კონფლიქტები

რა დაიწვა ალ-აკსას მეჩეთის მახლობლად და რა ხდება რეალურად ისრაელსა და ღაზის სექტორში?

13 მაისი, 2021

12 მაისს “ხარისხის არხის” ტელეწამყვანმა, დავით გიორგობიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ალ-აკსას მეჩეთთან შენობა იწვის, რაც აპოკალიფსური ნიშანია. გიორგობიანი წერს, რომ “იუდეველებს უხარიათ საკუთარ ქალაქში დაბომბილი და მუსულმანური მეჩეთის სიახლოვეს აალებული შენობის ხილვა”. პოსტს თან დართული აქვს ვიდეო, რომელზეც ჩანს მეჩეთის სიახლოვეს კვამლი და მოედანზე შეკრებილი ხალხი, რომლებსაც ისრაელის დროშები აქვთ. პოსტში გიორგობიანი სვამს კითხვას: “საინტერესოა, ვისგან გასროლილი რაკეტა დაეცა ოქროს გუმბათის სიახლოვეს” და ამით მიანიშნებს, რომ ხანძარი რაკეტის დაცემამ გამოიწვია. ამავე პოსტში გიორგობიანი მოსახლეობას აფრთხილებს არ გაიკეთონ “რადიოაქტიური ვაქცინები”.

;
13 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევა. პოსტის ავტორი ისრაელს ტერორიზმში ადანაშაულებს და წერს, რომ შენობაში უამრავი ოჯახი ცხოვრობდა და რამდენიმე მედია საშუალება იყო განლაგებული.

;
12 მაისს კი ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ ისრაელში მიმდინარე მოვლენები “ვითომ ტერორისტული აქტია”, სინამდვილეში კი “დიდი რელიგიური გადატვირთვაა”, რისი მიზანიც ახალი მსოფლიო ლიდერის გამოჩენა და გამეფებაა. ამავე დღეს ვიდეო გამოაქვეყნა მომხმარებელმა “სამყარო სამყარო”, რომელშიც რუსულ ენაზე ნათქვამია, რომ ყველაფერი სპექტაკლია და თავდასხმების უკან არა ჰამასი, არამედ თავად ისრაელის მთავრობა დგას.
;;
დავით გიორგობიანის პოსტი რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს. ალ-აკსას მეჩეთის სიახლოვეს არ დამწვარა შენობა. ცეცხლი ხეს ეკიდა და მალევე ჩააქრეს. ხანძარი რაკეტის დაცემას არ გამოუწვევია. მოედანზე შეკრებილები არა შენობის დაწვას, არამედ იერუსალიმის დღეს აღნიშნავდნენ. ამასთანავე, ვაქცინები რადიოაქტიურ ნივთიერებას არ შეიცავენ. ღაზის სექტორში მრავალსართულიანი კორპუსის ნგრევის შესახებ პოსტი, სადაც ისრაელი ტერორიზმშია დადანაშაულებული კონტექსტის გარეშეა და არ არის მითითებული, რომ სარაკეტო დარტყმამდე მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, ხოლო შენობაში განთავსებული მედია ჰამასთან არის აფილირებული. დათო სალუქვაძის და სამყარო სამყაროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიის ელემენტებს შეიცავს.

ვიდეო, რომელიც დავით გიორგობიანმა გაავრცელა სოციალურ მედიაში 11 მაისს გამოჩნდა. ებრაულ და არაბულენოვანი პოსტების გარდა ვიდეო წარწერით “სასწრაფოდ! ალ-აკსა ცეცხლშია” YouTube-ზე გამოაქვეყნა რუსმა აქტივისტმა რუსლან კურბანოვმა. თუმცა, კურბანოვის ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს, რომ ცეცხლი ხეს უკიდია, რაც გიორგობიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არ გვხვდება.

ორშაბათს, 10 მაისს ალ-აკსას მეჩეთთან ახლოს ცეცხლი ხეს წაეკიდა, თუმცა ხანძარი მალევე ჩააქრეს და შედეგად მეჩეთი არ დაზიანებულა. ხე მეჩეთიდან დაახლოებით 10 მეტრში დგას.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი რაკეტის ჩამოვარდნა არ ყოფილა, როგორც ამას გიორგობიანი პოსტში დასმულ კითხვაში მიუთითებს. ხანძრის გამომწვევ მიზეზზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი პალესტინელების მიერ პოლიციის მისამართით ნასროლმა ფოიერვერკმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი პოლიციის მიერ ნასროლმა ხმოვანმა ყუმბარამ. ისრაელის პოლიციის მიხედვით, ცეცხლი ფოიერვერკმა გააჩინა.

პოსტში გიორგობიანი ირწმუნება, რომ “იუდეველებს უხარიათ საკუთარ ქალაქში დაბომბილი და მუსულმანური მეჩეთის სიახლოვეს აალებული შენობის ხილვა”. რეალურად, ვიდეოში ასახული ებრაელები 10 მაისს იერუსალიმის დღეს ზეიმობდნენ.

1947 წლის გაეროს გეგმის მიხედვით, იერუსალიმი 10 წლის განმავლობაში ებრაულ და არაბულ ნაწილებად უნდა გაყოფილიყო, შემდეგ კი რეფერენდუმით გადაეწყვიტათ რომელ ქვეყანას შეუერთდებოდა. არაბებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და 1948 წლის 15 მაისს, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეორე დღეს იორდანიამ აღმოსავლეთ იერუსალიმი და ძველი ქალაქი დიაკავა. იერუსალიმის ამ ნაწილიდან გააძევეს ებრაელი მოსახლეები. 1967 წლის ივნისში 6-დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა კონტროლი დაამყარა ძველ ქალაქზე. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ ყოველ წელს მარშით, რასაც პალესტინელთა ნაწილი პროვოკაციად მიიჩნევს.

თუმცა, ალ-აკსას მეჩეთთან ვითარება იერუსალიმის დღემდე რამდენიმე დღით ადრე დაიძაბა.

  • რა ხდება ისრაელში?

მუსლიმებისათვის წმინდა თვის, რამადანის დასაწყისში ისრაელმა დახურა ადგილი, სადაც პალესტინელები ტრადიციულად ამ დროს იკრიბებიან ხოლმე, რასაც 2-კვიანი დაპირისპირება მოჰყვა. ისრაელმა შეზღუდვა მოხსნა, თუმცა უკანასკნელ დღეებში დაძაბულობა შეიხ ჯარას უბანში პალესტინელების შესაძლო გასახლებამ კიდევ უფრო გაამწვავა. ებრაული ორგანიზაციამ, ნაჰალათ შიმონმა 1970 წლის კანონზე დაყრდნობით სასამართლოს მიმართა 1948 წელს ებრაელებისათვის ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდეთ მათ, ვინც საკუთრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენას შეძლებს, რაც შეიხ ჯარას უბნიდან რამდენიმე პალესტინური ოჯახის გასახლებას გულისხმობს. პალესტინელები კანონის გამოყენებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის მათ არ აძლევს საშუალებას იდავონ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად. სასამართლო განხილვა გადაიდო, თუმცა დაძაბულობა დაპირისპირებაში გადაიზარდა.

7 მაისს ისრაელის პოლიცია მობილიზებული იყო ალ-აკსას მეჩეთთან, სადაც ათასობით მლოცველი შეიკრიბა. უცნობია, კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ შეკრებილები პოლიციას ქვებს, სკამებს, ფეხსაცმელებს და ფოიერვერკს ესროდნენ. პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები. დაშავდა 136 ადამიანი, მათგან 83 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

10 მაისს, იერუსალიმის დღის შემდეგ დაძაბულობის გამწვავების შედეგად, წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, დაშავდა 305 პალესტინელი, მათგან 228 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით დაშავდა 21 ოფიცერი.

შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა, უშიშროების ძალები ალ-აკსას მიმდებარე ტერიტორიიდან და შეიხ ჯარას უბნიდან გაეყვანა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით 6 რაკეტა გაუშვა. ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტა გაისროლა ისლამისტური მოძრაობა პალესტინური ისლამისტური ჯიჰადის შეიარაღებულმა ფრთამ, ალ-კუდსის ბრიგადებმაც. ისრაელის თავდაცვის სისტემამ თავდასხმის მოგერიება შეძლო. საპასუხოდ ისრაელმა დაბომბა ჰამასის სამიზნეები ღაზის სექტორში.

ჰამასმა ისრაელს კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. 10 და 11 მაისს კი თელ-ავივის და სხვა ქალაქების მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ღაზის სექტორიდან გაისროლეს 200-ზე მეტი რაკეტა. მათი დიდი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. 11 მაისის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. რამდენიმე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და მსხვერპლი გამოიწვია.  საპასუხოდ ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის სამიზნეებზე საჰარო დარტყმებს აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების მიხედვით, მოკლულია ჰამასის რამდენიმე ლიდერი. ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციის შედეგად ღაზის სექტორში 67 ადამიანი, ისრაელში კი 7 დაიღუპა.

სწორედ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად ორი ბომბი ჩამოაგდეს ღაზის სექტორში 14-სართულიან შენობაზე, რომლის ნაწილი ჩამოიშალა. შენობაში ჰამასის სატელიტი მედიის, ალ-აკსას ოფისი იყო განლაგებული. დაბომბვამდე ისრაელმა შენობის მაცხოვრებლები გააფრთხილა და ევაკუაციისაკენ მოუწოდა.

  • გიორგობიანის დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ

ფეისბუქ პოსტში დავით გიორგობიანი იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან გაჩენილ ხანძარს ანტიქრისტეს მოსვლას და ვაქცინებს უკავშირებს. გიორგობიანი წერს, რომ ვაქცინები რადიოაქტიურია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინების შემადგენლობაში არცერთი რადიოაქტიური ნივთიერება არ შედის. გიორგობიანს ვაქცინებში მძიმე მეტალების არსებობის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

;
რეალურად, ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის ალუმინი, რომელსაც იმუნური გამაძლიერებლის, ადიუვანტის ფუნქცია აქვს და იმუნური სისტემის პასუხის სტიმულირებას უზრუნველყოფს

აშშ-ში ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები - Pfizer, Moderna და Johnson & Johnson-ის ინგრედიენტების ჩამონათვალში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ კომპონენტს არ ვხვდებით. ალუმინს არც AstraZeneca-ს ვაქცინა არ შეიცავს. ალუმინის ჰიდროქსიდს მხოლოდ ჩინურ ვაქცინებში, CoronaVac-ისა  და Sinopharm ვხვდებით, თუმცა მათში შემავალი ალუმინის რაოდენობა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

ალუმინი, ადიუვანტის სახით გამოყენებულია  A და B ჰეპატიტის, პაპილომავირუსის და  პოლიომიელიტის, ტეტანუსის, დიფტერიისა და აცელულარული ყივანახველას  (DTaP) ვაქცინებში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ადიუვანტის  შემცველი ყველა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა კლინიკური კვლევებითაა დადასტურებული, ხოლო მათი ლიცენზირებისა და დამტკიცების შემდეგ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და სურსათისა და წამლის ადმინისტარაციის (FDA)  მიერ მუდმივად ხდება მათი კონტროლი.

ვრცლად ვაქცინების შემადგენლობის შესახებ გაეცანით “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებს:


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.