცელებული ვიდეო მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 2 მაისის გამოსვლიდანაა ამოჭრილი. ამ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქუთაისში ცენტრალური მოედანი გახსნა და მოსახლეობას კოტე მესხიშვილის სახელობის თეატრში შეხვდა. სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო, ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დეცენტრალიზებისთვის პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა უმნიშვნელოვანესი იყო და ამას ჩრდილოეთიდან მართული ძალები ეწინააღმდეგებოდნენ. 

თავისი გამოსვლის სწორედ ამ ნაწილში სააკაშვილმა წარსულში სახელმწიფოს მართვის არასწორ მიდგომებზე დაიწყო საუბარი. კონკრეტულად კი აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში და შემდეგ 90-იან წლებში საქართველო თბილისის “ერთი ქუჩიდან” იმართებოდა და ამ ქუჩის მესვეურებს არც დედაქალაქი და არც მთლიანად ქვეყანა არ ანაღვლებდათ. ამავე ნაწილში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს “ილუზორულად ვაკონტროლებდით” და არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ ზოგადად “დასავლეთ საქართველო კონტროლიდან იყო გასული.” 

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი: “იმ ერთი ქუჩით იმართებოდა საქართველოც და იმ ერთი ქუჩით იმართებოდა კავკასიაც.  მათ, ვინც იქ ისხდნენ, არც თბილისი ანაღვლებდა და არც დანარჩენი საქართველო - სწორედ ამიტომ შეეძლოთ მათ ჩვენი ქვეყნის დაყოფა ძალიან მარტივად.  გადავხედოთ რა ვითარება იყო საქართველოში. ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში - სოხუმში ქართული ენა არ ისმოდა. სიმღერები მუდმივად იწერებოდა ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე და ა. შ. ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, მაგრამ სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდა, არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში და დასავლეთ საქართველო კონტროლიდან იყო გასული.”

“ლიდერი 41-ის” მიერ გავრცელებულ ნაწყვეტში სააკაშვილის გამოსვლის მხოლოდ ის ფრაგმენტია გამოყენებული, სადაც ისმის სიტყვები “არ იყო ის [სოხუმი] საქართველოს შემადგენლობაში.” თუმცა რეალურად, თავისი გამოსვლის ერთ-ერთ ნაწილში სააკაშვილი ქუთაისის გაძლიერებასა და ქუთაისიდან აფხაზეთის დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობდა. 

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი: “ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევა, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს იყო, დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია. აფხაზეთი ქუთაისიდან უნდა დავიბრუნოთ, ისევე როგორც, აჭარა დავიბრუნეთ გასულ წლებში. ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკა.”

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნების შემდეგ გამოსვლის ტექსტის იმ ნაწილში, სადაც სოხუმის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა იყო ნახსენები, სიტყვა “თითქოს” ჩაამატეს და გამოსვლის ტექსტი დღემდე ამ სახითაა გამოქვეყნებული.

"

 

  • კონტექსტის გარეშე აღნიშნული ნაწყვეტი წინა წლებშიც ვრცელდებოდა

2021 წლის 1-ლ აპრილს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადემერ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის საწინააღმდეგოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერმა  იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე აღნიშნა, რომ არათუ პოზნერი, არამედ “ნაცების პრეზიდენტი” სააკაშვილი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ აღიარებდა. მეგრელიშვილმა ექსპრეზიდენტის გამოსვლის აღნიშნული ნაწყვეტი სრული კონტექსტის გარეშე გამოაქვეყნა, მეგრელიშვილის განცხადება და იგივე ნაწყვეტი პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემა Pia.ge-ზეც მოხვდა.

"

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ამ ნაწყვეტს სრული კონტექსტის გარეშე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეისბუქ და იუთუბ ანგარიში ავრცელებდა, მათ შორის კუდიანი Кудиани დედაბერი Дедабери, GeorgiaReality და 50+

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.