რა ტექნიკა დაუტოვა აშშ-მ თალიბანს და შეიცვალა თუ არა ავღანეთის ეკონომიკა 2001 წლის შემდეგ?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

137
VIEWS

ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გასვლასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში რამდენიმე მცდარი და მანიპულაციური ცნობა გავრცელდა. კერძოდ:

  1.  აშშ-მ თალიბანს 85 მილიარდის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა
  2. ავღანეთის ეკონომიკა  იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო
  3. ამერიკის შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება  ასჯერ გაიზარდა 

მტკიცებები, რომ ავღანეთის ეკონომიკა 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იმავე დონეზეა და რომ აშშ-ს შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება ასჯერ გაიზარდა, მცდარია. მანიპულაციური მტკიცება, რომ აშშ-მ თალიბანს 85 მილიარდის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა.

  • მანიპულაცია: აშშ-მ თალიბანს 85 მილიარდის სამხედრო ტექნიკა დაუტოვა

პრო-რუსმა პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ და მისი მხარდამჭერი არხის, ალტ-ინფოს წამყვანმა, გიორგი ქარდავამ განაცხადეს, რომ აშშ-მ თალიბანს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაუტოვა.

ლევან ვასაძე, ერი: “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „თალიბანს” დაუტოვა $83 მილიარდი აშშ-ს დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. მათ შორის 22 174 მსუბუქი ჯავშანტრანსპორტის მანქანა, 634 მძიმე ჯავშანტრანსპორტი, 155 MxxPro ნაღმსაწინააღმდეგო ტრანსპორტი, 169 M113 დაჯავშნული ქვეითთა ტრანსპორტი, 42 000 Pick-up საშუალო ზომის ავტომობილი, 64 363 ტყვიამფრქვევი, 8 000 სატვირთო მანქანა, 162 043 რაცია, 16 035 ღამის ხედვის მოწყობილობა, 358 530 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 126 295 პისტოლეტი, 176 საარტილერიო მოწყობილობა.

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „… ამერიკამ ტრილიონები დახარჯა ავღანეთში… ათასობით სიცოცხლე დათმო და პლიუს 85 მილიარდი დოლარის შეიარაღება დაუტოვა თალიბანს.“

მტკიცება, რომ აშშ-მ თალიბანს 83 ან 85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაუტოვა მანიპულაციურია. უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა, რომ ამ შეიარაღების უმეტესობა აშშ-მ ავღანეთის არმიას გადასცა და თალიბანის ხელში მას შემდეგ მოხვდა, რაც მათ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დამყარება შესძლეს.

გარდა ამისა, აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენლების მიხედვით, ავღანეთში მათ სამხედრო ტექნიკის ნაწილი იმგვარ მდგომარეობაში დატოვეს, რომ მათი სამომავლო გამოყენება შეუძლებელი იქნება. გენერალ კენეთ მაკენზის მიხედვით, ჰამიდ ქარზაის აეროპორტის დატოვებამდე მათ გაანადგურეს 70-მდე ნაღმსაწინააღმდეგო ტრანსპორტი, 23 დაჯავშნული ტრანსპორტი და 73 საჰაერო ხომალდი. ტექნიკის ნაწილი ავღანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მეზობელ ქვეყნებში გადაიტანეს, მათ შორის 22 სამხედრო თვითმფრინავი და 24 ვერტმფრენი უზბეკეთში.

სამხედრო ექსპერტები დავობენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებს თალიბანი ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკის გამოყენებას იქიდან გამომდინარე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ეყოლებათ ტექნიკის მართვის მცოდნე პირები, ისინი ვერ შეძლებენ მის მოვლას და შეკეთებას სპეციალური დანადგარების და ნაწილების გარეშე, რომელსაც ავღანეთის არმიას აშშ აწვდიდა.

რაც შეეხება ტექნიკის საერთო ღირებულებას, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია FactCheck.org-მა გადაამოწმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მტკიცება, რომ თალიბანს ხელში 85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება ჩაუვარდა. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, მსგავსი შეფასება გაზვიადებულია და დასახელებული ღირებულება, დაახლოებით 82.9 მილიარდი აშშ დოლარი რეალურად 2001 წელს ომის დაწყებიდან ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ფონდზე დახარჯულ მთლიან თანხას შეადგენს და მისი მხოლოდ ნაწილი (დაახლოებით 18 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯა შეიარაღებაზე, რომლის ნაწილიც დაზიანებული ან განადგურებულია. პენტაგონის პრეს-სპიკერის განცხადებით, იარაღის განადგურება რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გენერალმა მარკ კელიმ კი განაცხადა, რომ თალიბანის ხელში აღმოჩენილი ტექნიკა ახალი თაობის არაა და სენსიტიურ ტექნოლოგიას არ შეიცავს, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებს შესაძლო სამომავლო დაპირისპირებისას განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნიდა.

გარდა ამისა, ლევან ვასაძე კიდევ ერთ მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს ავღანეთის მისაში საქართველოს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.

ლევან ვასაძე, “ერთობა, რაობა, იმედი”: “დავამატოთ ამას ის ფაქტიც, რომ რაც ჩვენმა ბიჭებმა ერაყსა და ავღნეთში სისხლი ღვარეს, ეს ქართული ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. ჩვენმა ერთ-ერთმა ექპერტმა დათვალა ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების რაოდენობა ამ ორ ოპერაციაში და გადაიყვანა მათზე ხარჯები ამერიკულ ხელფასებზე, დაზღვევაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტექნიკაზე და აღჭურვაზე, მათი პენსიების ჩაუთვლელად. და გამოვიდა, რომ იმ რაოდენობის ჯარისკაცების ხარჯი, სისხლის ხარკს თუ თავს დავანებებთ, რაც ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან ვიხადეთ, ამერიკელებს დაუჯდებოდათ დაახლოებით $10 მილიარდი.”

მსგავსი კალკულაცია ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავამ გააკეთა, რომელზე დაყრდნობითაც ის ამტკიცებდა, რომ რეალურად აშშ კი არ ეხმარებოდა საქართველოს, არამედ პირიქით, საქართველო ეხმარებოდა აშშ-ს. თუმცა მის კალკულაციას არაერთი ხარვეზი გააჩნია როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს სამხედრო ხარჯების დაანგარიშების კუთხით და არ ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ სამხედრო მისიაში საქართველოს მონაწილეობის ხარჯების ნაწილს ნატოს წევრი ქვეყნები ფარავდნენ და წვრთნების პროგრამებს აფინანსებდნენ. ამ თემაზე ვრცლად გაეცანით მითების დეტექტორის მიერ მომზადებულ მასალას:

  •  ვინ ამტკიცებს, რომ აშშ კი არ ეხმარება საქართველოს, საქართველოს ბიუჯეტი ეხმარება ამერიკას?
  • დეზინფორმაცია: ავღანეთის ეკონომიკა  იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო

ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორმა, გულბაათ რცხილაძემ განაცხადა, რომ ამჟამად ავღანეთის ეკონომიკა იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო:

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული კავშირი: „ქვეყნის [ავღანეთის] ეკონომიკა იმავე დონეზეა, როგორც 2001 წელს იყო, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარი, ვითომ “დახმარება”, მოედინებოდა. სინამდვილეში ეს ფული იყო დიდი კორუფციის წყარო და საკუთრივ დასავლეთის საზოგადოების თავხედური მოტყუება. ავღანეთის ომით დიდი ფული იშოვეს არაკეთილსინდისიერმა კონცერნებმა, სამხედროებმა და პოლიტიკოსებმა. საქართველოშიც ვიცით ასეთი “დახმარებები”, როდესაც ვითომ ჩვენთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ისევ დასავლურ ბიუროკრატიასა და ფირმებში ბრუნდება უკან, მეორე ნაწილი კი ათვისებულია ადგილობრივი ბიუროკრატიისა და ე. წ. არასამთავრობო სექტორის მიერ.“

მტკიცება მცდარია. შედარებისათვის, 2001 წელს ავღანეთის მშპ 2,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 114 აშშ დოლარი იყო, ბოლო, 2020 წლის მონაცემებით კი ავღანეთის მშპ-მ 19.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 508 აშშ დოლარს შეადგენდა.

წელი

1999

2000

2001

2007

2010

2013

2017

2019

2020

მშპ

$2.73 მლრდ

$3.5 მლრდ

$2.4 მლრდ

$9.7 მლრდ

$15.8 მლრდ

$20.1 მლრდ

$19.5 მლრდ

$18.8 მლრდ

$19.8 მლრდ

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

$135

$170

$114

$359

$543

$637

$519

$507

$508

წყარო: worldbank.org

გულბაათ რცხილაძემ პარალელი გაავლო ავღანეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციასთანაც და მას უფრო ღირსეული უწოდა:

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული კავშირი: “საბჭოთა არმიას, ამერიკული ჯარებისგან განსხვავებით, ავღანეთი ქაოსსა და უპერსპექტივობაში არ დაუტოვებია.”

რეალურად, 1989 წელს საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელის პირველი ფაზა 1992 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობით დასრულდა, თუმცა ომის სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ქვეყანაში 2001 წელს აშშ-ს სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე გრძელდებოდა.

ომს 14 453 საბჭოთა ჯარისკაცი და 90 000-ზე მეტი მოჯაჰედი, ასევე სხვადასხვა მონაცემებით 562 000-დან 2 მილიონამდე მშვიდობიანი ავღანელი ემსხვერპლა. აშშ-ს სამხედრო ინტერვენციის შედეგად 2021 წლის აპრილამდე დაიღუპა 2 448 ამერიკელი სამხედრო, 3 846 კონტრაქტორი, 66 000 ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენელი, 1 144 ნატოს და სხვა მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე, 47 245 მშვიდობიანი ავღანელი, თალიბანის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფების 51 191 წევრი.

1978 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრამდე ქვეყანაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირმა ქვეყანა 1989 წელს დატოვა. ამ დროს მოსახლეობის რაოდენობა 11.8 მილიონამდე იყო შემცირებული. შედარებისათვის, 2000 წელს ავღანეთში მოსახლეობის რაოდენობა 20.7 მილიონი იყო, 2020 წელს კი 38.9 მილიონი.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიხედვით, 2001 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე ავღანეთში სამხედრო ხარჯებმა 825 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, დამატებით 130 მილიარდი დოლარი კი რეკონსტრუქციის პროექტებზე დაიხარჯა. აშშ-ს ქვეყნიდან გასვლასთან ერთად ეს პროექტები კრიტიკის სამიზნე გახდა თანხების მიზანშეწონილობის და მიღწეული შედეგების კუთხით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებმა სხვადასხვა მიმართულებით ხელშესახები ცვლილებები მოიტანა. მაგალითისათვის, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ავღანეთში ახალშობილთა სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდა, ხოლო წერა-კითხვის მცოდნე გოგონათა რაოდენობამ 37%-ს მიაღწია.

  • დეზინფორმაცია: ამერიკის შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება  ასჯერ გაიზარდა 

ალტ-ინფოს გადაცემის, ალტ-ანალიტიკის წამყვანმა, გიორგი ქარდავამ გადაცემაში თქვა, რომ ავღანეთში აშშ-ს შესვლასთან ერთად ოპიუმის წარმოება ასჯერ გაიზარდა:

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფოს წამყვანი: „რა თქმა უნდა, ამერიკელების შესვლასთან ერთად ასჯერ გაიზარდა ოპიუმის წარმოება… თალიბანი ზღუდავდა. მთელი სოფლის-მეურნეობა ავღანეთში არის ამ ყაყაჩოს მოყვანა, რომლისგან მერე ჰეროინი კეთდება და მერე მიდის ექსპორტში. მთელი ამ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ნარკობიზნესის კაპიტალიზაცია, რომ დავთვალოთ, მილიარდებზეა საუბარი, ანუ რაღაც გრანდიოზულ ციფრებზე კი არ არის აქ საუბარი, მილიარდებია, მეტი არაფერი.”

გიორგი ქარდავას მიერ გაჟღერებული ეს გზავნილი დეზინფორმაციულია. გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ავღანეთში სავარაუდოდ, დაახლოებით 6,300 ტონა ოპიუმი აწარმოეს. ასევე გაეროს ანგარიშის მიხედვით ეს რიცხვი 2000 წელს, ავღანეთში აშშ-ის ძალების შესვლამდე, 3 300 ტონას აღწევდა, 1999 წელს კი 4 600 ტონას. ოპიუმის წარმოების უდიდესი პროცენტი თალიბანის მიერ კონტროლირებად ჰელმანდის პორვინციაზე მოდიოდა. თალიბანმა ოპიუმის წარმოება მხოლოდ 2000 წელს აკრძალა, რის შემდეგაც წარმოების მაჩვენებელი მართლაც დაეცა და 2000 წელს 185 ტონას შეადგენდა, თუმცა მტკიცება, რომ აშშ-ს შესვლასთან ერთად ავღანეთში ოპიუმის წარმოება ასჯერ გაიზარდა დეზინფორმაციულია, ვინაიდან ქვეყანაში აშშ-ს ძალების შესვლამდე ათასობით ტონა ოპიუმი იწარმოებოდა, რომელიც 1999-2000 წლებში მსოფლიოში წარმოებული საერთო რაოდენობის 70-79%-ს შეადგენდა.

მსგავსი შინაარსის გაზვიადებული და მცდარი ინფორმაცია წარსულში კრემლისტურ მედიას არაერთხელ გაუვრცელებია. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალა:

  • ინფორმაცია, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა, მცდარია

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, აშშ
წყარო

წყარო

ვას
ლევან ვასაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist