თვალსაზრისი

რა იმალება საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის მიღმა?

18 დეკემბერი, 2020

აშშ-ის შტატ ჯორჯიასა და პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა “ჯორჯიას” იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე სახელის მსგავსებაა. ეს არის: ბრალდებები საარჩევნო დარღვევებზე და  დეზინფორმაციული კამპანიები. როგორ უმკლავდება საქართველო რუსულ ჩარევას? 

დაახლოებით ერთი წლის წინ, სახელმწიფო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფაქტ-ჩეკერებს, დილით, კომპიუტერის ჩართვისას, მოულოდნელი სანახაობა დახვდათ – 15,000-ზე მეტი ქართული ვებ-საიტი დაჰაკული იყო და საქართველოს ავადსახსენებელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს, შეტყობინებით: “I’ll be back” (მე დავბრუნდები) აჩვენებდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიბერ-თავდასხმაში რუსეთს დასდო ბრალი და ეს შემთხვევა 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელ ჰაკერულ თავდასხმას შეადარა. 

უსაფრთხოების ექსპერტები რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებს ე.წ. 4D მოდელის მიხედვით  ხედავენ, რაც კრიტიკის გაქარწყლებას, ფაქტების დამახინჯებას, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას და საზოგადოებაში შიშის დათესვას  გულისხმობს . 

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ერთეულების მეშვეობით აქვს ოკუპირებული. მართალია, რუსეთს და საქართველოს შესაძლოა, საზიარო ისტორია და მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჰწონდეთ, მაგრამ 2003 წლის შემდეგ საქართველო პრო-დასავლურ საგარეო პოლიტიკას მისდევს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს აწერს და ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს , რასაც მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. 

თუმცა, კრემლი  თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობს: დეზინფორმაციით, რომლის სამიზნეც საქართველოს მეზობლები ან პარტნიორები არიან და ქართულ საზოგადოებაში ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდჭერით.

რუსეთი  დასავლურ ღირებულებებს ძირს უთხრის

;

 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბათუ ქუთელიას თანახმად, რუსეთის მიზანია „დაამტკიცოს, რომ ლიბერალური დემოკრატიის მიღწევა შეუძლებელია“. პრო-რუსული დღის წესრიგის პროპაგანდირების ნაცვლად, მისი მიზანი მულტიკულტურული დასავლური სახელმწიფოების სუსტად და შესაბამისად, საქართველოსთვის ნაკლებად მიმზიდველ პარტნიორად წარმოჩენაა. 

გამოგონილი ახალი ამბების საშუალებით, ევროპული ქვეყნები, რომლებშიც ბევრი იმიგრანტი ან თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს, წარმოჩენილნი არიან, როგორც ძალადობრივი და კანონის უგულებელმყოფელი. ქართულ Facebook სივრცეში გავრცელებული ვიდეო, რომელიც რეალურად ალჟირის პროტესტს ასახავს, რუსულად  დასათაურებული იყო, როგორც „გერმანია: პოლიცია მუსულმანურ უბანში გაიჭედა“. 

კიდევ ერთი მაგალითი სექტემბერში გამოქვეყნებული გამოგონილი წერილია, რომელიც თითქოს ევროკომისიამ საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა და რეალურად არარსებული ლტოლვილთა ბანაკის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

;

ეჭვების დათესვა 

სურათების და ვიდეოების კონტექსტიდან ამოგლეჯის ტაქტიკა, რომელიც ხშირად მუსლიმებისა და მიგრანტების დემონიზებას ახდენს, გავრცელებული პრაქტიკაა. ფეისბუქ გვერდ “შენ ხარ საქართველოს” მიერ გავრცელებულ პოსტში მძიმე დაზიანებების მქონე ქალების ფოტო ჩანდა, რასაც ახლდა განმარტება, თითქოს ისინი მიგრანტთა ძალადობის ბრიტანელი მსხვერპლები იყვნენ. თუმცა,  სურათების უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით დადგინდა, რომ სურათზე აღბეჭდილ არცერთ ქალს მიგრანტები თავს არ დასხმიან, მათი უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

როგორ ავრცელებს რუსეთი ამგვარ ისტორიებს? არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საარჩევნო დამკვირვებლებმა  11 ფარული Facebook გვერდი, ჯამში 762,832 გამომწერით გამოავლინეს. მათი უმეტესობა ერთი შეხედვით უვნებელ “clickbait” ინფორმაციას ცხოველებზე ან პიროვნების ტესტებზე აზიარებდა , თუმცა ISFED-ის მიხედვით, ისინი „მიზნად მოქალაქეებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ახალი ამბების სააგენტოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას, მათი თავდაცვითი ინსტინქტების შესუსტებას, ან მათი ინფორმაციის შეგროვებას ისახავდნენ“. სპუტნიკის სტატიები ადგილობრივ ფეისბუკ ჯგუფებში 26 ანონიმური ანგარიშისაგან შემდგარი ქსელის მიერ, ასევე, ხშირად ვრცელდებოდა.

კრემლი საქართველოში არა მხოლოდ გამოგონილ ახალ ამბებს ავრცელებს, არამედ ისეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებსაც უჭერს მხარს, რომლებიც მათ ინტერესს ატარებენ. ISFED-ის კვლევის თანახმად, უდიდესი ნაციონალისტური ანტი-ლიბერალური ჯგუფების, როგორიცაა ქართული მარში და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  Facebook გვერდები რუსეთიდან იმართება. დოსიე ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას ღიად უჭერს მხარს, საარჩევნო დაფინანსება პირდაპირ მოსკოვიდან ($8  მილიონი - €6.7 მილიონი) მიიღო. აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვასილ სიხარულიძის Deutsche Welle-სთან კომენტარის თანახმად, რუსეთს აქვს „საზოგადოებაში უკვე არსებულ განსხვავებებზე კაპიტალიზაციის“ ფართო გამოცდილება – რაც საქართველოსნაირ ახალგაზრდა დემოკრატიაში კიდევ უფრო იოლია

;

გამოგონილი ახალი ამბები და საწინააღმდეგო ზომები 

ეს ჯგუფები აყალიბებენ ნარატივს, რომ საქართველოს სხვა მეზობლები პრობლემებს ქმნიან, გარდა ამისა, ისინი  ისლამოფობიას, ქსენოფობიას და ანტი-თურქულ სენტიმენტებს აღვივებენ, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. პატრიოტთა ალიანსის ბილბორდი მიანიშნებდა, თითქოს ამ რეგიონის ოკუპირებას მალე თურქეთი მოახდენდა. სრულიად პოლიტიკური სპექტრის კრიტიკისა და სამართლებრივი გამოწვევების შედეგად, ბილბორდი ჩამოხსნეს. 

ასევე გავრცელდა გამოგონილი ახალი ამბები იმის შესახებ, რომ სტამბოლში თურქი ნაციონალისტები ქართველებს თავს დაესხნენ. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის გამოყენებით, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარებმა  სტატიაში ნახსენები ქუჩის გეო-ლოკაცია დაადგინეს და გაარკვიეს, რომ ამ ფაქტთან ქართველებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ. დეზინფორმაცია საბოლოო ქართული მარშის აქტივისტის მიერ გავრცელებული აღმოჩნდა. 

ბოლოს და ბოლოს რა ამოძრავებს რუსეთს, როდესაც ის თავს ესხმის დემოკრატიას? ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას თანახმად, „რუსული ავტორიტარული სახელმწიფო ფიქრობს, რომ მას ლიბერალურ დემოკრატიებთან შედარებით უპირატესობა აქვს – ავტოკრატიები უფრო სტაბილურნი არიან, ამდენად მათ გრძელვადიანი გეგმის შემუშავება შეუძლიათ“. 

საინფორმაციო ომისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ქუთელიას აზრით, „განვითარებადი დემოკრატიების გაძლიერებაა“. 


ჯეიმს ჯეკსონი
Deutsche Welle”-ს ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული