ევროინტეგრაცია

პრემიერის და ანტი-დასავლური ჯგუფების 7 გზავნილი ევროკავშირის დახმარებასა და სასამართლო რეფორმაზე

9 სექტემბერი, 2021

31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ევროკავშირისგან აღარ აეღო მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, რომლის ოდენობაც 75 მილიონ ევროს შეადგენდა. მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა. ამავე დღეს ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ევროკავშირში, სადაც განმარტეს, რომ საქართველო მაკროსაფინანსო დამხრების მორიგ ტრანშს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ აიღებდა. დახმარების წინაპირობას სასამართლო სისტემის რეფორმა წარმოადგენდა.

ღარიბაშვილის განცხადებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა ანტი-დასავლურ და ანტი-ლიბერალურ ჯგუფებში. კომენტარები გააკეთეს სამთავრობო ექსპერტებმა, ასევე ანტი-დასავლურმა, ანტი-ლიბერალურმა აქტორებმა და რუსეთთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა.

პრემიერ-მინისტრი: ირაკლი ღარიბაშვილი

სამთავრობო ექსპერტები: გია აბაშიძე, დავით ქართველიშვილი

ანტი-დასავლური მედია და ექსპერტი: საქინფორმი, ასავალ-დასავალი, ირაკლი გოგავა

პრო-რუსული პარტიები: პატიოტთა ალიანსი (გიორგი ლომია, ნანა დევდარიანი)

მათი გზავნილები 7 ძირითად მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ:

  1. 75 მილიონი რეალურად არა დახმარება, არამედ ვალია
  2. დასავლეთი ქართული სასამართლოს გაკონტროლებას ცდილობს 
  3. ქართული სასამართლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოებზე მოწინავეა
  4. უკრაინაში განხორციელებული სასამართლო რეფორმა ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს 
  5. დასავლეთი ვალებით საქართველოს დამონებას ცდილობს
  6. მიხეილს სააკაშვილის მმართველობის დროს დასავლეთი ქართულ სასამართლოს არ აკრიტიკებდა
  7. 75 მილიონის სანაცვლოდ საქართველოს ავღანეთიდან ლტოლვილები უნდა მიეღო
  1. 75 მილიონი ევრო არა დახმარება, არამედ ვალია

ამ შინაარსის გზავნილები გაავრცელეს როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე სამთავრობო ექსპერტმა გია აბაშიძემ, პარტიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიამ, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ და “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი: "რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება”.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი: “ არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი".

გია აბაშიძე: “მეორე ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ისაა, რომ ეს უფასო ფული არ არის. თუნდაც ევროკავშირი ამ 75 მილიონს დაბალი პროცენტით გვაძლევდეს, უკაცრავად და სესხი უფასო ფული არ არის.75 მილიონი 2%-იანი იქნებოდა თუ 20%-იანი, ის უკან საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნდეს.”

გიორგი ლომია, პარტიოტთა ალიანსი: “ეს არ არის დახმარება, ხალხნო, ეს არის ვალი, რომლის გასტუმრებას ჩვენ მოვუნდებით მრავალი ათწლეული... “

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: "ამ 75 მილიონიდან ევროსტრუქტურები 70-80 პროცენტს თავიანთ თავზე დახარჯავდნენ, ჩამოვიდოდნენ მათი ექსპერტები, ჭკუას დაგვარიგებდნენ, როგორ უნდა გავაკეთოთ სასამართლო რეფორმა, ფეშენებელურ სასტუმროებში უზრუნველყოფილად იცხოვრებდნენ და ჩვენ კი ვალად დაგვრჩებოდ.” (ასავალ-დასავალი, 6 – 12 სექტემბერი)

ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟუნრალისტი: “გეგონება, ამ ფულს ვალად კი არ გვაძლევდნენ, არამედ კეთილი ბიძიებივით და დეიდებივით გვჩუქნიდნენ!” ( 6 – 12 სექტემბერი)

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროსაფინანსო დახმარების მიღების შესახებ მემორანდუმი 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა. მსგავსი დახმარება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში ევროკავშირმა სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც გამოუყო, მათ შორის მოლდოვას და უკრაინას. პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირმა 2020 წელს სულ 1.5 მილიარდი ლარი გამოყო, რომლის ⅔ საქართველოს გრანტის სახით გადაეცა, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით.

მემორანდუმით გათვალისწინებული 150 მილიონი ევროს პირველი ნაწილი ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო. შეთანხმების მიხედვით, თანხის მიღება, რომელიც საქართველოს დაბალი საპროცენტო განაკვეთით გადაეცემოდა, დამოკიდებული იყო წინაპირობების შესრულებაზე. მათ შორის იყო მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე შრომის, საპენსიო, ბიზნესის და ენერგოეფექტურობის მიმართულებით გასატარებელი რეფორმები. 

  1. დასავლეთი ქართული სასამართლო სისტემის გაკონტროლებას ცდილობს

მსგავსი შინაარსის გზავნილები გააჟღერა “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” დირექტორმა ირაკლი გოგავამ. ირაკლი გოგავას ინტერვიუ 3 სექტემბერს ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული “ალტ-ინფოს” ეთერში გავიდა, თუმცა მანამდე 31 აგვისტოს მან ამავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ სესხს ვალდებულება მოჰყვებოდა, რომლის მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, სადაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევნდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ. 

ირაკლი გოგავა, “საქართველოს განვითარების ლაბორატორია”: აქ საქმე იმაშია, რომ სასამართლო 2 მიზანს ემსახურება, პირველი - უცხოური ბიზნესი, რომელიც აქ არის და იქნება, დაიცვას ადგილობრივის ხარჯზე და მეორე - სასამართლო წყვეტს საარჩევნო დავებს. დასავლეთს და უცხოეთს ყოველთვის ყავს თავისი ფავორიტი ძალები და ცხადია მათი შერჩეული მოსამართლეები ასე მოიქცევიან.”

2 სექტემბერს გოგავას პოსტი ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია “ერის” ფეისბუქ გვერდზეც უცვლელი სახით გამოქვეყნდა.

"

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 6-12 სექტემბრის ნომერში კი გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ქართველო, ხელი ფულს უკარ!”.

ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: ”პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ევროპარლამენტარებმა არამარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს გაუმართეს - თუ სასამართლო რეფორმას ისე არ გაატარებთ, როგორც ეს ჩვენ და  ნაცოპოზიიას გვსურს, მაშინ 75 მილიონ ევროს ვერ ეღირსებითო!” ( 6 – 12 სექტემბერი)

"
 ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროსაფინანსო დახმარების მიღების შესახებ მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ხარისხი უნდა გაეზარდა, მთავრობას კი 2017 და 2019 წლებში მიღებული რეფორმების პაკეტების შესაბამისად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და მათი შერჩევის კრიტერიუმები მეტად გამჭვირვალე უნდა გაეხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაცეიბს შესაბამისად პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შესახებ კანონპროექტი  წარედგინა და არსებული წესების პირობებში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნისაგან დროებით შეეკავებინა. სწორედ ეს პუნქტი დაირღვა, როდესაც მიმდინარე წლის 12 ივლისს პარლამენტმა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ბოიკოტის ფონზე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 6 კანდიდატი აარჩია.

როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ჩამოთვლილი პირობები, კონკრეტულად კი დემოკრატიული მექანიზმების შექმნა, მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვა ასოცირების შეთანხმებითაც არის გათვალისწინებული, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.

საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემას ევროკავშირის და აშშ-საგან კრიტიკა არაერთხელ დაუმსახურებია. 12 ივლისს მოსამართლეთა დანიშვნას გამოეხმაურა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. მათი შეფასებით, პროცესი საკმარისად სამართლიანი და სანდო არ იყო და პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი საკმარის სამართლებრივ გარანტიებს კვლავინდებურად არ ითვალისწინებდა, რაც მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე უარყოფითად აისახებოდა. შეშფოთება დააფიქსირა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში  სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი მიუკერძოებლობა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

ევროკომისიის 2020 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ რჩებოდა. სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დასახელებული 2021 წლის თებერვალში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შეფასების დოკუმენტშიც.

აღსანიშნავია, რომ 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად სასამართლო რეფორმის გატარება აუცილებელი იყო. 31 აგვისტოს კი ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ კი გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

  1. ქართული სასამართლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლოებზე მოწინავეა

ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ მინისტრი: “საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.”

ღარიბაშვილის მტკიცება მანიპულაციურია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას სასამართლოს თავისუფლების და მართლმსაჯულების სისტემის კუთხით საქართველოზე უკეთესი შეფასებები აქვთ.

მაგალითისათვის, Freedom House-ი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობას 4-დან 2 ქულით აფასებს. ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოს მსგავსი შეფასება მხოლოდ უნგრეთს აქვს, მასზე ნაკლები კი მხოლოდ პოლონეთს.

ავსტრია

4/4

ირლანდია

4/4

ბელგია

4/4

იტალია

4/4

ბულგარეთი

3/4

ლატვია

3/4

ხორვატია

3/4

ლიეტუვა

3/4

კვიპროსი

4/4

ლუქსემბურგი

4/4

ჩეხეთი

3/4

მალტა

4/4

დანია

4/4

ნიდერლანდები

4/4

ესტონეთი

4/4

პოლონეთი

1/4

ფინეთი

4/4

პორტუგალია

4/4

საფრანგეთი

4/4

რუმინეთი

3/4

გერმანია

4/4

სლოვაკეთი

3/4

საბერძნეთი

3/4

სლოვენია

4/4

უნგრეთი

2/4

ესპანეთი

3/4

შვედეთი

4/4

   

World Justice Project-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კანონის უზენაესობის კუთხით 0.60 ქულა აქვს, ევროკავშირის ქვეყნების შეფასებებიდან კი ჩანს, რომ მათ უმეტესობას საქართველოზე მაღალი ქულა აქვს მიღებული. საქართველოზე დაბალი ქულა ამ ანგარიშში შესული ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ორს, ბულგარეთს და უნგრეთს აქვთ.

ავსტრია

0.82

ირლანდია

-

ბელგია

0.79

იტალია

0.66

ბულგარეთი

0.55

ლატვია

-

ხორვატია

0.61

ლიეტუვა

-

კვიპროსი

-

ლუქსემბურგი

-

ჩეხეთი

0.73

მალტა

-

დანია

0.90

ნიდერლანდები

0.84

ესტონეთი

0.81

პოლონეთი

0.66

ფინეთი

0.87

პორტუგალია

0.70

საფრანგეთი

0.73

რუმინეთი

0.63

გერმანია

0.84

სლოვაკეთი

-

საბერძნეთი

0.61

სლოვენია

0.69

უნგრეთი

0.53

ესპანეთი

0.73

შვედეთი

0.86

   

Heritage Foundation-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს ეფექტიანობის კრიტერიუმში საქართველოს 59.3 ქულა აქვს მიღებული. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოზე მაღალი შეფასება 16 ქვეყანას აქვს მიღებული, ნაკლები - 11-ს.

ავსტრია

83.5

ირლანდია

72.4

ბელგია

70.2

იტალია

62.3

ბულგარეთი

43.6

ლატვია

55.9

ხორვატია

41.1

ლიეტუვა

68.7

კვიპროსი

57.9

ლუქსემბურგი

77.6

ჩეხეთი

56.8

მალტა

57.3

დანია

86.9

ნიდერლანდები

72.8

ესტონეთი

80.8

პოლონეთი

48.9

ფინეთი

82.2

პორტუგალია

68.5

საფრანგეთი

69.2

რუმინეთი

63.1

გერმანია

69.8

სლოვაკეთი

44.4

საბერძნეთი

53.5

სლოვენია

56.3

უნგრეთი

52.4

ესპანეთი

65.4

შვედეთი

79.1

   

  1. უკრაინაში გატარებული სასამართლო რეფორმა სუვერენიტეტის გაყიდვა იყო

ამ შინაარსის გზავნილები გააჟღერეს სამთავრობო ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა და ირაკლი გოგავამ.

დავით ქართველიშვილი: “სუვერენიტეტის გაყიდვაში უკრაინელი პოლიტიკოსი იმასაც გულისხმობდა, რომ უკრაინის "Верховная Рада"-მ ა.წ. 29 ივნისს მიიღო საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი. კერძოდ, მან აღადგინა "მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის" (მუსკ) მუშაობა განახლებული ფორმატით.”

ირაკლი გოგავა, “საქართველოს განვითარების ლაბორატორია”: “შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს უკრაინაში, სადაც მსგავსი რამ კეთდება. იქ უფრო შორს არიან წასულები. მაგალითად სპეციალური პროკურატურა შექმნეს, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც უცხოეთი აკონტროლებს. გამოდის, რო საქართველომ უკრაინაზე მეტად დაიცვა თავისი სუვერენიტეტი ამ ასპექტში.”

29 ივნისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მოსამართლეთა უმაღლესი კვალიფიკაციის კომისიას აღადგენს, რომელიც 2019 წელს რეფორმების ფარგლებში დაიშალა. აღდგენილი და რეფორმირებული კომისია გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით, მოსამართლეობის კანდიდატებს პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე დაყრდნობით შეარჩევს. მოსამართლეთა უმაღლესი კვალიფიკაციის კომისიმ 2019 წელს შექმნილი უკრაინის უმაღლესი ანტი-კორუფციული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიც უნდა შეარჩიოს. 

ვენეციის კომისიის 2021 წლის დასკვნის მიხედვით, კომისია მოსამართლეთა უმაღლესი კვალიფიკაციის კომისიის წევრებით დაკომპლექტებაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას მიესალმება და მიაჩნია, რომ ამგვარად დაკომპლექტებული ორგანო მოსამართლეობის კანდიდატების მორალურობის, პატიოსნების და არაკორუმპირებულობის კრიტერიუმების მიხედვით შერჩევას შეძლებს. ვენეციის კომისიის მიხედვით, მიზეზი, რის გამოც სასამართლო რეფორმების და ანტიკორუფციული პროგრამების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის რეკომენდაციას გასცემენ, კორპორატივიზმის პრობლემის დაძლევა და უკრაინის მოსახლეობაში ნდობის ამაღლებაა.

  1. დასავლეთი ვალებით საქართველოს დამონებას ცდილობს

ამ შინაარსის გზავნილები გაავრცელეს სამთავრობო ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა, “საქინფორმის” რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა და “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტა ჯაბა ხუბუამ.

დავით ქართველიშვილი: “თურმე სწორედ სუვერენიტეტის დათმობის უკრაინულ ვარიანტს დათანხმდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სულ რაღაც 75 მილიონ ევროდ - ანუ იმ ტრანშის სანაცვლოდ, რომლის მიღებაზეც გუშინ საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა. ანუ, სუვერენიტეტის გაყიდვაზე განაცხადა უარი".

არნო ხიდირბეგიშვილი,  საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "თუ ქვეყანა ფულზე უარს ამბობს, ის კონტროლიდან გადის!" - პანიკაში ჩაცვივდნენ დასავლეთში. თბილისში კი გაქრა ბოლო ეჭვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე, მოლაპარაკებების დაწყება დაუყოვნებლივ შეიძლება".

ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: „საქართველოს მთავრობავ და პრემიერო ღარიბაშვილო, თქვენ თავი არ დაუხარეთ საერთაშორისო ლიბერალურ გეი-მაფიას და ლგბტ მარშს ხელი არ შუწყვეთ? ჰოდა, ფულსაც აღარ გასესხებთ!...

ახლა, როცა უცხო სახელმწიფოები და "დემოკრატიული იმპერიები" საქართველოს დამონებასა და დაკაბალებას დააპირებენ, საქართველოში უმალ უნდა გაისმას შეძახილი - "ქართველო, ხელი ფულს უკარ!" -  და ქართველმაც ფულს ხელი უნდა ჰკრას!” ( 6 – 12 სექტემბერი)

საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც, რომელმაც თქვა, რომ გაკვირვებულია მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება და ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს.

კელი დეგნანის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში, სადაც ანტი-დასავლური პოსტებით გამორჩეული ანგარიშები და გვერდები, ნიკა ასათიანი ჯგუფში “ანტილიბერალები”, დედოფალი და სარკრაზმელები, რომლებიც ამასთანავე ხშირად აზიარებენ ძალადობრივი ჯგუფების და პარტიების მესიჯებს, წერდნენ, რომ ვალის აღების იძულებით დასავლეთს სურდა საქართველო საკუთარ ვასალად ექცია.
"

"

  1. სააკაშვილის მმართველობის დროს დასავლეთი ქართულ სასამართლოს არ აკრიტიკებდა

ამ შინაარსის განცხადება “ალტ-ინფოს” ეთერში ირაკლი გოგავამ გააკეთა.

ირაკლი გოგავა, “საქართველოს განვითარების ლაბორატორია”: “რა თქმა უნდა, ლამაზი სიტყვებით გამოდიან, რომ კანონის უზენაესობა და ა.შ., მაგრამ ეს კანონის უზენაესობა უცხოეთიდან არავის გახსენებია სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც ღამის 2 საათზე მოსამართლეები იღებდნენ გადაწყვეტილებებს.”

ირაკლი გოგავამ ალტ-ინფოს ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს უცხოეთში კანონის უზენაესობა არავის გახსენებია, როდესაც მოსამართლეები ღამის 2 საათზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მსგავსი შინაარსის განცხადება წარსულში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც აქვს გაკეთებული.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი: „2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე, სამწუხაროდ, და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ. რაც სამწუხაროა და არაა სამართლიანი.“

მტკიცება, რომ დასავლელი პარტნიორები 2012 წლამდე საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემას არ აკრიტიკებდნენ მცდარია. სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შესახებ კრიტიკა გვხვდება როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ყოველწლიურ ადამიანის უფლებათა შესახებ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებულ ანგარიშში. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები ხშირად იყო განხილვის საგანი ევროპულ სტრუქტურებშიც.

ვრცლად 2012 წლამდე დასავლეთის მიერ ქართული სასამართლოს მისამართით გამოხატულ კრიტიკაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალა:

  1. 75 მილიონის სანაცვლოდ საქართველოს ავღანეთიდან ლტოლვილები უნდა მიეღო

6 სექტემბერს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში, გადაცემა “ღამის სტუდიაში” საუბრისას პარტია პატრიოტთა ალიანსის წევრმა ნანა დევარიანმა თქვა, რომ ერთ-ერთი ვერსიით 75 მილიონი ევროს დახმარების სანაცვლოდ საქართველოს ავღანეთიდან ლტოლვილები უნდა მიეღო.

ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსი: „სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსია ასეთიც მოვისმინე, რომ ეს დახმარება, 75 მილიონი, აფიშირებული არ იყო, მაგრამ მიბმული იყო ლტოლვილების მიღებაზე. რაზეც ხელისუფლებამ თქვა უარიო, მაგრამ ამაზე მე თავს ვერ დავდებ…”

კრემლთან დაკავშირებულმა აქტორებმა და კრემლისტურმა მედიამ ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების თაობაზე დეზინფორმაცია ადრეც გაავრცელეს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ავღანელი მიგრანტების მასობრივი შემოყვანა და დასახლება იგეგმებოდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


მოამზადა ქეთი ხუციშვილმა