ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში ვუდრო უილსონის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.8k
VIEWS

2021 წლის 4 თებერვალს ყალბმა ანგარიშმა ლაშა მოდებაძე ფეისბუქზე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. მოდებაძის მტკიცებით, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბანკირთა კლანებმა – როკფელერების, როტშილდებისა და მორგანების ინიციატივით ამერიკასა და მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე გაბატონების მიზნით შექმნეს. პოსტში ნათქვამია, რომ ფედერალური რეზერვების აქტის ხელმოწერიდან სამი წლის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვუდრო უილსონიც ნანობდა, რადგან ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის შემდეგ ძალაუფლება ბანკირებს გადაეცათ და ისინი ერებზე გაბატონდნენ. მოდებაძე აღნიშნულ მტკიცებას  ვუდრო უილსონის 1916 წლის ციტატით ამყარებს.

ლაშა მოდებაძე: ”პრეზიდენტი ვილსონი ნანობს გადაწყვეტილებას ფედერალური სარეზერვო აქტის ხელმოწერის შესახებ. ის აღიარებს, რომ ძალაუფლება გადაეცა  ბანკირების  ჯგუფს, რომლებიც ახლა აკონტროლებენ და ბატონობენ ერზე. “მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ. მე უნებურად გავაფუჭე ჩემი ქვეყანა. დიდ ინდუსტრიულ ერს აკონტროლებს თავისი საკრედიტო სისტემა. ჩვენი საკრედიტო სისტემა კონცენტრირებულია. ამიტომ ერის ზრდა და ჩვენი მთელი საქმიანობა რამდენიმე კაცის ხელშია. ჩვენ ვიყავით ერთ – ერთი ყველაზე ცუდად მართული, ერთ – ერთი ყველაზე კონტროლირებადი და დომინირებული მთავრობა ცივილიზებულ სამყაროში. აღარ არის მთავრობა თავისუფალი აზრით, აღარ არის მთავრობა დამაჯერებლად და უმრავლესობის ხმით, არამედ მთავრობა დომინანტი, რომელიც კონტროლდება  მცირე ჯგუფის მიერ ”

1

2

პოსტი შემდეგ საჯარო ჯგუფებში გაზიარდა: ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი და კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა.

ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული პოსტი ვუდრო უილოსნის სიტყვების ფაბრიკაციაა. ციტატის ზოგიერთი ნაწილი უილსონს არასდროს უთვამს, ხოლო რამდენიმე წინადადება 1913 წელს გამოცემული კრებულის სხვადასხვა თავიდანაა ამოღებული და მათ ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან კავშირი არ აქვთ. წიგნი იქამდე გამოიცა, ვიდრე უილსონი “ფედერალური რეზერვების აქტს” მოაწერდა ხელს. 

ლაშა მოდებაძის მიერ გავრცელებული ციტატა კონსპირაციების გამავრცელებელ არაერთ ინგლისურენოვან გვერდზე იმავე კონტექსტით გვხვდება. ციტატის პირველი ორი წინადადება – “მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ. მე უნებურად გავაფუჭე ჩემი ქვეყანა.” ღია და სანდო წყაროებში არ იძებნება. ის გვერდები, რომლებიც აღნიშნულ ციტატას ვუდრო უილსონს მიაწერენ, კონკრეტულ წყაროზე არ მიუთითებენ. შესაბამისად უცნობია, როდის ან რა კონტექსტში თქვა ვუდრო უილსონმა ეს სიტყვები ან საერთოდ ეკუთვნის თუ არა მას ეს ციტატა.

რაც შეეხება ციტატის სხვა ფრაგმენტებს, ისინი ვუდრო უილსონის 1913 წელს გამოცემული წიგნის – “ახალი თავისუფლება” მე-8 და მე-9 თავებში გვხვდება, სადაც უილსონი მონოპოლიებისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ საუბრობს. აღნიშნული წიგნი 1912 წლებში უილსონის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო გამოსვლის წერილობით კრებულს წარმოადგენს, ხოლო “ფედერალური რეზერვების აქტს” უილსონმა ხელი 1913 წლის დეკემბერში მოაწერა. უილსონის საპრეზიდენტო კამპანიისას “ფედერალური რეზერვების აქტი” ჯერ საერთოდ არ განიხილებოდა. ამგვარად, გავრცელებული ციტატის ცალკეული ავთენტური ფრაგმენტები (მონიშნულია ყვითელი და მწვანე ფერებით) ფედერალურ სარეზერვო სისტემას არ უკავშირდება.

გაყალბებული ციტატა უილსონის წიგნის თავი 8 უილსონის წიგნის თავი 9
“მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ. მე უნებურად გავაფუჭე ჩემი ქვეყანა. დიდ ინდუსტრიულ ერს აკონტროლებს თავისი საკრედიტო სისტემა. ჩვენი საკრედიტო სისტემა კონცენტრირებულია. ამიტომ ერის ზრდა და ჩვენი მთელი საქმიანობა რამდენიმე კაცის ხელშია. ჩვენ ვიყავით ერთ – ერთი ყველაზე ცუდად მართული, ერთ – ერთი ყველაზე კონტროლირებადი და დომინირებული მთავრობა ცივილიზებულ სამყაროში. აღარ არის მთავრობა თავისუფალი აზრით, აღარ არის მთავრობა დამაჯერებლად და უმრავლესობის ხმით, არამედ მთავრობა დომინანტი, რომელიც კონტროლდება  მცირე ჯგუფის მიერ.” “ამ ქვეყნის მთავარი მონოპოლია მსხვილ კრედიტებზე მონოპოლიაა. ვიდრე ის იარსებებს, ჩვენი მრავალფეროვნება, თავისუფლება და განვითარებისაკენ ინდივიდუალური სწრაფვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დიდ ინდუსტრიულ ერს მისივე საკრედიტო სისტემა აკონტროლებს. ჩვენი საკრედიტო სისტემა კონცენტრირებულია. ამიტომ ერის ზრდა და ჩვენი მთელი საქმიანობა რამდენიმე კაცის ხელშია…” “ჩვენ არა ერთი, ორი ან სამი, არამედ ბევრი დამკვიდრებული და მძლავრი მონოპოლია გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვაქვს არა ერთი და ორი, არამედ ბევრი სფერო, რომლებში შეღწევაც თავისუფალი ადამიანისათვის, თუ არა შეუძლებელი, ძალიან რთულია. შევზღუდეთ კრედიტი, შევზღუდეთ შესაძლებლობა, ვაკონტროლებდეთ განვითარებას და  ჩვენ გავხდით ერთ – ერთი ყველაზე ცუდად მართული, ერთ – ერთი ყველაზე კონტროლირებადი და დომინირებული მთავრობა ცივილიზებულ სამყაროში. აღარ არსებობს მთავრობის თავისუფალი აზრი, აღარ არის მთავრობის თავდაჯერებულობა და უმრავლესობის არჩევანი. მთავრობა იმართება დომინანტი ადამიანების მცირე ჯგუფთა მოსაზრებებითა და ძალით.”

აღსანიშნავია ისიც, რომ “ფედერალური რეზერვების აქტი” და ზოგადად, ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ვილსონის საარჩევნო პროგრამასა და კერძო ბიზნესში არსებულ მონოპოლიებთან ბრძოლის პოლიტიკის გაგრძელება იყო. საბანკო და მონეტარული სისტემის რეფორმის შესახებ ამერიკის კონგრესში რამდენიმე წლიანი დებატების შემდეგ სწორედ ვუდრო უილსონის მხარდაჭერილმა პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც საბანკო სისტემაზე მთავრობის ცენტრალური კონტროლის დაწესებას გულისხმობდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist