რა არის და რამდენად სანდო წყაროა VAERS-ი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

32
VIEWS

31 აგვისტოს ფეისბუქ პროფილმა Lu Ka, თავის ანგარიშზე გამოაქვეყნა ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ვიდეო, რომელშიც კოვიდ19-ის საწინააღმდგეო ვაქცინაციის შესახებ არის საუბარი. ვიდეოში უმეტესად რნმ ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხებია განხილული, ასევე აშშ-ში ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი ეფექტების აღრიცხვის სისტემის VAERS-ის მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც გიორგი კანდელაკი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

  • VAERS-ში გვერდითი ეფექტების მხოლოდ 1% აღირიცხება;
  • კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ სისტემაში სიკვდილის შემთხვევებზე შეტყობინებებმა საგრძნობლად მოიმატა და 9048-მდე გაიზარდა (2021 წლის 7 ივლისის მონაცემებით);
  • CDC-მა სიკვდილის შემთხვევებზე 2021 წლის 21 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემები 23 ივლისს ახსნა-განმარტების გარეშე გაანახევრა.

ვიდეოს ორიგინალი, რომელიც Dtube-ის პლატფორმაზეა ატვირთული, გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ პოსტში 29 აგვისტოს გააზიარა და აღნიშნა, რომ ვიდეო 1 თვის წინ არის ჩაწერილი. იმ საკითხების ნაწილზე, რომლებზეც კანდელაკი ვიდეოში საუბრობს, ფეისბუქ პოსტებიც აქვს გამოქვეყნებული.

"
რნმ ვაქცინებისა და VAERS სისტემის შესახებ გიორგი კანდელაკი ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს და ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. 

რა არის VAERS და გვერდითი ეფექტების რამდენი პროცენტი აღირიცხება სისტემაში?

VAERS ვაქცინების სავარუდო გვერდითი ეფექტების პასიური აღრიცხვის სისტემაა, რომელიც 1990 წელს შეიქმნა და აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა (CDC) და საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ ერთობლივად იმართება. სისტემაში შედის შეტყობინებები, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს, თუმცა, არის თუ არა ეს შეტყობინებები კავშირში ვაქცინასთან, ეს დამატებით მოწმდება, რაც CDC-ისა და FDA-ის  მიერ კლინიკური ინფორმაციის, გარდაცვალების მოწმობების,  აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების ანალიზს გულისხმობს.

რაც შეეხება აღრიცხვიანობას, მტკიცება, რომ სისტემა ვაქცინის შემდეგ გარდაცვალების და სხვა გვერდითი ეფექტების მხოლოდ 1%-ს ასახავს, Harvard Pilgrim Health Care-ის 2011 წლის ანგარიშში გვხვდება, თუმცა ის ყველა სავარაუდო გვერდით რეაქციას, მათ შორის უმნიშვნელო სიმპტომებს ეხება. რაც შეეხება უფრო სერიოზულ გვერდით ეფექტებს, შეტყობინებების რაოდენობა ბევრად მეტია და სხვადასხვა ვაქცინებზე ისეთ გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ანაფილაქსია, გილიან-ბარის სინდრომი, ინტუსუსცეფცია (ნაწლავის მძიმე დარღვევა), შეტყობინება, როგორც კვლევები აჩვენებს, 12%-დან 76%-მდე მერყეობს.

ის ფაქტი, რომ VAERS-ში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რაოდენობის 100%-ით შეტყობინება არ ხდება, ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სურათს მნიშვნელოვნაც არ ცვლის. მაგალითად, კოვიდ19-ის ვაქცინებთან ასოცირებული მძიმე გვერდითი რეაქციები VAERS-ში იმდენად იშვიათია, რომ ნაკლული მონაცემების გათვალისწინებითაც კი, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე რჩება და განგაშის საფუძველს არ ქმნის. ხაზგასასმელია ისიც, რომ VAERS-ში აღრიცხული მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევებიდან ყველა ვაქცინას არ უკავშირდება.

რატომ შედის სისტემაში სიკვდილის შემთხვევების მეტი შეტყობინება წინა წლებთან შედარებით?

გიორგი კანდელაკი ვიდეოში აღნიშნავს, რომ VAERS-ის 7 ივლისის მონაცემებით, სიკვდილზე შეტყობინებების რაოდენობა 9048-ა, რაც გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით მაღალი მაჩვენებელია. კანდელაკი აქვე განმარტავს, რომ ეს რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, თითქოს ყველა შემთხვევა ვაქცინით იყოს გამოწვეული, თუმცა ადარებს გრიპის ვაქცინის შემდეგ სისტემაში დაფიქსირებულ სიკვდილის შემთხვევებს და ამბობს, რომ რამდენიმე ასეულჯერ რაოდენობის ზრდა ნაკლებად დამაჯერებელია აიხსნას იმით, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე “გაფაციცებულ ექიმებს მასიურად შეყავთ” შეტყობინებები.

კოვიდ19-ისა და გრიპის ვაქცინების შემდგომი გვერდითი რეაქციების, მათ შორის სიკვდილზე, შეტყობინებების შედარება არარელევანტურია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის პროვაიდერები კანონით ვალდებულნი არიან, VAERS-ში შეიყვანონ ყველა სერიოზული შემთხვევა, რაც ვაქცინაციის შემდეგ განვითარდა, მათ შორის სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და შემდეგ გარდაიცვალა, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, შეტყობინება სისტემაში მაინც უნდა შევიდეს. სხვა ვაქცინების შემთხვევაში შეტყობინებების დაფიქსირება არის მხოლოდ წახალისებული და არა მკაცრად მოთხოვნილი, რაც იმან განაპირობა, რომ კოვიდ19-ის ვაქცინებს გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია მიენიჭათ, შესაბამისად მათკენ მეტი ყურადღება იყო მიმართული.

გარდა ამისა, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე თავდაპირველად პრიორიტეტი ხანდაზმულებს ენიჭებოდათ და 5 სექტემბრის მონაცემებით, 65-74 წლის 94.8%, ხოლო 75+ ადამიანებში 89.6%-ია აცრილი. ამ სტატისტიკის ფონზე ბევრი გარდაცვალება დაფიქსირდა ხანდაზმულთა პანსიონატებში, სადაც მცხოვრებლებს თანმხლები დაავადებები აქვთ და ყოველდღიურად სწორედ ამ დაავადებებით კვდებიან. გრიპის სეზონზე გარდაცვალების შემთხვევებზე შეტყობინებები ნაკლებ სავარაუდოა შევიდეს VAERS-ში, რადგან სამედიცინო პერსონალის მიერ მათი გრიპის ვაქცინასთან ასოცირება არ ხდება. კოვიდ19-ის შემთხვევაში კი, სიტუაცია განსხვავებულია, იმის მიუხედავად, ვაქცინამ გამოიწვია სიკვდილი თუ პაციენტის თანმხლებმა დაავადებამ, სისტემაში ამ შემთხვევების დაფიქსირება მაინც აუცილებელია.

როდის და რატომ შეცვალა CDC-მ სიკვდილის შეტყობინებებზე მონაცემები?

გიორგი კანდელაკი თავის ვიდეოპრეზენტაციაში გვაჩვენებს CDC-ის ვებ-გვერდის ორ სქრინშოტს, ორივე მათგანი 21 ივლისით არის დათარიღებული, თუმცა პირველზე სიკვდილის შეტყობინებების რაოდენობა 19 ივლისის მონაცემით 12 313-ია, მეორეზე კი 6 207. ამასთან დაკავშირებით, კანდელაკი ამბობს, რომ CDC-მ რაოდენობა ახსნა-განმარტების გარეშე გაანახევრა, ხოლო სლაიდზე, მისი განმარტებით, შეცდომაა და 21-ის ნაცვლად 23 უნდა ეწეროს. კანდელაკის განცხადება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ CDC-მ რაოდენობრივი მონაცემი 23 ივლისს შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კანდელაკი ვიდეოს დაახლოებით 22 წუთზე აცხადებს, რომ სიკვდილზე შეტყობინებებმა 12 ათასს გადააჭარბა, თუმცა მხოლოდ 45-ე წუთზე ამბობს, რომ რეალური რიცხვი 6 207-ია.

"
CDC-მ სტატისტიკა მართლაც შეცვალა და მედიასთან განმარტა, რომ რაოდენობის  განახლების დროს შეცდომა მოხდა, რადგან საიტზე შემთხვევით ადგილობრივი და უცხოეთის გაერთიანებული მონაცემები ასახეს. VAERS-ის სისტემაში დროდადრო ასევე შედის აშშ-ის ვაქცინების მწარმოებლების შვილობილი კომპანიების შეტყობინებები სხვა ქვეყნებიდან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მონაცემები არ ეხება აშშ-ის ტერიტორიაზე ადმინისტრირებულ ვაქცინებს, CDC მათ საიტზე აშშ-ის მონაცემთან ერთად არ აღრიცხავს. აღსანიშნავია, რომ შეცდომის გამოსწორება იმავე დღეს მოხდა.

განახლების ქრონოლოგია

არქივის მიხედვით, 7 ივლისს განახლებული მონაცემებით, რომელიც ვაქცინაციის დაწყებიდან 2021 წლის 6 ივლისამდე ადმინისტრირებულ ვაქცინებს მოიცავს, სიკვდილის შემთხვევების შესახებ VAERS-ში შევიდა 5 946 შეტყობინება, რაც ვაქცინის მიმღები ადამიანების 0.0018%-ია. მონაცემები კვლავ განახლდა 13 ივლისს (6,079 შეტყობინება) და შემდეგ 19 ივლისს, როდესაც CDC-მ ვებ-გვერდზე 12 313 სიკვდილის შეტყობინება აღნიშნა. შეცდომა საიტზე იმავე დღეს გამოსწორდა და ძველი, 13 ივლისის მონაცემი (6,079 შეტყობინება) დაბრუნდა.

6 207 შეტყობინება, რაც კანდელაკის ვიდეოში წარმოდგენილ სლაიდზეა ასახული, მომდევნო, 21 ივლისის განახლებაა და 19 ივლისამდე შეტანილ მონაცემებს მოიცავს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist